We have to change, from doubters to believers – ამ სიტყვებით დაიწყო იურგენ კლოპმა “ლივერპულური” კარიერა 2015 წელს. არასრულ 6 წელიწადში გუნდმა მოიგო ჩემპიონთა ლიგა, სუპერთასი, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სანუკვარი პრემიერლიგა. ხსენებულ ტიტულთა გარდა, კლუბმა 68-მატჩიანი დაუმარცხებელი სერიაც გამოაცხო “ენფილდზე” (პრემიერლიგის ეგიდით). თითქოს ყველაფერი იქითკენ მიდიოდა, რომ “ლივერპულმა” დაიბრუნა ძველი დიდება და ეს კლუბი ნებისმიერი ტურნირის ერთ-ერთ უმთავრეს ფავორიტად უნდა მიგვეჩნია.
2020/2021 წლების სეზონი კარგად დაიწყო. გუნდში ტიაგო ალკანტარა და დიეგო ჟოტა მოვიდნენ, რასაც წარმატებული პრემიერლიგური სტარტიც დაერთო, მაგრამ მერსისაიდული დერბი კლოპის გუნდისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. ჯორდან პიკფორდთან შეჯახების შედეგადად ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა მსოფლიოს ერთ-ერთმა საუკეთესო მცველმა, ვირხილ ვან დეიკმა და ტიაგოც სწორედ ამ მატჩში დაშავდა მძიმედ.
მიუხედავად უმძიმესი საკადრო პრობლემებისა, გუნდი ახერხებდა ცხრილის სათავეში ყოფნას. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპიც მარტივად დაიძლია, მაგრამ დეკემბრის ბოლოდან დაიწყო ნამდვილი კოშმარი. ჯერ ზედიზედ ორი ფრე “ნიუკასლთან” და “ვესტ ბრომვიჩთან”, შემდეგ მარცხი “საუთჰემპტონის” წინააღმდეგ, რასაც დაერთო ფრე “მანჩესტერ იუნაიტედთან”, წაგება “ბარნლისთან” (შინ, რითაც დასრულდა აღნიშნული 68-მატჩიანი სერია). ახლა კი ზედიზედ სამი მარცხი “ბრაიტონთან”, “სიტისთან” და “ლესტერთან”. ჩამოთვლილ 8 მატჩში “ლივერპულმა” 24 ქულა დაკარგა მაშინ, როდესაც მთლიანი 2019/2020 წლების სეზონის განმავლობაში გუნდმა 15 ქულა დაისაკლისა.
მიმდინარე სეზონში კლოპმა 14-ჯერ შეცვალა დაცვის ცენტრი, რაც აბსოლუტური რეკორდია. ვან დეიკის მძიმე ტრავმას ჯო გომესის კიდევ უფრო სერიოზული დაზიანება დაერთო, რაც ჟოელ მატიპის ტრავმამ დააგვირგვინა და ისე გამოვიდა, რომ სამივე ძირითადი ცენტრალური მცველი მთელი სეზონის განმავლობაში ლაზარეთში იქნებიან. ფაბინიოსა და ჰენდერსონის გამცველება აღარ გვიკვირს, მაგრამ გაჭირვების გადასალახავად იანვრის ბოლოს კლოპომ ოზან კაბაკისა და ბენ დეივისის ტრანსფერები გაჩარხა. კაბაკის დებიუტი მძიმე აღმოჩნდა. “ლესტერთან” მატჩში მეორე გოლი თურქი მცველისა და ალისონის უხეშ შეცდომას მოყვა.
შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე იურგენმა განაცხადა, რომ ტიტულისთვის ბრძოლა დასრულებულია. ახლა მთავარია გუნდმა ძალა მოიკრიბოს და სეზონი ოთხეულში დაასრულოს, რათა “ნაიკთან” გაფორმებული სარეკორდო შეთანხმება არ გაუქმდეს და უმაღლესი დონის მოთამაშეებს გუნდიდან წასვლის სურვილი არ გაუჩნდეთ.
სამშაბათს “ლივერპული” ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში ჩაერთვება და “ლაიპციგს” დაუპირისპირდება. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ეს დაპირისპირება, შესაძლოა, გარდამტეხიც აღმოჩნდეს. თუკი უფერულ შიდა სეზონს მერსისპირელები ჩემპიონთა ლიგაზე კარგი ასპარეზობით გადაფარავენ, შესაძლოა ქარიშხალმაც გადაიაროს.
ლაიპციგი vs ლივერპული: პროგნოზი, სტატისტიკა, კოეფიციენტები
ამასობაში მედიაც ალაპარაკდა კლოპის წასვლაზე, რასაც ლეგენდარული სტივენ ჯერარდის შესანიშნავი სამწვრთნელო საქმიანობა ერთვის “რეინჯერსში”, ხოლო თავის დროზე “ლივერპულის” მესაჭედ რომ აუცილებლად ჯერარდი მოვა, ეს ისედაც დღესავით ნათელია.
GIPHY App Key not set. Please check settings