საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნითი შეხვედრა ნანტში „ნანტი მეტროპოლზე“ გამართა და ტურნირზე მესამე მარცხი განიცადა. ლევან მაისაშვილის გუნდი უელსს დაუპირისპირდა და დამარცხდა – 19:43. 2003 წლის მსოფლიო თასის შემდეგ, ეს იყო პირველი მსოფლიო პირველობა რაგბიში, რომელზეც საქართველოს ნაკრებმა გამარჯვება ვერ მოიპოვა – 1 ფრე; 3 მარცხი. არადა, უელსელებთან ნამდვილად ღირეულად ვიბრძოლეთ, მაგრამ ბოლოს კლასი აღარ გვეყო.
საწყისი წუთები გუნდებმა ერთმანეთის დაზვერვა გადაწყვიტეს და ე.წ. „პინგ-პონგი“ გააჩაღეს. ფეხით დარტყმულ ბურთებში უკეთ უელსელები გამოიყურებოდნენ, რადგან ერთხელ 50 22-იც გაგვიკეთეს, როდესაც საკუთარ მოედნიდან ბურთი ჩვენ 22-იან ზონაში ჩაგგვიგდეს. საქართველოს ნაკრესაც ჰქონდა რამდენიმე შეტევიც განხორციელების მცდელობა, უფრო ინდივიდუალური თამაშის ხარჯზე, ვიდრე დალაგებული, ფაზებზე აკინძული შეტევებით, მაგრამ ბოლო მომენტში მერაბ შარიქაძის პასის შემდეგ, გიორგი კვესელაძეს ბურთი წინ დაუვარდა და შეტევა განიმუხტა. კიდევ გვქონდა კარგი შესატევი პრასტარმი, მაგრამ საკუთარი დერეფანი წავაგეთ. უკვე, მერამდენედ გვიწევს ამის დაწერა, რომ დერეფანი საქართველოს ნაკრების „აქილევსის ქუსლია“. საბოლოოდ, უელესელბმა ფეხით დარტყმებით (ყველა საბრძოლო და მისწრებადი) კარგად დაგვწნეხეს. ნინიაშვილს დარტყმულზე დაუფარეს, რომლის შემდეგაც ბურთი მეტოქეს დარჩა. მართალია, უელსელთა შეტევის პირველი ფაზა ტაბუცაძის კარგი ბოჭვით გავაჩერეთ, მაგრამ უელსელებს ჯარიმის უპირატესობა ჰქონდათ. მოლიდან ბურთი მალევე გამოიტანეს, პატარ-პატარა მიძალებებით ჩვენი მორკინალები რაქში ჩაითრიეს და ტომას ფრანცისმა დაგვალელოვა.
შეხვედრა ისევ უელსელთა კარნახით გაგრძელდა. რამდენიმე ფაზიანი მიძალება, ხაზში შექმნილი უდიდესი უპირატესობა, რომელიც ლიამ უილიამსის ლელოთი დასრულდა. ერთი გარდასახვა ლიამ უილიამსმა შეასრულა ზუსტად, მეორე სემ კოსტელაუმ.
შეხვედრის 27-ე წუთზე რაქში ჩავარდნისთვის შეხვედრის ფრანგმა მთავარმა არბიტრმა მეტიუ რეინალმა ჩვენი ნაკრების გამოცდილი კვაჭი შალვა მამუკაშვილი დააჯარიმა. უელსელებმა ხელსაყრელი დისტანციიდან ჯარიმის კარში დარტყმა გადაწყვიტეს და სემ კოსტელოუმ სხვაობა 17 ქულამდე გაზარდა.
ამის შემდეგ, საქართველო გამოფხიზლდა და საკმაოდ დიდი დრო გაატარა უელსელთა ნახევარზე. მართალია, შალვა მამუკაშვილმა დერეფანი ისევ არასწორედ ააგდო, მაგრამ საქართველოს ნაკრების შეტევები გაგრძელდა. 5-მეტრიანში ამჯერად დერეფანი კარგად მოვიგეთ. ტრადიციული მოლი არ გამოგვივიდა, მაგრამ რამდენიმე მიძალების შემდეგ, ჩათვლის მოედანში ბურთის დამიწება ნაკრების კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ მოახერხა. ლუკა მატკავას გარდასახვა ზუსტია.
მოკლედ, პირველ ნახევარში უელსელებმა პირწმინდად დაგვჩაგრეს ფეხით თამაშში. ძალიან ცუდი იყო ლაშა ხმალაძე, რომელიც ფეხით დარტყმულ ბურთებზე პოზიციას არასწორად არჩევდა და დაცვაშიც ძალიან არასაიმედოდ მოქმედებდა.
მეორე ნახევარი საქართველოს ნაკრებმა თითქოს კარგად დაიწყო და რამდენიმე ფაზა ავკინძეთ, მაგრამ გიორგი კვესელაძის გაუაზრებელი, საშინელი პასი, რომლის შემდეგაც ბურთი ლუის რის ზამიტს ჩაუარდა და მასაც თავისი სისწრაფის ხარჯზე შეძლო ლელოს დადება. კოსტელაუს გარდასხვა ისევ ზუსტია.
მეორე ნახევარში ტერიტორიას საქართველოს ნაკრები აკონტროლებდა და მატჩის 59-ე წუთზე მეორე ლელოც გავიტანეთ. თავი ვანო კარკაძემ გამოიჩინა, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატს მოგვიანებით შეუერთდა. ლუკა მატკავამ გარდასახვა ზუსტად შეასრულა. მალევე კი, ქართული და მსოფლიო რაგბის ვარსკვლავის დავით ნინიაშვილის ჯერი დადგა, რომელმაც მაინც დადო თავისი ლელო და თან ძალიან ლამაზ ნახტომში. იგი შეფრინდა მეტოქის ჩათვლის მოედანში. მატკავას გარდასახვა გაუფუჭდა.
მეორე ტაიმი აშკარად უკეთ ჩავატარეთ, მაგრამ სწორედ ასეთ თამაშზე ითქმის კლასი არ გვეყო. ჩვენები შეტევაში გაერთნენ და დაცვაში სივრცეები დარჩათ, რომლითაც რუის ლის ზამიტმა ისარგებლა. კოსტელაუმ ისევ ზუსტად გარდასახა.
შეხვედრის 70-ე წუთზე ცოტა „მამაპურადაც“ გავივარჯიშეთ მუშტი-კრივში, რომლის შემდეგაც მეტიუ რეინალმა მოედნიდან დავით ნინიაშვილი და ტეინი ბეშამი გაასინბინა. უელსელებმა ბოლოს ისევ დაგვიდეს ორი ლელო და სხვაობა მაინც სოლიდური გახადეს, ისევ რუის ლის ზამიტი და ჯორჯ ნორსტი.
საბოლოოდ, 19:43 უელსის ნაკრების სასარგებლოდ, მაგრამ შეხვედრის მეორე ტაიმი საქართველოს ნაკრებმა საკმაოდ კარგად ჩაატარა და გამოჩნდა, რომ ამ გუნდს ნამდვილად მეტი შეუძლია. უბრალოდ, ასეთ დონეზე შეცდომები მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ. მესამე მარცხი ერთი ფრის წილ და მიუხედავად კარგი გამონათებებისა, საქართველოს ნაკრებმა 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ჩააგდო. გამოჩდა, რომ ერთ ტაიმს კარგად ვთამაშობთ, არადა მოსაგებად ორივე საჭიროა.
ტატო ნიკურაძე
ნანტიდან
GIPHY App Key not set. Please check settings