გიორგი მაკარიძემ კლუბი შეიცვალა და ახალი სეზონიდან სეგუნდადივიზიონის „პონფერადინაში“ ითამაშებს – ქართველ მეკარეზე ინფორმაციას ესპანური კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
„გიორგი მაკარიძე არის პირველი ფეხბურთელი, რომელთანაც ახალ სეზონამდე „პონფერადინამ“ კონტრაქტი გააფორმა. მეკარე, რომელიც საქართველოს ნაკრების წევრია, „ალმერიადან“ მოდის. მან კლუბთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა“, – წერია კლუბის გავრცელებულ ცნობაში.
მაკარიძემ კარიერა „დინამო თბილისში“ დაიწყო. საფრანგეთის „ლე მანის“ და კვიპროსის „დოქსას“ შემდეგ, 2014 წელს პორტუგალიაში გადავიდა, სადაც 32 წლის კიპერის პირველი კლუბი იყო „ფეირენსე“, მოგვიანებით ითამაშა „მორეირენსეში“, „რიო ავეში“ და „ვიტორია სეტუბალში“.
2020 წელს გადავიდა ესპანეთში და ხელი მოაწერა „ალმერიასთან“ კონტრაქტს. მან კლუბში ითამაშა ბოლო ორი სეზონი, სულ კი ლიგაში ჩაატარა 34 მატჩი, ხოლო ესპანეთის თასზე (კოპა დელ რეი) – 4 შეხვედრა.
გიორგის ყოფილმა კლუბმა „ალმერიამ“ დასრულებულ სეზონში ლა ლიგის საგზური მოიპოვა, ხოლო „პონფერადინა“ მე-8 ადგილზე გავიდა.
GIPHY App Key not set. Please check settings