ხვიჩა კვარაცხელია ეროვნული ლიგის მეორე წრის საუკეთესო მოთამაშე გახდა: ნომინანტები ეროვნული ლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაასახელა.
რუსეთიდან საქართველოს ჩემპიონატში წამოსული კვარაცხელია ბათუმის „დინამოში“ და ზოგად ჩემპიონატში მართლაც ძალიან გამორჩეული იყო. ხვიჩამ 7 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და ერთი საგოლე პასიც მისცა.
აღსანიშნავია, რომ 21 წლის ფეხბურთელის გამო სტადიონებზე დასწრება გაიზარდა. ბათუმის „დინამოს“ მაყურებელი ისედაც არ აკლდა, მაგრამ კვარაცხელიას მისვლის შემდეგ საერთოდ სარეკორდო რაოდენობა დაფიქსირდა.
კვარაცხელიას მონაწილეობით ერთ-ერთ მატჩზე 18 ათასი ადამიანი მივიდა, ქუთაისში – „ტორპედოსა“ და ბათუმის „დინამოს“ შეხვედრას 14 ათასი ქომაგი დაესწრო, ხოლო თბილისში „დინამოების“ დერბის 22 ათასამდე მაყურებელმა უყურა.
ხვიჩა კვარაცხელია ივლისის დასაწყისში იტალიის „ნაპოლის“ შეუერთდება.
GIPHY App Key not set. Please check settings