Crystalbet ეროვნული ლიგის სამ ტურში ქუთაისის “ტორპედომ” ორი შეხვედრა წააგო. ქუთაისელები “დინამოსთან” 0:4 განადგურდნენ. “საბურთალოსთან” კი 0:2 ფაქტობრივად უშანსოდ წააგეს. მართალია, ტორპედომ “დილას” დამარცხება მოახერხა, მაგრამ ქუთაისელი გულშემატკივრები საწყის ტურებში საყვარელი გუნდის თამაშითა და შედეგით უკმაყოფილო არიან და მთავარი მწვრთნელის გია ცეცაძის წასვლას ითხოვენ.
ამ განცხადების საპასუხოდ ქუთაისის “ტორპედომ” ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე კლუბის განცხადება გაავრცელა, რომელშიც წერია, რომ “ტორპედოს” ხელმძღვანელობა იზიარებს გულშემატკივრების პოზიციას, რომ განვლილ ტურებში გუნდმა არადამაკმაყოფილებელი შედეგები აჩვენა, მაგრამ მათი თქმით გუნდი შენების პროცესშია და ამ ეტაპზე რაიმე ცვლილებები არ იგეგმება.
გთავაზობთ, ქუთაისის “ტორპედოს” ოფიციალურ განცხადებას.
საფეხბურთო კლუბ, ქუთაისის „ტორპედოს“ ხელმძღვანელობა, მიზანშეწონილად მიიჩნევს დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია და მოსაზრება, ეროვნული ჩემპიონატის პირველ 3 ტურში, გუნდის მიერ ნაჩვენები შედეგების გამო, გულშემატკივართა მხრიდან გამოთქმული უკმაყოფილების შესახებ. “ტორპედოს” ერთგული გულშემატკივარი, გუნდისგან ყოველთვის მაღალი თამაშის ხარისხსა და შედეგს მოითხოვს, რომელიც კლუბის მოთხოვნის ანალოგიურია. მივიჩნევთ, რომ გუნდის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე და ფაქტებზე გააზრებული და არა ნაჩქარევი გადაწყვეტილებები იქნას მიღებული.ყველა ერთხმად ვთანხმდებით, რომ ჩატარებულ სამ შეხვედრაში მოპოვებული მხოლოდ ერთი გამარჯვება არ არის დამაკმაყოფილებელი შედეგი, თუმცა მთელი რიგი მიზეზების გამო ამ ეტაპზე რადიკალური საკადრო ცვლილებების განხორციელებისგან თავს ვიკავებთ. ვთვლით, რომ ჩემპიონატის საწყის ეტაპზე მყოფი გუნდისთვის, რომელიც შეთამაშების სტადიაზეა საუკეთესო გამოსავლი არ იქნება ცვლილებები. დღეს, „ტორპედო“ ახალი ხელმძღვანელობით, ახალი მწვრთნელებითა და ახალი ფეხბურთელებით, შენების პროცესის საწყის ეტაპზეა და ყველაზე მეტად გუნდს ახლა სჭირდება გვერდში დგომა, რომელიც გულშემატკივართა მხრიდან ტორპედოელებს არასოდეს მოკლებიათ.
GIPHY App Key not set. Please check settings