“ულსან ჰიუნდაიმ” აზიის ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში სამხრეთკორეული “იეონბუკი” დამატებით დროში 3:2 დაამარცხა და ტიტულის დაცვისთვის ბრძოლას აგრძელებს. მოგეხსენებათ, “ულსანი” ტურნირის მოქმედი გამარჯვებულია.
ვაკო ყაზაიშვილმა ამ შეხვედრაში 109-ე წუთამდე ითამაშა და გოლი გაიტანა. მე-13 წუთზე ქართველმა შემტევმა ბრწყინვალედ ითამაშა, რამდენიმე მცველის გარემოცვაში დასარტყმელი სივრცე მოძებნა და მეკარეს შანსი არ დაუტოვა. ყაზაიშვილის გოლით “ულსანი” დაწინაურდა, მაგრამ ძირითად დროში ვერ მოიგო, რადგან 90 წუთში გუნდებმა 2:2 გოლი გაცვალეს.
დამატებით დროში ქართველი ფეხბურთელის გუნდმა მესამეც შეაგდო და ნახევარფინალში გავიდა, სადაც კიდევ ერთ სამხრეთკორეულ გუნდს – “პოჰანგს” დაუპირისპირდება. მეორე წყვილში ერთმანეთს საუდის არაბეთის გუნდები “ალ-ნასრი” და “ალ-ჰილალი” შეხვდებიან.
ვაკო ყაზაიშვილს წარმატებული სეზონი აქვს და ყველა ტურნირზე ერთად აღებული 35 თამაშში 12 გოლი მოუგროვდა – 28 მატჩში 8 გოლი სამხრეთ კორეის ჩემპიონატში და 7 შეხვედრაში 4 გოლი აზიის ჩემპიონთა ლიგაზე.
GIPHY App Key not set. Please check settings