საქართველოს ნაკრებმა ჩრდ მაკედონია 2:0 დაამარცხა, პირველი ადგილი გაინაღდა და ერთა ლიგის პლეი ოფში გავიდა. პირველი გოლი კვარაცხელიას აქტიურობას მოყვა, რომლის ჩაწოდების შემდგე მეტოქემ საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი. მეორე გოლი თავად ხვიჩამ შეაგდო, ოღონდ ეს დიდწილად ბუდუ ზივზივაძის დამსახურებით – მეკარესთან პირისპირ მისულმა ბუდუმ თანაგუნდელს პასი მიაწოდა და ხვიჩამაც დაუცველ კარში შეაგორა.
მატჩის შემდეგ ქართველმა ფეხბურთელებმა კომენტარები გააკეთეს და ეს ეპიზოდიც აღნიშნეს.
მოვიგეთ, პირველები ვართ, მადლობა… მაგრამ მთავარი წინაა და ფეხბურთიც სხვა გვინდა
გუნდმა ისწავლა სირთულეების დაძლევა: ვილი სანიოლი მთლიანობაში კმაყოფილია
ბუდუ ზივზივაძე:
„ჩემთვის მთავარია გუნდის წარმატება. თუ გუნდი იგებს, ცხადია, მეც ვარ მონაწილე და ეს ჩემი წარმატებაც არის. როდესაც პარტნიორი უკეთეს პოზიციაშია, აუცილებლად პასს გავაკეთებ. სწორედ ასეთი რამ მოხდა. თუ გახსოვთ, მაკედონიაში იყო მომენტი, როდესაც ხვიჩამ იგივე გააკეთა – პასი მომცა და გავიტანე, თუმცა, შემდეგ თამაშგარე დაფიქსირდა. მეორე გოლის მომენტში სწორედ ეს გამახსენდა და ბურთი გადავაწოდე, რადგან ის უკეთეს მდგომარეობაში იყო და ცარიელ კარში გაიტანა.
მნიშვნელოვანია, რომ ჯგუფი პირველ ადგილზე დავასრულეთ, მოვიგეთ, ამდენი ხალხი გავახარეთ და მთელი საქართველო ძალიან ბედნიერია. თუმცა, დასკვნითი თამაში გვაქვს გიბრალტართან და მნიშვნელოვანია, რომ აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ“.
ხვიჩა კვარაცხელია:
„მივულოცავ თითოეულ გულშემატკივარს და ბიჭებს, ყველამ ძალიან დიდი შრომა გაწია, რომ 3 ქულა აგვეღო და ჯგუფში პირველი ადგილი მოგვეპოვებინა.
ძალიან რთული თამაში იყო. ალბათ, ის არ იყო, რაც ჩვენ და მწვრთნელს გვინდოდა. მაგრამ მთავარია, რომ გავიმარჯვეთ და მიზანს მივაღწიეთ.
ძალიან მნიშვნელოვანი იყო სავსე სტადიონი, გულშემატკივრები 90 წუთის განმავლობაში არ გაჩერებულან და მათ თითოეული ფეხბურთელის სახელით ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა.
მეორე გოლზე დაინახეთ, ბუდუმ როგორი გადაცემა გააკეთა. მსგავს პასს ასეთ მომენტში ძალიან ცოტა თუ გააკეთებს. დიდი მადლობა ბუდუს, რადგან ეს თავიდან ბოლომდე მისი გოლი იყო. ჩემი აზრით, ეს არის გუნდურობა როგორც სტადიონზე, ასევე მის გარეთ. ამით ძალიან მოხარულები ვართ“.
გურამ კაშია:
„ყველას ვულოცავ ამ გამარჯვებას. დამსახურებულად მოვიგეთ, რადგან უფრო მეტი მომენტი ჩვენ შევქმენით. ინიციატივა მათ მივეცით, მაგრამ ძალიან ბევრი მომენტი ვერ შეგვიქმნეს. ამიტომ მიმაჩნია, რომ 2:0 ლოგიკური შედეგი იყო“.
GIPHY App Key not set. Please check settings