ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ განაცხადა, რომ საქართველოში გასამართ 21-წლამდელთა ევრო 2023-ზე ეროვნული ნაკრების წევრების მაქისმალურად გამოყენება სურთ, მაგრამ ამ ორი ნაკრების თამაშები ერთმანეთს ცუდად დაემთხვა.
21-წლამდელებში თამაში შეუძლიათ ეროვნული გუნდის წევრებს – მამარდაშვილს, კვარაცხელიას, დავითაშვილს, აზაროვს, მიქაუტაძეს და კიდევ რამდენიმეს, მაგრამ ახლა ერთ-ერთი აქტუალური კითხვაა – მოასწრებენ თუ არა ეროვნული ნაკრების მატჩის შემდეგ ახალგაზრდული გუნდის დახმარებას?
საქმე ისაა, რომ ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ის შესარჩევ მატჩს 2023 წლის 20 ივნისს შოტლანდიასთან გლაგზოში ჩაატარებს, ხოლო 21-წლამდელებს ევრო 2023-ის სასტარტო შეხვედრა ერთი დღის შემდეგ, 21 ივნისს თბილისში ბელგიასთან ელის.
„რა თქმა უნდა, პირველი თამაშის შემდეგ მათი ახალგაზრდულ ნაკრებში გამოძახების საშუალება გაჩნდება და ეს შანსი მაქსიმალურად იქნება გამოყენებული. თუმცა, დღეს მე გამიჭირდება პასუხის გაცემა. ამას ეროვნულის და ახალგაზრდულის მთავარი მწვრთნელები გადაწყვეტენ და თავად ფეხბურთელებთანაც გვექნება კომუნიკაცია. დარწმუნებული ვარ, ყველა მათგანისთვის, ვისაც ასაკიდან გამომდინარე თამაშის შესაძლებლობა აქვს, ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა ბევრს ნიშნავს, თუმცა, ეს ძალიან ცუდია, მატჩები ასე რომ ემთხვევა.
თუმცა, ჩვენს ჯგუფში ესპანეთი ივნისში არც ერთ თამაშს არ ატარებს, რადგან ერთა ლიგის ოთხთა ფინალი ამ პერიოდში გაიმართება. ანუ, რომ დაგვესვენა 20 ივნისს, საჭირო იყო ისეთ ნაკრებთან მოვხვედრილიყავით, რომელიც ოთხთა ფინალს არ თამაშობდა. ამის გამო, კალენდრის შედგენისას, წინასწარ გვქონდა უეფა-სთან მოთხოვნა, რომ შოტლანდიასთან მატჩის დღეს, 20 ივნისს საქართველოს ეროვნული ნაკრები თავისუფალი ყოფილიყო.
ცუდი ისიცაა, რომ ეს მატჩი შოტლანდიაში იმართება. თბილისში რომ ვყოფილიყავით, კიდევ მეტი საშუალება იყო, რომ ფეხბურთელებს დაესვენათ. ახლა კი შოტლანდიიდან უნდა დავბრუნდეთ და ამიტომ 21-ში პორტუგალიასთან ეროვნული ნაკრების წევრების თამაში გამორიცხული იქნება. დიდი პერიოდი არც შემდეგ თამაშამდეა, მაგრამ ჩვენი სურვილია, ეროვნულის ყველა მოთამაშე მაქსიმალურად იყოს გამოყენებული ევრო2023-ზე“, – ამბობს ლევან კობიაშვილი.
1tv.ge
GIPHY App Key not set. Please check settings