ჩხოროწყუს „სამეგრელომ“ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე სლოვენიაში ადგილობრივი „მურა“ პენალტების სერიაში დაამარცხა.
ძირითადი დრო 0:0 დასრულდა, თერთმეტმეტრიანების სერიაში კი „სამეგრელოს“ გოგონებმა 5:4 მოიგეს.
აღსანიშნავია, რომ ჩვენმა გუნდმა თამაში 9 ფეხბურთელით დაასრულა, რადგან ანა პავლიაშვილი და მაიკო ბებია ორ-ორი ყვითლის გამო გააძევეს.
საქართველოს ჩემპიონი მინიტურნირის ფინალში გავიდა.
9 სექტემბერს, „სამეგრელო“ კვიპროსის “აპოლონს” შეხვდება.
გამარჯვებული მომდევნო ეტაპზე გადის და ქალთა ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში ითამაშებს, რომელიც ორმატჩიანია (შინ და სტუმრად). პლეი ოფის გამარჯვებულები ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში მოხვდებიან.
მურა – სამეგრელო 0:0 (პენ 4:5)
სამეგრელო: ნევეში, მილხევსკა, ახობაძე, ჰარვეი, ვილეგასი, ჯესიკა, ენჯიბაძე,
ჩიქოვანი (პავლიაშვილი 52), ჯანიკაშვილი (ბებია 37), მწყერაშვილი, ბუხრიკიძე
გაძევება: პავლიაშვილი (86), ბებია (96)
პენალტები გაიტანეს ჯესიკა და სილვამ, რუბი ვილეგა აგილარმა, ნინო ბუხრიკიძემ, ანა მილჩევსკამ და ლიზი მწყერაშვილმა, ხოლო „სამეგრელოს“ პორტუგალიელმა მეკარემ, ანდრეა ფერნანდეშ ნევეშმა ორი თერთმეტმეტრიანი დარტყმა მოიგერია და გუნდი ფინალში გაიყვანა.
გია კვარაცხელია („სამეგრელოს“ მთავარი მწვრთნელი):
„ჩხოროწყუს და საქართველოს ვულოცავ ამ წარმატებას, რომელიც, ჩემი აზრით, ქართული ქალთა ფეხბურთის სახელისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ყველა უპირობო ფავორიტად სლოვენიელებს მიიჩნევდა. ამას ისიც დაემატა, რომ 2 ფეხბურთელი გაგვიგდეს და, ფაქტობრივად, ორივე დამატებითი დრო 9 მოთამაშით ჩავატარეთ.
„მურა“ ძლიერი მეტოქეა და, ბუნებრივია, პირველ ნომრად ვერ ვითამაშებდით. ამიტომ თამაში კონტრშეტევებზე ავაწყვეთ. იყო მომენტები, როცა გადავრჩით. მაგრამ მთლიანობაში ფეხბურთელებმა დავალებები ძალიან კარგად შეასრულეს.
მთავარია სასურველ მიზანს მივაღწიეთ. ძალიან დიდი სამსახური გაგვიწია პორტუგალიელმა მეკარემ, რომელიც მაღალი დონის გოლკიპერია. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.
იმავეს ვიტყვი სხვა ლეგიონერებზეც – ჯესიკა და სილვაზე, რუბი ვილეგა აგილარსა და ანა მილჩევსკაზე. ყველა მათგანი „სამეგრელოს“ ძალიან გამოადგა და გუნდის წარმატებაში დიდი როლი ითამაშა.
ახლა ჯგუფის ფინალში „აპოლონს“ შეხვდებით. მის თამაშს ვუყურე ჩემს სამწვრთნელო სტაფთან ერთად. მონახაზი უკვე გვაქვს. მართალია, კვიპროსულმა კლუბმა 9:0 მოიგო, რადგან ბევრი ლეგიონერი ჰყავთ – 5 ამერიკელი, 3 შვედი, სხვებიც. ფინანსურადაც ძლიერი კლუბია, მაგრამ ბურთი მრგვალია და… ვნახოთ“.
GIPHY App Key not set. Please check settings