საქართველოს ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის A ჯგუფში მეორე მატჩი გამართა. ბორჯღალოსნებმა ავჭალის სტადიონზე 5 ლელო დაუდეს ნიდერლანდებს და 31:10 აჯობეს.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა გიორგი კვესელაძე, რომელმაც ორი ლელო დადო.
მერაბ შარიქაძე ცენტურიონი გახდა, რომელსაც ეროვნულ გუნდში 100 მატჩი აქვს ჩატარებული.
საქართველო მესამე მატჩს ერთ კვირაში, 17 თებერვალს, შინ ესპანეთთან გამართავს (16:00 სთ).
შეგახსენებთ. პირველ შეხვედრაში ჩვენებმა გასვლაზე გერმანიას 28:17 მოუგეს.
საქართველო – ნიდერლანდები 31:10
ხაზი: 15. მირიან მოდებაძე (შავი ლომი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. გიორგი კვესელაძე (შავი ლომი), 12. მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, კაპ.), 11. ალექსანდრე თოდუა (შავი ლომი), 10. ლუკა მატკავა (შავი ლომი), 9. თენგიზ პერანიძე (შავი ლომი);
შერკინება: 1. გიორგი ახალაძე (ბეზიე), 2. ვანო კარკაძე (მონპელიე), 3. ირაკლი აფციაური (გრენობლი), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), 5. გიორგი ჯავახია (გრენობლი), 6. ილია სპანდერაშვილი (შავი ლომი), 7. ბექა გორგაძე (პო), 8. თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი).
მარქაფა: 16. ლუკა ნიორაძე (ორიაკი), 17. ბექა გიგაშვილი (ტულონი), 18. ალექსანდრე ქუნთელია (ლა როშელი), 19. გურამ ღანიაშვილი (გრენობლი), 20. ბექა შვანგირაძე (ორიაკი); 21. მიხეილ ალანია (ორიაკი), 22. თედო აბჟანდაძე (მონტობანი), 23. დემურ თაფლაძე (შავი ლომი).
ეს იყო პირველი მატჩი, რომელიც საქართველოს ნაკრებმა 2024 წელს საკუთარ მოედანზე ითამაშა და თან ახალი მწვრთნელის, რიჩარდ კოკერილის ხელმძღვანელობით.
საწყის წუთებში ჩვენებს ცოტა მღელვარება ეტყობოდათ, ანგარიშიც სტუმრებმა გახსნეს, მაგრამ თანდათან თამაში გამოასწორეს, დაახლოებით ტაიმის შუიდან უპირატესობას დაეუფლნენ და ტაიმის ბოლომდე ორი ლელოს დადება მოასწრეს (ორივე გარდასახვა ზუსტი იყო). პირველი ტაიმი 14:3 დასრულდა.
მეორე ნახევარი ქართველების სრული უპირატესობით წარიმართა და სამი ლელოს დადებაც მოახერხეს.
ბოლოსკენ სტუმრებმა დიდი ძალებით შემოგვიტიეს და ბოლო წუთზე საჯარიმო ლელოთი დასაჩუქრდნენ. საბოლოოდ საქართველომ ბონუსქულით მოიგო – 31:10.
საქართველოს ნაკრებს ორი ტურის შემდეგ ორი მოგება აქვს.
GIPHY App Key not set. Please check settings