in

ნაპოლის ამბები: დი ლორენცო მიდის, კვარა გაუშვითო, ოსიმენს მთხოვნელები ჰყავს

მიუხედავად „ნაპოლის“ პრეზიდენტის, აურელიო დე ლურენტისის განცხადებისა, რომ ხელშეუხებელი არავინაა, ახალი მწვრთნელი ანტონიო კონტე ყველა წამყვანი ფეხბურთელის შენარჩუნებას ცდილობს.

იტალიური მედიის ცნობით, მცველმა ჯოვანი დი ლორენცომ „იუვენტუსთან“ კონტრაქტი შეათანხმა. დი ლორენცოს პარასკევს კონტემ დაურეკა და უთხრა, რომ გუნდს მხოლოდ მის ცხედარზე გადაბიჯების შემდეგ დატოვებს, თუმცა დარჩენაზე ვერ დაიყოლია. კაპიტანმა მადლობა გადაუხადა და უპასუხა, რომ მისი ციკლი „ნაპოლიში“ დასრულდა და მიღებული გადაწყვეტილების შესახებ უკვე აცნობა კლუბს. „იუვენტუსი“ მზადაა ტრანსფერში 20 მილიონი ევრო გადაიხადოს, აურელიო კი 25 მილიონს მოითხოვს, რადგან იცის, 50 მილიონს 30 წლის ფეხბურთელში არავინ გადაუხდის, რომლის ფასი, transfermarkt-ის მიხედვით, 15 მილიონია.

დი ლორენცო „ნაპოლიმ“ „ემპოლისგან“ 2019 წელს 8 მილიონად შეიძინა, ხელშეკრულება 2026 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, გასულ სეზონში კი 47 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა. 2020 წელს ჯოვანის „მანჩესტერში“ გადასვლის ვარიანტი ჰქონდა, მაგრამ მხარეები ვერ შეთანხმდნენ და 2022 წელს ლორენცო ინსინიესა და კალიდუ კულიბალის წასვლის შემდეგ გუნდისთავი გახდა.

ვერ ხერხდება ვიქტორ ოსიმენის ევროპულ კლუბში გაყიდვა და ნიგერიელით საუდის არაბეთში“ „ალ ჰილალის“ სახით კიდევ ერთი კლუბი დაინტერესდა, რომელიც 120 მილიონის გადახდის მზადყოფნას გამოთქვამს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიში“ დარჩება. ადგილობრივი ჟურნალისტები მიიჩნევენ, რომ კონტეს ხელში კიდევ უფრო პროგრესირება შეუძლია, ხოლო იტალიის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, მსოფლიოს 1982 წლის ჩემპიონმა ფრანჩესკო გრაციანიმ Tele A-ს ეთერში განაცხადა, რომ ქართველი გუნდში მნიშვნელოვანი როლისაა, უფრო სასარგებლოც შეუძლია გახდეს, მაგრამ ბევრი რამ შეთავაზებებზე იქნება დამოკიდებული და თუ 80 მილიონის გადამხდელი გამოჩნდება, უნდა გაასხვისონ.

ანტონიო კონტე ტურინიდან ნეაპოლში ჩავიდა, სასტუმროში დაბინავდა, ახალ სპორტულ დირექტორთან, ჯოვანი მანასთან ერთად კასტელ ვოლტურნოს ბაზას ეწვია და პერსონალს გაეცნო. გულშემატკივრები რაღაც დიდის მოლოდინში არიან, მათ კი იმედები ჟურნალისტმა ენრიკო ფედელემ გადაუწურა, რომელიც, როგორც წესი, რასაც ფიქრობს, ყველაფერს პირდაპირ, ყოველგვარი დიპლომატიის გარეშე ლაპარაკობს – უმეტესად, სიმართლეს.

„კონტე სკუდეტოს მოგვაპოვებინებს? ძნელია. მოდით, ხალხის მოტყუებას თავი დავანებოთ! ახლა დიდი აჟიოტაჟია, რაც შეიძლება იმედგაცრუებამ შეცვალოს და კარლო ანჩელოტის ისტორია განმეორდეს. არის თუ არა „ნაპოლიში“ რომელუ ლუკაკუს, ხეფრენ ტიურამის და
ალესანდრო ბონჯორნოს გადმოსვლის შანსი? მხოლოდ მათი დამატებით ოქროს მედლებისთვის ბრძოლა წარმოუდგენელია. შეიძლება ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა მოხერხდეს. კონტე ნეაპოლში იმიტომ ჩამოვიდა, რომ მისი სამსახური სხვა კლუბებმა არ ისურვეს. დიდი ფეხბურთელების შეძენაა საჭირო, ახალი გუნდია შესაქმნელი, რაც ადვილი არაა. უკმაყოფილოებმა გუნდი უნდა დატოვონ. ეს სიმართლეა და დიდი პრობლემაა“, – განაცხადა ფედელემ რადიო Marte-ს ეთერში.

sportall.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჩვენი მეტოქეები: წაგებული თურქეთი უკეთესია, ვიდრე მოგებული ჩეხეთი

ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი ჩავია