in

გაქცევა: ჩელსისა და არსენალის ინტერესი – გაძეტა დელო სპორტმა მიქაუტაძეს ვრცელი სტატია მიუძღვნა

საქართველოს ნაკრების ფორვარდმა გიორგი მიქაუტაძემ 2022/2023 წლების სეზონში “მეცის” რიგებში ფანტასტიური სეზონი ჩაატარა. 22 წლის ფეხბურთელმა 40 მატჩში 24 გოლი გაიტანა და 9 საგოლე პასი შეასრულა.

ცნობილმა იტალიურმა გამოცემა La Gazzetta Dello Sport-მა გიორგის ვრცელი სტატია მიუძღვნა. კერძოდ, ჟურნალისტის, ფრანჩესკო ალბანეზის თქმით, მიქაუტაძის ტრანსფერით ლონდონური გრანდები – “ჩელსი” და “არსენალი” ინტერესდებიან.

იტალიის ჩემპიონატში ხვიჩა კვარაცხელიას ბუმმა ყველაფერი ცხადი გახადა. ტალანტები ნაკლებად პოპულარულ ხმელეთზეც კი არსებობენ. “ნაპოლი” “კვარას” სანაცვლოდ დიდ რისკზე წავიდა, მიქაუტაძის შემთხვევაში კი საქმე სხვაგვარადაა, იგი იტალიის ახალი ჩემპიონის
კვალს მიჰყვება, მიზანი კი ერთია – ისტორიის დაწერა.

გაქცევის ამბავი – 2000 წელს დაბადებული ფრანგის (ნატურალიზებული) ისტორია გაქცევებისგან შედგება. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი საქართველო-რუსეთის კონფლიქტის გამო მშობლებთან ერთად საფრანგეთში გადაბარგება იყო. ისინი მუდამ გიორგის გვერდით იყვნენ და საკუთარ შვილს საფეხბურთო ზრდაში ეხმარებოდნენ. 4 წლის ასაკში გიორგი ბურთით ცხოვრობდა და “ლიონის” აკადემიაშიც მოხვდა, თუმცა ყველაფერი ისე არ წავიდა, როგორც პატარა ბიჭუნას სურდა. გიორგიმ იქ თავისი სიყვარული ვერ იპოვნა. რის გამოც ფრანგული კლუბიდან “გაქცევა” მოუწია. “ლიონში” მიაჩნდათ, რომ მიქაუტაძე ფიზიკურად ძალიან სუსტი იყო. “ტექნიკა და საგოლე ალღო არასდროს მაკლდა, მაგრამ მხოლოდ 140 სანტიმეტრი ვიყავი, ანუ ძალიან პატარა”, – გაიხსენა მიქაუტაძემ რამდენიმე წლის წინ. 22 წლის ფეხბურთელის თამაშმა ამ სეზონში (40 მატჩში 24 გატანილი გოლი და 9 საგოლე პასი) კიდევ ერთი დაუწერელი კანონი დაადასტურა: ფიზიკის გარეშეც, ნიჭის ხარჯზე გამარჯვება ყოველთვის შესაძლებელია.
“მეცის” აღმოჩენა – საფრანგეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით, კერძოდ მეცში, ფეხბურთი და ისტორია ერთანეთთან ასოცირდება.

“მეცის” აკადემიაში გაიზარდნენ ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც კულიბალი, მანე ადებაიორი და პიანიჩი არიან. მიქაუტაძე უახლესი აღმოჩენაა, რომელიც 2017 წლით თარიღდება. გიორგი ბუნებით ცენტრფორვარდია, მისი სათამაშო ნომერიც ამაზე მიუთითებს. მიქაუტაძის თამაშის ყურებისას, იგი კლასიკური 9 ნომრის მსგავსად მოქმედებს. როგორც მის ძმას “კვარას”, მასაც მარცხნიდან შეტევა და მარჯვენა ფეხით დარტყმა მოსწონს. მისი და “ნაპოლის” 77-ე ნომრის თამაშში მსგავსება ნამდვილად არსებობს, რაც მთავარია, ორივე მათგანს გოლის გატანის ალღო აქვთ. არაოფიციალური მონაცემები ცხადყოფენ, რომ სხვადასხვა ასაკობრივ დონეზე მიქაუტაძეს 100-150 გოლი აქვს გატანილი. გიორგი კარს შესანიშნავად გრძნობს.

მის კარიერაში გარდამტეხი 2020/2021 წლების სეზონი გამოდგა, როდესაც “სერენში” 9 თამაშში 15 გოლის გატანა მოახერხა, სეზონი კი 19 გოლითა და ბელგიის უმაღლეს ლიგაში აღზევებით დაასრულა. ამ შთამბეჭდავი სეზონის შემდეგ, “მეცმა” საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო, რომ ქართველი არ გაესხვისებინა და მისთვის შანსი მიეცათ. მიმდინარე სეზონში მიქაუტაძე მესაჭის როლში გახლდათ და 23 გატანილი გოლით ლიგა 2-ის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა.

შედარებები და კერპები – მიქაუტაძის ყოფილმა მწვრთნელმა სამირ გუემაზმა ქართველს “ახალი ლაკაზეტი” უწოდა. ზოგიერთი სპეციალისტი ჟან-პიერ პაპინსაც ადარებს. სინამდვილეში, გიორგის 2 კერპი ჰყავს, ესენი კი ზლატან იბრაჰიმოვიჩი და კრიშტიანო რონალდო არიან. ბედის ირონიით, 2021 წლის 26 მარტს, საქართველოს ნაკრებში მიქაუტაძის დებიუტი სწორედ მაშინ შედგა, როდესაც მისმა კერპმა მოედანი დატოვა. “როდესაც ნაკრებში გამომიძახეს, გადაწყვეტილების მისაღებად დრო საერთოდ არ დამჭირდა, იმ მომენტში, ჩემი ოჯახი უბედნიერესი იყო”, გაიხსენა ახალგაზრდა შემტევმა
.
მიქაუტაძეს “ჩელსი” უკვე აკვირდება, გიორგიმ ევროპული გრანდების ყურადღება მიიქცია. საფრანგეთში “ჩელსიზე” ბევრს საუბრობენ, მოგეხსენებათ, “არისტოკრატები” ფულის დახარჯვაზე უარს არასდროს ამბობენ. მიკელ არტეტას “არსენალიც” საქმეშია. მეორეს მხრივ, იტალიაში მის თამაშს “ჯენოა” აქტიურად აკვირდება, “უდინეზე” კი ბეტოს შემცვლელის ძიებაშია. დიდი ხანია, რაც საქართველოს ნაკრები ყურადღების ცენტრში არ ყოფილა, რატომ საუბრობენ დღეს ამდენს მათზე? ადვილი გამოსაცნობია, მიქაუტაძეზე 1 წლით უმცროსმა ხვიჩა კვარაცხელიამ სერია A-ს გზა გაკაფა, ახლა კი მიქაუტაძეს შეუცლია “ქართველი მარადონას” ალტერ ეგო გახდეს”, – წერს ცნობილი გამოცემა.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ “მეცის” პრეზიდენტმა ბერნარდ სერინმა დაადასტურა, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მიქაუტაძის შენარჩუნება ურთულესი იქნება.

sportall.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბათუმის სტადიონმა ოსკარი აიღო

რეალს ხვიჩა ისევ უნდა, ნაპოლი კოსმოსურ თანხას ითხოვს