რას ნიშნავს მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში ქვეყნისა და საკალათბურთო ნაკრებისთვის? – ამ შეკითხვით დავიწყეთ ინტერვიუ საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელთან, ილიას ზუროსთან.
მისი ხელმძღვანელობით „ჯვაროსნებმა“ შესარჩევ ეტაპზე უკან მოიტოვეს ნიდერლანდები, უკრაინა, ჩრდილოეთ მაკედონია, ისლანდია და მოიპოვეს მუნდიალის საგზური, რომელიც (25 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით) იაპონია-ინდონეზია-ფილიპინებზე გაიმართება.
საქართველოს ნაკრები მოხვდა ჯგუფში (სლოვენია, კაბო ვერდე, ვენესუელა), რომლის მატჩები იაპონიის კუნძულ ოკინავაზე გაიმართება.
– ასეთ ფორუმზე მოხვედრა ქართული კალათბურთის მნიშვნელოვანი წარმატებაა. ოლიმპიური თამაშები და მსოფლიო ჩემპიონატი ყველაზე დიდი საკალათბურთო მოვლენებია.
მსოფლიოზე პირველად ვართ. 100 პროცენტით მზად უნდა ვიყოთ, ვიბრძოლოთ და დავტკბეთ იქ გატარებული ყოველი წამით.
– რას ნიშნავს მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე გუნდის მწვრთნელობა?
– საკლუბო კარიერაში მომიგია ჩემპიონობა, თასები, მათ შორის აზიის ევროლიგა. თუმცა, ეროვნულ ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა სულ სხვა სიმაღლეა.
ეს არ არის კლუბი. შენ უკან მთელი ქვეყანა დგას. მიხარია, რომ ამ გუნდის ნაწილი ვარ. სიამოვნებას ვიღებ მომზადების პირველი დღიდან და ასევე იქნება მსოფლიო ჩემპიონატზე.
– შესარჩევი ეტაპის რომელი მატჩის შემდეგ დაიჯერეთ, რომ საქართველოს ნაკრები ფინალურ ეტაპზე მოხვდებოდა?
– როდესაც შესარჩევ ეტაპს ვიწყებდით, არ ვიცოდით, ვინ ითამაშებდა, მაგრამ მჯეროდა ჩემი გუნდისა და ვფიქრობდი ჯგუფიდან გასვლაზე. მნიშვნელობა არ აქვს, შესარჩევს თამაშობ, ოლიმპიადას, ევრობასკეტს თუ მსოფლიო ჩემპიონატს, ყოველთვის ცდილობ, საუკეთესოდ ითამაშო და მოიგო ყველა მატჩი.
მინდა, ყველას შევახსენო, რომ საქართველო იყო ჯგუფში, რომელშიც ორი მოგება ჰქონდა ჩრდილოეთ მაკედონიასთან. თუმცა, რუსეთის ტურნირიდან მოხსნის გამო ეს მოგებები ჩამოგვაკლდა. ასე რომ არ მომხდარიყო, ამ ორი მოგების წყალობით ჯგუფიდან გაცილებით იოლად გავიდოდით.
ამ ორწლიან საკვალიფიკაციო ეტაპზე ნაჩვენები თამაშის გათვალისწინებით მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლას 100 პროცენტით ვიმსახურებდით.
– გადამწყვეტი მატჩი თებერვალში, ისლანდიასთან იყო…
– მძიმე შეხვედრა გამოვიდა. როდესაც თამაშობ საკუთარ მოედანზე და ერთი მოგება გაკლია მსოფლიო ჩემპიონატამდე, წნეხი კიდევ უფრო იზრდება. დიდი სტრესია.
გასათვალისწინებელია დაღლილობის ფაქტორიც. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თოკო შენგელიამ ძალიან მოკლე დროში ბევრი მატჩი გამართა, ბევრი იმგზავრა. უნდა გავიაზროთ, რომ კალათბურთელები მანქანები არ არიან… რთული წარმოსადგენია, ამდენი მგზავრობის, ამდენი რთული მატჩის შემდეგ როგორ პოულობენ ენერგიას უმაღლეს დონეზე სათამაშოდ.
მიხარია, რომ ბოლოსდაბოლოს მიზანს მივაღწიეთ.
გაგახსენებთ, რომ ამ ტურნირზე მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი არგენტინა, დიდი საკალათბურთო ისტორიის მქონე თურქეთი და კიდევ ბევრი ტრადიციული საკალათბურთო ქვეყანა ვერ მოხვდა.
– მუნდიალზე საქართველოს მეტოქე ვენესუელაც ისლანდიის მსგავსი, სწრაფი და აგრესიული გუნდია…
– მსოფლიო ჩემპიონატსა ან ოლიმპიადაზე ეთამაშები სხვადასხვა საკალათბურთო სტილის გუნდებს. ყველამ იცის, რომ ვენესუელა მსოფლიოს რეიტინგში მეჩვიდმეტეა. წილისყრის წინ თუ მის შემდეგ ზოგი სათანადოდ ვერ აფასებს ვენესუელის შესაძლებლობას. უნდა ვიცოდეთ, რომ ყველა გუნდს აქვს ისტორია, ყველა ძლიერია, ყველა ცდილობს, საუკეთესოდ წარმოჩნდეს. მსოფლიოზე იოლი თამაში არ არსებობს. შესაბამისად, არც დიდი სიურპრიზებია მოსალოდნელი.
რაც შეეხება მეტოქის სათამაშო სტილს, შეტევა მთავარი არ არის, მნიშვნელოვანია, როგორ თამაშობს ვენესუელა დაცვას. მთელ მოედანზე მეტოქეს დიდი წნეხის ქვეშ აქცევს, აქვს სიმაღლე, მეტისმეტად აგრესიულია, თავისუფალ ზონებს ძალიან კარგად იყენებს.
– ჯგუფის ფავორიტად სლოვენია მიიჩნევა.
– ვენესუელამდე ერთი მნიშვნელოვანი მატჩი გვაქვს – ჩვენი მეტოქე იქნება სლოვენია, რომელშიც თამაშობენ ლუკა დონჩიჩი, ზორან დრაგიჩი, კლემენ პრეპელიჩი, კატლინ ტობი… ბევრი ვარსკვლავი როგორც ევროლიგიდან, ასევე NBA-დან.
ეს გუნდი მსოფლიო ჩემპიონატზე მედლების მოსაპოვებლად მიემგზავრება. ამით ყველაფერია ნათქვამი.
– საქართველოს ნაკრები ჩემპიონატს კაბო ვერდესთან მატჩით გახსნის.
– კაბო ვერდეზე საუბრისას ყველა ედი ტავარეშს ახსენებს. მაღალი დონის ტანმაღალი ცენტრია, შეუძლია დაფარება და თამაშის სურათის შეცვლა. მისი მოედანზე ყოფნა უბიძგებს მოწინააღმდეგეს, ისროლოს პერიმეტრიდან. ბოლო სეზონში ევროლიგის საუკეთესო დამცველი გახდა.
თუმცა კაბო ვერდე მხოლოდ ტავარეში არ არის. ჰყავს კოლსონი, რომელიც ევროლიგისა და თელ-ავივის „მაკაბის“ ერთ-ერთი გამორჩეული კალათბურთელია.
ამ გუნდს ბევრი სათანადოდ არ აფასებს, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ძალიან კარგია, არაფერი აქვს დასაკარგი.
– რა უნდა იყოს საქართველოს ნაკრების მთავარი კოზირი მსოფლიო ჩემპიონატზე?
– ნებისმიერი მატჩისთვის კარგად უნდა ვიყოთ მომზადებულები როგორც ფიზიკურად, ისე მენტალურად, რადგან ერთმანეთისგან განსხვავებული სტილის გუნდებთან მოგვიწევს დაპირისპირება. დაცვაში მაღალ დონეზე უნდა ვითამაშოთ, განსაკუთრებით ერთი-ერთზე თამაშისას. ვაკონტროლოთ ბურთი. ფიზიკური და მენტალური მზადყოფნა – ეს ორი რამაა, რაც ნებისმიერი თამაშის მთავარ გასაღებად იქცევა.
ჩვენი მთავარი ამოცანა ნაბიჯ-ნაბიჯ სიარულია. მჯერა გუნდისა, მჯერა თითოეული მოთამაშისა, მჯერა, რომ შეგვიძლია ჯგუფიდან გასვლა, თუმცა მთავარია, ვიყოთ ჯანმრთელად და ვითამაშოთ გუნდურად. მეტოქეებზე ნაკლებად ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ როგორ ვითამაშებთ.
– იყო საუბარი, რომ საქართველოს ნაკრებში ლეგიონერი უნდა შეცვლილიყო…
– ეროვნული ნაკრებების უმეტესობაში თამაშობენ ლეგიონერები. მართალია, ზოგიერთი გუნდი, რომელიც ნატურალიზებულის გარეშე გამოდის, მეტოქის უცხოელის გამო ჩივის და უკმაყოფილებას გამოთქვამს, თუმცა წინა ევრობასკეტზეც დავინახეთ, რომ ესპანეთშიც თამაშობდა ამერიკელი კალათბურთელი. წლეულს საბერძნეთმაც დაიმატა ამერიკელი ლეგიონერი და იტალიამაც. ასე რომ, ყველა გუნდი ცდილობს, შეივსოს ექსტრაძალით იმ პოზიციაზე, რომელზეც თვლის, რომ არცთუ ისე ძლიერია.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, კალათბურთელს, რომელიც ჩვენს ქვეყანას წარმოადგენს, უყვარდეს თავისი საქმე. ეროვნულ ნაკრებში თამაში ხომ კლუბისგან ძალიან განსხვავება, სხვა ემოციაა. კლუბში თამაშობ, იღებ ხელფასს და იბრძვი ტიტულებისთვის. როდესაც უცხოელი ნაკრებში თამაშზე თანხმდება, იღებს პასპორტს, თამაშობს მაღალი დონის სანაკრებო ტურნირებზე და რადგან წარმოადგენს ქვეყანას, თამაშში გული ბოლომდე უნდა ჩადოს.
თად მაკფადენი საქართველოს ნაკრებს კარგად მოერგო. ის მეექვსე წელია, ჩვენთანაა. იგი გუნდში ყველას უყვარს. მოედანზე გულს დებს. ის ყოველთვის ხალისით ჩამოდის ნაკრებში და ბოლომდე იბრძვის.
იმედი მაქვს, რომ მისი დიდი ნიჭი და გამოცდილება მსოფლიო ჩემპიონატზე ძალიან დაგვეხმარება. ჩვენთვის მაკფადენი ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა.
– მოვა დრო, კარიერის შესახებ წიგნს დაწერთ. რა ადგილს დაიკავებს საქართველო თქვენს ნაშრომში?
– მნიშვნელოვან ადგილს… 38-ე წელი დაიწყო, რაც კალათბურთში ვარ. ამ ხნის განმავლობაში არაერთ გუნდში ვყოფილვარ. მერვე წელია, აქ ვმუშაობ. ძალიან მადლიერი ვარ საქართველოსი, კალათბურთის ფედერაციის. ქვეყანაც და ფედერაციაც ჩემს გულში ყოველთვის TOP ადგილას იქნება.
მიყვარს ეს გუნდი, მიყვარს მოთამაშეები. სწორედ ამიტომ შევწირე ბევრი რამ. როდესაც ვსაუბრობთ კარიერაზე, მწვრთნელს, რომელიც ეროვნულ ნაკრებშია, უჭირს კლუბის პოვნა, რადგან ხშირ შემთხვევაში კლუბს არ სურს ეროვნულ ნაკრებში დაკავებული მწვრთნელი. თუნდაც იმიტომ, რომ ის გამოტოვებს მოსამზადებელ ეტაპს…
მაგალითად, წელს ბევრი შემოთავაზება მქონდა, მაგრამ უარის თქმა მომიწია ეროვნული ნაკრების გამო. თუმცა, ამავდროულად, ძალიან ბედნიერი ვარ აქ ყოფნით, მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობით, საქმის მათთან კეთებით, ვინც მიყვარს და ვიცი, რომ მათაც ვუყვარვარ. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია გრძნობები, რომლებიც მოთამაშეების, გუნდისა და ქვეყნის მიმართ გამაჩნია.
ბევრი ქომაგი მეუბნება მადლობას იმის გამო, რაც ქართული კალათბურთისთვის გავაკეთეთ. იმის გამო, რასაც მივაღწიეთ. ამაყობენ ჩვენით. საოცარი გრძნობაა, როცა საქართველოში გახარებულ ხალხს ვხედავ. კალათბურთი საქართველოში უფრო ძლიერი გავხადეთ. როდესაც ვამჩნევ, როგორ მატულობს კალათბურთში ჩართული ბავშვების რაოდენობა, ვგრძნობ, რომ ჩვენს წილ საქმეს კარგად ვასრულებთ. იმედი მაქვს, კიდევ დიდხანს დავრჩები და მეტს მივაღწევთ. როგორც უკვე აღვნიშნე, ბოლო წლებში მქონდა არაერთი შეთავაზება და გადაწყვეტილებას გულის კარნახით ვიღებდი. ყოველთვის საქართველოს ნაკრებში მუშაობას ვამჯობინებდი.
1tv.ge
GIPHY App Key not set. Please check settings