დღეს, ქართული სპორტის დედოფალს, სიცოხლეშივე ლეგენდად ქცეულ ქართველ მოჭადრაკეს, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონ ნონა გაფრინდაშვილს 80 წელი შუესრულდა.
Sport4me.ge ნონა გაფრინდაშვილს დაუკავშირდა და მასთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა.
მუდამ და ყველგან პირველი: ქართული სპორტის დედოფალს 80 წელი შეუსრულდა
ახალგაზრდული წლები და პირველი ნაბიჯები ჭადრაკში
ჭადრაკის თამაში ძმებმა მასწავლეს. ისინი ხშირად ეჯიბრებოდნენ ამ სპორტში ერთმანეთს. ჩემი ძმა ზუგდიდის ნაკრებში იყო, როდესაც 1953 წელს მოსწავლეთა პირველობა იმართებოდა. გუნდში ერთი გოგოც sჭირდებოდათ და რადგან მეტ-ნაკლებად კარგად ვთამაშობდი, გუნდში მეც ამიყვანეს. იმ ტურნირზე თბილისის მოსწავლეთა სახლის ჭადრაკის განყოფილების ხელმძღვანელმა ვახტანგ ქარსელაძემ შემნიშნა და მშობლებს ურჩია ჭადრაკზე შევეყვანეთ. ის ჩემში დიდ მომავალს ხედავდა. გეტყვით, რომ მშობლები თავდაპირველად წინააღმდეგი იყვნენ, რომ გოგო სპორტს გავყოლოდი, მაგრამ ბატონი ვახტანგის დაჟინებული თხოვნით, თბილისში გადმოვედი საცხოვრებლად. საბედნიეროდ, თბილისში დეიდაჩემს ჰქონდა ბინა და მასთან ვცხოვრობდი. ჯერ თბილისის ჩემპიონატზე მეორე ადგილი დავიკავე, შემდეგ იყო საბჭოთა კავშირის ტურნირები და ეს პატარ-პატარა წარმატებები 1962 მსოფლიო ჩემპიონობით დაგვირგვინდა.
პირველი მსოფლიო ჩემპიონობა
პირველი მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვება ეს იყო დღე, რომელიც არასდროს დამავიწყდება. 1962 წელს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ელიზავეტა ბიკოვა ძალიან მარტივად 9:2 დავამარცხე. გამარჯვების შემდეგ, თბილისში მატარებლით ვბრუნდები და ყველა გაჩერებაზე ხალხი ოვაციებით მხვდებოდა. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში მომიწყვეს შეხვედრა. იმ საღამოს იქ ვახტანგ ჭაბუკიანიც გამოვიდა თავისი ნომრით და მას არ ჰქონდა ისეთი აპლოდისმენტები, როგორითაც მე დამაჯილდოვეს. შემდეგ, მსოფლიო ჩემპიონობა კიდევ ოთხჯერ მოვიპოვე. მიუხედავად, არაერთი ტიტულისა, ყველაზე დიდი ტიტული, რომელიც ცხოვრებაში მომიპოვებია, ეს ქართველი ხალხის სიყვარულია და ამას ყოველი ფეხის ნაბიჯზე ვგრძნობ.
ფეხბურთის სიყვარული
ამის შესახებ არაერხელ მითქვამს და ყველამ იცის, რომ ფეხბურთის ძალიან დიდი მოყვარული ვარ. ფეხბურთს, მით უმეტეს დიდ საფეხბურთო ტურნირებს, როგორებიცაა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატი, არასდროს ვტოვებ. ერთხელ იყო შემთხვევა, როდესაც ჭადრაკის მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატს დაემთხვა. თამაშები გვიან ღამით იყო, ამიტომ მთელ ღამეს ფეხბურთის ყურებაში ვათენებდი და შემდეგ დილით გამოუძინებელიც გავდიოდი ხოლმე შეჯიბრზე, მაგრამ ის ტურნირი მაინც ჩემთვის სასიკეთოდ დასრულდა.
რომ არა ჭადრაკი, ვინ იქნებოდა ნონა გაფრინდაშვილი
ამ კითხვაზე პასუხი გამიჭირდება. ბავშვობაში მეტ-ნაკლები წარმატებით ყველა სპორტს ვთამაშობდი და ალბათ სხვა რომელიმეს გავყვებოდი. ისე, ჭადრაკმა მომცა ყველაფერი და არ ვიცი ჭადრაკის გარეშე ვერ წარმომიდგენია ჩემი ცხოვრება.
GIPHY App Key not set. Please check settings