in

ხვიჩას გაყიდვა არ მინდოდა, მაგრამ ჯუღელმა სხვა გზა არ დამიტოვა: რა მოხდა ნაპოლიში

“ნაპოლის” პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა Corriere della Sera-სთან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ში ტრანსფერის შესახებ ისაუბრა.

მოგეხსენებათ, “კვარა” პარიზულ კლუბს სწორედ “პარტენოპეიდან”, ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე, დაახლოებით 60 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა.

დე ლაურენტისის თქმით, მას ხვიჩას გასხვისება არ სურდა და ქართველთან ხელშეკრულების გახანგრძლივებას გეგმავდა, მაგრამ მისმა მენეჯერმა, მამუკა ჯუღელმა სხვაგვარი გადაწყვეტილება მიიღო.

“ეს უნდა გამეკეთებინა, რადგან მამუკა ჯუღელმა სხვა გზა არ დამიტოვა, იგი FIFA-ს მე-17 პუნქტის ამოქმედებით დაიმუქრა. ქართველის შთამბეჭდავი სადებიუტო სეზონის შემდეგ, მასთან ახალ კონტრაქტზე საუბარი დაუყოვნებლივ დავიწყეთ, რადგან ნათელი იყო, რომ ხვიჩას მოკრძალებული ხელფასის გამო, მის შეძენას უამრავი კლუბი მოისურვებდა.

აღმოჩნდა, რომ მის მენეჯერს, მამუკა ჯუღელს სხვა გეგმები ჰქონდა. ჯუღელს სხვა კლუბიდან ძალიან მაღალი საკომისიოსა და ასევე კვარასთვის ორნიშნა ხელფასის მიღება სურდა. გასულ წელს, გერმანიაში გამართული ევროპის ჩემპიონატის მსვლელობისას, მანა, კიაველი და მე დიუსელდორფში გავფრინდით საკითხის მოსაგვარებლად, მაგრამ მამუკა საქმეს კვლავ აჭიანურებდა და ამტკიცებდა, რომ ჯუნტოლი მას თანხას დაპირდა, რომელიც არ გადაუხადა

მას შემდეგ, რაც ხვიჩა კლუბიდან წავიდა, მის ჩანაცვლებას ვცდილობდით, მაგრამ ეს შეუძლებელია”, – განაცხადა დე ლაურენტისმა.

რას ნიშნავს FIFA-ს მე-17 პუნქტი?

აღნიშნული წესის თანახმად, 28 წლამდე ასაკის ფეხბურთელს გუნდში გადასვლიდან სამი წლის შემდეგ, შეუძლია მოქმედი კონტრაქტის გაწყვეტა და კლუბის დატოვება. მოთამაშემ ამისთვის უნდა შეასრულოს 3 პირობა: პირველი – აცნობოს გუნდს ბოლო ჩატარებული მატჩიდან 15 დღის შემდეგ; მეორე – მას ეკრძალება იგივე ლიგის კლუბში გადასვლა უახლოესი 1 წლის მანძილზე.

მესამე – ის გადაუხდის თავის ამჟამინდელ გუნდს კომპენსაციას ობიექტური კრიტერიუმების ფარგლებში. ზოგადად აღნიშნულ წესს მიმართავენ იშვიათად, რადგან მოთამაშეს არასდროს აწყობს თავისი კლუბისთვის კომპენსაციის გადახდა, მაგრამ როდესაც გამოუვალი მდგომარეობაა, ფეხბურთელს შესაძლოა სხვა გზა აღარ დარჩეს.

sportall.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მუნდიალის შესარჩევში საქართველოს მეტოქეები გაირკვა: ვინ დაემატა ესპანეთს