საქართველოს ნაკრებმა საოცარი მატჩი ითამაშა ლიეტუვასთან. თითქოს წაგებულ მატჩში (17-ქლუანი ჩამორჩენა იყო) ჩარხი მოატრიალა და ბოლოს ანგარიში გაათანაბრა. სირენას წამები აკლდა, მასპინძლებმა შეტევა ჩაგდებით ვერ დაასრულეს, დრო უკვე 0 წამს და რაღაც მეათედებს აჩვენებდა, როდესაც ფარიდან ასხლეტილ ბურთს დააფარეს და 104:102 მოიგეს კიდეც.
არდანებებისა და ბოლომდე ბრძოლის ხიბლი: საქართველომ ლიეტუვასთან ბოლო წამზე წააგო
მიუხედავად ძლიერ მეტოქესთან წაგებისა, ბოლომდე გამოვლენილი ბრძოლის გამო ჩვენს გუნდს შექება ეკუთვნის. ეს მატჩის შემდეგ ჩვენმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმაც აღნიშნა:
„ძალიან ვამაყობ ჩემი მოთამაშეების ძალისხმევით. გუნდმა მეორე ნახევარში ძალიან კარგი კალათბურთი შემოგვთავაზა. აუცილებლად უნდა ვითამაშოთ უკეთესი დაცვა, ეს ის სათამაშო კომპონენტია, რომლის გაუმჯობესებაც აუცილებლად გვმართებს.
მსოფლიო ჩემპიონატზე, იმ გუნდებს, რომლებიც კარგ დაცვას ითამაშებენ, შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი ექნებათ. დაცვის გამოსწორება დიდ ენერგიას, კონცენტრირებას საჭიროებს, აუცილებლია უკეთ მოვხსნათ ბურთი. ბოლო წამზე სწორედ მეტოქის მოხსნა გამოგვეპარა და თამაში კონცენტრირების ნაკლებობის გამო დავთმეთ.
ძალიან კმაყოფილი ვარ გუნდის შემართებით და ძალისხმევით, მოხარული ვარ ახალგაზრდა კალათბურთელების თამაშით. მუშაობა უნდა განვაგრძოთ“.
კაზის მაკსვიტისი (ლიეტუვის ნაკრების მთავარი მწვრთნელი):
„დასაწყისი კარგი იყო, სამი მეოთხედი ვდომინირებდით, თუმცა უკანასკნელ მეოთხედში პრობლემები დაგვეწყო. 100 ქულაზე მეტის ჩაგდება კარგია, თუმცა საკუთარ კალათშიც 100-ზე მეტი მივიღეთ. მიხარია, რომ მსგავსი ტიპის თამაში გამოვიდა, რადგან ახლა ზუსტად ვიცით, რა კომპონენტის გაუმჯობესებაზე უნდა ვიმუშაოთ. პირველ რიგში, დაცვაში თამაშია გასაუმჯობესებელი.
როცა დაბალი ხუთეულით ვთამაშობდით, მეტოქე უკეთესი იყო. ძალიან დიდი მოულოდნელობა იყო საქართველოს ნაკრების პრესინგი მთელ მოედანზე, ამან დაგვაბნია. სასიამოვნოა, რომ ეს ახლა მოხდა და სიტუაციის ანალიზისთვის დრო გვაქვს. ამხანაგური მატჩები ზუსტად იმისთვისაა, რომ ხარვეზები დაინახო და მის გამოსწორებაზე იფიქრო“.
მსოფლიო პირველობისთვის მოსამზადებელ ეტაპზე საქართველოს ნაკრები მორიგ შეხვედრას 5 აგვისტოს, ლატვიის ნაკრებთან ჩაატარებს.
GIPHY App Key not set. Please check settings