შოთა არველაძის „ჰალი“ ისევ დამარცხდა. ამჯერად შინ, 36-ე ტურის თამაში „ვესტ ბრომვიჩთან“ 0:2 წააგო. ამჟამად გუნდს 37 ქულა აქვს და მე-20 ადგილზე ჩავიდა. თუმცა, გასავარდნ ზონას 13 ქულა აშორებს.
უნდა ითქვას, რომ „ჰალ სიტიმ“ ზედიზედ მეოთხე საშინაო მატჩი წააგო. შოთას მისვლის შემდეგ გუნდმა მხოლოდ სადებიუტო საშინაო თამაში მოიგო („სუონსი“), მერე კი შინ ზედიზედ სამჯერ დამარცხდა.
„ვესტ ბრომვიჩი“ კი ჯერაც ინარჩუნებს პრემიერლიგაში გადასასვლელ პლეი ოფში მოხვედრის შანსს.
თამაშის შემდეგ კომენტარი გააკეთა შოთა არველაძემ:
„რთული თამაში იყო, ბევრი კარგი და პოზიტიური მომენტიც გვქონდა. პირველი ტაიმის ბოლო 25 წუთში მართლაც კარგი ფეხბურთი ვაჩვენეთ, ბურთი შევინარჩუნეთ, სწრაფად ვითამაშეთ, მაგრამ ორი შეცდომა დავუშვით, რამაც შედეგი გამოიწვია.
ბიჭებს ვუთხარი, რომ თავი მაღლა ასწიონ, რადგან ცუდად არ ვითამაშეთ. წაგებას არ ვიმსახურებდით. კარგი შანსები გვქონდა და კარგად ვითამაშეთ, მაგრამ ბოლო ფაზაში მოვიკოჭლებდით. დარწმუნებული ვარ, წარმატება მალე მოვა. მნიშვნელოვანი იყო ბიჭებისთვის მეთქვა, რომ ძალიან კარგი მომენტები გვქონდა. ამ დადებით მომენტებზე გუნდის აშენება და წინსვლა შეგვიძლია“.
აღსანიშნავია, რომ ტრიბუნაზე გამოჩნდა უკრაინის დროშა და ოკუპანტთან მეომარი ქვეყნის მხარდამჭერი წარწერა – football stands together (ფეხბურთი ერთად დგას).
GIPHY App Key not set. Please check settings