in ,

გუნდმა ისწავლა სირთულეების დაძლევა: ვილი სანიოლი მთლიანობაში კმაყოფილია

საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის C დივიზიონის მეოთხე ჯგუფის გამარჯვებულია. მე-5 ტურის შეხვედრაში ჩრდილოეთ მაკედონიას 2:0 მოვუგეთ.

მოვიგეთ, პირველები ვართ, მადლობა… მაგრამ მთავარი წინაა და ფეხბურთიც სხვა გვინდა

ვილი სანიოლი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი):

„მეტოქემ განსხვავებული სისტემით ითამაშა წინა მატჩებთან შედარებით და ახალი ტაქტიკისთვის მოსარგებად გარკვეული დრო დაგვჭირდა. რამდენიმე ფეხბურთელმა თამაშის პირველ წუთებზე ზედმეტი წნეხი იგრძნო, რადგან პირველ პოზიციაზე ვიყავით და მეტოქეს აუცილებლად სჭირდებოდა ჩვენი დამარცხება. გოლის შემდეგ, გუნდი ბევრად თავისუფლად ათამაშდა, მეტი თავდაჯერება ვიგრძენით. როგორც ვთქვი, ჩრდილოეთ მაკედონია ძალიან კარგი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული, ძლიერი გუნდია და ნორმალურია, რომ მატჩის გარკვეულ მონაკვეთებში მათ ჰქონდათ უპირატესობა. მნიშვნელოვანია, რომ დაცვაში სტაბილურობა არ დაგვიკარგავს და დღევანდელი თამაში იმის მაგალითია, რომ გუნდმა ისწავლა სირთულეების დაძლევა. საწყისი წუთები კარგი ნამდვილად არ იყო, თუმცა მთლიანობაში ძალიან კმაყოფილი ვარ.

გიბრალტარის წინააღმდეგ გასამართ მატჩთან დაკავშირებით ჯერჯერობით არაფერი მაქვს გადაწყვეტილი. უნდა დავაკვირდე მოთამაშეებს, მათი ფიზიკური კონდიციების აღდგენას მომდევნო საათებში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მატჩია და 3 ქულა გვჭირდება, რათა პლეი ოფში გარკვეული უპირატესობა გვქონდეს. იმ შემთხვევაში, თუ ვიგრძნობ, რომ 5-6 ფეხბურთელია შესაცვლელი, ამას აუცილებლად გავაკეთებ, თუმცა ამაზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია. ფეხბურთელებმა დიდი სამუშაო გასწიეს და დაველოდებით, როგორ აღიდგენენ კონდიციებს და, როგორც ხშირად ხდება, შემადგენლობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მატჩის წინა საღამოს, ან თამაშის დღეს მივიღებთ.

საფეხბურთო მატჩს ყოველთვის გარკვეული იდეით იწყებ, რომელსაც მოთამაშეებს უზიარებ, თუმცა ზოგჯერ, მეტოქის თამაშიდან გამომდინარე, მონახაზი იცვლება. ეს ყოველთვის არ ემთხვევა ჩვენს სურვილს. როგორც ვთქვი, რამდენიმე მოთამაშე ზედმეტ წნეხს გრძნობდა, ბურთი ნელა მოძრაობდა, რაც ჩრდილოეთ მაკედონიას თამაშს უადვილებდა, მაგრამ გატანილი გოლის შემდეგ, გუნდი უფრო თავდაჯერებული გახდა. ფეხბურთი ჭადრაკს ან კომპიუტერულ თამაშს არ ჰგავს. შენ მეტოქეს ეთამაშები, რომელიც ზოგჯერ ძალიან ძლიერია, ზოგჯერ ნაკლებად. პირველ ტაიმში მოწინააღმდეგემ ნამდვილად შეგვიქმნა პრობლემები, თუმცა მათ მიერ შექმნილ საგოლე მომენტებს ვერ ვიხსენებ. დაცვაში კარგად გამოვიყურებოდით და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი.

გიორგი ჩაკვეტაძეს მაღალი ტემპერატურა და მუცლის ტკივილი აწუხებდა. სწორედ ამის გამო ვერ ითამაშა. გიბრალტარში დილით მივფრინავთ და თუ ისევ შეუძლოდ იქნება, ჩვენთან ერთად ვერ წამოვა. ვიმედოვნებ, რომ თავს უკეთ იგრძნობს, რადგან ბევრი ფეხბურთელის მსგავსად, მანაც დაიმსახურა სათამაშო დრო. საბოლოოდ პასუხი, გამგზავრებამდე გვეცოდინება.

მინდა ფეხბურთელებთან, სტაფთან და ფედერაციასთან ერთად ვიზეიმო ჩვენი მიღწევები ამ ერთა ლიგაზე. ბოლო 6-8 თვის განმავლობაში ფეხბურთელებმა დიდი ნაბიჯი გადადგეს წინ. პლეი ოფი წელიწადნახევრის შემდეგაა და ამაზე საუბარი ჯერ ადრეა”.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მოვიგეთ, პირველები ვართ, მადლობა… მაგრამ მთავარი წინაა და ფეხბურთიც სხვა გვინდა

ხვიჩამაც ხომ იგივე გააკეთა: აი ეს არის გუნდურობა – რას ამბობენ ბიჭები