სანაკრებო პაუზის შემდეგ, საკლუბო ფეხბურთი დაბრუნდა და ჩვენი ყურადღებაც ევროპაში მოთამაშე ქართველი ლეგიონერებისგენ არის მიპყრობილი. გასული უქმეები საკმაოდ წარმატებული გამოდგა. ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა ტრავმის შემდეგ დაბრუნებულმა გიორგი მიქაუტაძემ. აზერბაიჯანში კი დავით ვოლკოვი ისევ შეუჩერებელია.
ესპანეთში გიორგი მამარდაშვილის “ვალენსია” “რეალ სოსიედადს” უგოლო შეხვედრაში დაუზავდა. ქართველი მეკარე ამჯერადაც სათადარიგო იყო.
მეორე ბუნდესლიგაში გურამ გიორბელიძის დრეზდენის “დინამო” “ფორტუნას” დაუპირისპირდა 1:0 მოიგო. გიორბელიძე მოედანზე 73-ე წუთზე გამოჩნდა.
ბელგიის იუპილერ ლიგაში ქართული დუელი შედგა. გიორგი მიქაუტაძის “სერენი” ლევან შენგელიას “ლეუვენს” დაუპირისპირდა და 3:1 იმარჯვა. მიქაუტაძე ძირითად შემადგენლობაში იყო გოლს+ საგოლე პასი შემოგვთავაზა. რაც შეეხება შენგელიას, ის 56-ე წუთზე გამოჩნდა მოედანზე და საგოლე პასი მიითვალა.
პორტუგალიაში თასის 1/16 ფინალურ შეხვედრაში გიორგი აბურჯანიას “ჟილ ვისენტე” ქვედალიგელ “ლეკასთან” 0:1 დამარცხდა. აბურჯანია მოედანზე 79-ე წუთზე გამოჩნდა.
თურქეთში საბა ლობჟანიძის “ჰათაისპორი” “ანთალიასპორს” დაუპირისპირდა და 3:1 იმარჯვა. ქართველმა შემტევმა 67-ე წუთიდან ითამაშა.
რუსეთში ლუკა გაგნიძემ (“ურალი”) 51-ე წუთიდან ითამაშა, ხოლო 71-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო “კრილია სოვეტოვთან” სტუმრად ფრედ (1:1) დასრულებულ მატჩში.
პოლონეთში ნიკა კვეკვესკირმა (“ლეხი”) 85-ე წუთიდან ითამაშა “პიასტთან” შინ მოგებულ (1:0) შეხვედრაში.
გიორგი მერებაშვილმა (“პოდბესკიძიე”) 68-ე წუთიდან ითამაშა “პოლკოვიცესთან” შინ მოგებულ (4:0) მატჩში.
უნგრეთში გიორგი ბერიძემ (“უიპეშტი”) შეუცვლელად ითამაშა და მე-20 წუთზე ანგარიში გახსნა “დებრეცენთან” შინ მოგებულ (3:1) მატჩში. ეს მისი მე-3 გოლია მიმდინარე ჩემპიონატში.
ლაშა დვალისა და გიორგი ხარაიშვილის “ფერენცვაროშმა” შინ იოლად მოუგო ბუდუ ზივზივაძის “ფეჰერვარს” – 3:0. ქართველებიდან განაცხადში მხოლოდ დვალი იყო, თუმცა არ უთამაშია.
სლოვაკეთში ჯაბა კანკავამ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო გურამ კაშია 86-ე წუთიდან გამოჩნდა მოედანზე მატჩში, რომელშიც მათმა “სლოვანმა” სტუმრად 2:1 მოუგო “მიხალოვცეს”.
თემურ ქეცბაიას მიერ გაწვრთნილმა “ანორთოსისმა” სტუმრად 2:3 წააგო ნიქოზიის “ოლიმპიაკოსთან”, არადა, მე-17 წუთიდან იგებდა. ქართველებიდან ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ მეკარე გიორგი ლორია იყო, ნიკა კაჭარავა 52-ე წუთიდან ჩაერთო თამაშში, ხოლო ნიკა ნინუა კვლავ განაცხადს მიღმა დარჩა.
აზერბაიჯანში კი, ქართველი “ვოლკი” დავით ვოლკოვი კვლავ შეუჩერებელია. “ზირა” “საბაილს” დაუპირისპირდა და 3:1 დაამარცხა. ვოლკოვმა გოლით და საგოლე პასით გამოიჩინა თავი. ეს მისი მეცხრე გოლია მიმდინარე სეზონში.
GIPHY App Key not set. Please check settings