მიუნხენის „ბაიერნმა“ ბუნდესლიგის მე-10 ტურში სტუმრად დორტმუნდის „ბორუსია“ გაანადგურა – 4:0. ბავარიელებმა ზედიზედ 4 მატჩი მოიგეს (საერთო ანგარიში 18:1) და მეორეზე არიან, 2 ქულით ჩამორჩებიან „ბაიერს“, „ბორუსია“ მე-4 ადგილზეა.
„ბაიერნი“ 11 მატჩია არ აგებს „დორტმუნდთან“ – 2019 წლის შემდეგ. მიუნხენელებმა 10 თამაში მოიგეს.
ბორუსია დ – ბაიერნი 0:4 (0:2, 0:2)
0:1 – 4 უპამეკანო, 0:2 – 9 კეინი, 0:3 – 72 კეინი, 0:4 – 90 კეინი.
ჰარი კეინმა ზედიზედ მეორე შეხვედრაში შეასრულა ჰეთ-თრიკი. წინა ტურში ინგლისელმა სამი გოლი „დარმშტადტს“ გაუტანა (8:0).
კეინი ჩემპიონატის ბომბარდირებში დაწინაურდა, 10 მატჩში 15 გოლი დაუგროვდა და 14 გოლიან „შტუტგარტის“ სერუ გირასის გაუსწრო.
კეინმა გაიმეორა და შემდეგ მოხსნა კიდეც კლაუს მატიშაკის რეკორდი. ეს გახლავთ ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც ბინდესლიგის პირველ 10 მატჩში 13 გოლი გაიტანა. „შალკეს“ ექს-ფეხბურთელმა ასეთი რამ 1963/64 წლების სეზონში გააკეთა.
სულ კი კეინმა 14 მატჩი ითამაშა „ბაიერნში“ და 17 გოლი და 7 ასისტი (24 ქულა 14 მატჩში) შეასრულა.
ჰარი კეინის ბომბარდირულ წარმატებაზე ტომას მიულერმა იხუმრა. თამაშის შემდეგ ინგლისელმა ტრადიციისამებრ ბურთი შინ წაიღო.
„მალე მას კიდევ ერთი ნომერი დასჭირდება სასტუმროში“, – იოხუნჯა მიულერმა.
GIPHY App Key not set. Please check settings