საქართველოს ნაკრების მცველი, 21 წლის საბა საზონოვი ისტორიული იტალიური კლუბის „ტორინოს“ ფეხბურთელი გახდა. ის მესამე ქართველია, ვინც ამ სეზონში სერია ა-ში ითამაშებს.
ტურინელები ახალგაზრდა ცენტრალური მცველის სანაცვლოდ მოსკოვის “დინამოს” 3 მილიონ ევროს გადაუხდიან.
„ბოლო პერიოდში ბევრი წინადადება მქონდა. ყველაფერი მალე მოხდა – ორი დღის წინ მოსკოვის დინამოში ვიყავი, დღეს კი ტორინოში ვარ. აგრესიული მცველი ვარ, იტალიის ჩემპიონატი კი საუკეთესო ადგილია იმისთვის, რომ გავიზარდო.
კვარა? ერთად ეროვნულ ნაკრებში ვთამაშობთ, ახლა კი ერთმანეთის წინააღმდეგაც მოგვიწევს. ის ბრწყინვალე ფეხბურთელია და კარგ გუნდშია, მაგრამ მეც შესანიშნავ გუნდში მოვხვდი“, – ამბობს საზონოვი.
დღევანდელ „ტორინოში“ არაერთი კარგი ფეხბურთელი თამაშობს. მათ შორის ნიდერლანდელი მცველი პერ სხუურსი, „ინტერის“ ყოფილი შემტევი, ფრანგი იან კარამო, ძალიან გამოცდილი შვეიცარიელი რიკარდო როდრიგესი, ხორვატიის ნაკრების საყრდენი ნიკოლა ვლაშიჩი, ფრანგი ფორვარდი ადრიან ტამეზე, კოტდივუარელი უკანახაზელი კოფი ჯიჯი, პოლონეთის ნაკრების სტაბილური წევრი კაროლ ლინეტი, სერბეთის ნაკრების ფორვარდი ნემანია რადონიჩი და ამავე ნაკრების მეკარე, ვანია მილინკოვიჩ-სავიჩი.
„ტორინოს“ მწვრთნელი 48 წლის ხორვატი ივან იურიჩია.
GIPHY App Key not set. Please check settings