ორი კვირაც და ქართველი გულშემატკივრებისთვის ცხელი ზაფხული დაიწყება. საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგის ახალ გათამაშებას დაიწყებს და ივნისის დასაწყისში, 10-დღიან მონაკვეთში, 4 შეხვედრას ჩაატარებს. ვილი სანიოლის გუნდი ერთწლიანი პაუზის შემდეგ, თბილისში დაბრუნდება და 2 ივნისს, “დინამო არენაზე” გიბრალტარის ნაკრებს უმასპინძლებს. გიბრალტარის ნაკრები ის ერთ-ერთი იშვიათი გუნდია, რომლის წინააღმდეგაც საქართველოს ნაკრებს ძალიან კარგი სტატისტიკა აქვს. “ჯვაროსნები” მომავალ მეტოქეს 4-ჯერ შეხვდნენ და ყველა შემთხვევაში მოიგეს. ბურთების შეფარდება 13:2-ზეა საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ. ქართველებს გიბრალტარის წინააღმდეგ ყველა მატჩში სამზე მეტი ბურთი აქვთ გატანილი.
საინტეროსოა ისიც, რომ საქართველოს ნაკრებს არსებობის ისტორიაში 263 მატჩი აქვთ გამართული – 80 მოგება, 56 ფრე და 127 მარცხი, ბურთების შეფარდება 297:371-ზე. ასე რომ, ივნისში საქართველოს ნაკრების ისტორიაში მე-300 გოლის მოლოდინში ვართ.
გიბრალტართან მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრებს რთული გასვლითი მატჩები ელის. ვილი სანიოლის გუნდი ჯერ რაზგრადში ბულგარეთს ესტუმრება, ხოლო 9-ში სკოპიეში ჩრ.მაკედონიის ნაკრების წინააღმდეგ მოუწევს თამაში.
ბულგარეთთან ცუდი, უფრო სწორედ ძალიან ცუდი სტატისტიკა გვაქვს.- 1 მოგება, 1 ფრე და 4 წაგება. ამ 4 მარცხიდან ორჯერ 2:6. ბურთების შეფარდება 5:20-ზე ბულგარეთის სასარგებლოდ.
ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ კი, მთელ ერს დიდი რევანშის წყურვილი გვამოძრავებს. სწორედ, მაკედონიელებმა გადაგვიღობეს ოცნებისკენ მიმავალი გზა, როდესაც ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის ფინალში “დინამო არენაზე” 0:1 დაგვამარცხა. დანარჩენი 2 მატჩი ფრედ დასრულდა. 12 ივნისს კი, ბულგარეთს თბილისში მივიღებთ.
საქართველოს ნაკრებისთვის ერთა ლიგა საყვარელი ტურნირია. ამ ტურნირზე ჩვენმა გუნდმა 6 მატჩი მოიგო, 5 ფრედ დაასრულა და მხოლოდ ერთხელ დამარცხდა (შინ სომხეთთან 1:2) თუმცა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს ნაკრებს ერთა ლიგაზე ზედიზედ 5 მატჩია არ მოუგია (4 ფრე და 1 მარცხი).
GIPHY App Key not set. Please check settings