საქართველკოს ნაკრებს დღეს საღამოს ძალიან რთული მატჩი ელოდება ოსლოში ნორვეგიასთან. მეტოქე ისედაც ძლიერია, მაგრამ ახლა ორმაგად და ასმაგად, რადგან უკან დასახევი გზა მოჭრილი აქვს და აუცილებელად მოსაგები აქვს ევროზე გასვლის შანსი რომ შეინარჩუნოს. ფავორიტი ცხადია ნორვეგიაა, მაგრამ მისი ფეხბურთელები მაინც ფრთხილობენ.
ეს თამაში უნდა მოვიგოთ, მერე შემდეგიც და ასე… ნორვეგია საქართველოსთან აუცილებელ სამ ქულას გეგმავს
დორტმუნდის „ბორუსიას“ მცველი იულიან რიერსონი:
„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მეტოქე ესპანეთთან დიდი ანგარიშით დამარცხდა, მიმაჩნია, რომ საკმაოდ ძლიერები არიან. თუ ვითამაშებ, კვარაცხელიას მეურვეობა მომიწევს. ის ძალიან ძლიერია, კვარადონა შეარქვეს, რაც ჩემს სიტყვებს ადასტურებს. მნიშვნელოვანია, რომ მის წინააღმდეგ თავი კოლექტიურად დავიცვათ, მეტოქის ძლიერ ინდივიდუალისტ ფეხბურთელებს სწორედ ასე შევაჩერებთ“.
„ვალერენგას“ მცველი შტეფან სტრანდბერგი:
„საქართველოს ნაკრებს ესპანეთის წინააღმდეგ თამაში ცუდად წაუვიდა, მაგრამ არავინ იფიქროს, რომ ნორვეგიას ადვილი შეხვედრა ელის, მაგრამ ჩვენ მხოლოდ მოგება დაგვაკმაყოფილებს.
საქართველოს დიდი ხანია საკუთარ მოედანზე არ წაუგია, მაგრამ ესპანეთმა 7:1 დაამარცხა. მასპინძლებმა ბევრი ინდივიდუალური შეცდომა დაუშვეს. ქართველებმა გახსნილად ითამაშეს, მათი ტაქტიკაც განსხვავებული იყო, ამჯერად ოთხი მცველით გამოვიდნენ და არა ხუთით, როგორც ჩვენთან თამაშისას.
საქართველოს ნაკრები კარგი გუნდია, ძლიერი ფეხბურთელები ჰყავთ. მათ შემადგენლობაში „ოქროს ბურთის“ ნომინანტი ხვიჩა კვარაცხელია და „აიაქსის“ თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე თამაშობენ. უბრალოდ, ესპანეთმა თავისი შანსებით კარგად ისარგებლა. საქართველო ასეთი სუსტი გუნდი არაა, როგორც ესპანეთთან გამოჩნდა“.
ლონდონის „არსენალის“ ფეხბურთელი და ნაკრების კაპიტანი მარტინ ოდეგორი:
„დარჩენილი თამაშების მოგებას უნდა შევეცადოთ. თუ ამას შევძლებთ, ჯგუფიდან გასვლის შანსი გვექნება. ფაქტია, რომ უფრო რთულ მდგომარეობაში ვართ, ვიდრე ვისურვებდით.
რაც შეეხება ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსს. ნორვეგია ხშირად დომინირებს მატჩებში, მაგრამ ბევრი ბურთის გატანას ვერ ვახერხებთ. ამ მხრივ მდგომარეობა გასაუმჯობესელი გვაქვს და მჯერა, ამას მოვახერხებთ.
საქართველოს წინააღმდეგ თამაში წარმოუდგენლად მნიშვნელოვანია. ეს ის ნაკრებია, რომელთანაც სტუმრად 1:1 ვითამაშეთ, მაგრამ რამდენიმე დღის წინ მათ ესპანეთთან 1:7 წააგეს. მიმაჩნია, რომ მოგება ჩვენც შეგვიძლია. ამიტომ მოედანზე მაქსიმალურად მოტივირებულები გავალთ“.
ნორვეგიისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი 12 სექტემბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.
GIPHY App Key not set. Please check settings