ბელგიის თასის 2021/22 წლების გათამაშების საკვალიფიკაციო რაუნდში გიორგი მიქაუტაძის “სერენმა” სტუმრად ქართველი ფორვარდის ჰეთ-თრიკით 3:0 დაამარცხა “ლოკერენი” და თასის მე-6 ეტაპზე, ანუ 1/16-ფინალში გავიდა.
მიქაუტაძემ ანგარიში მე-7 წუთზე გახსნა, ბერნიე-მარიუსის კომბინაცია 20 წლის ფორვარდმა ახლო მანძილიდან იოლი გოლით დაასრულა. ეს მისი პირველი გოლია, “სერენში” იჯარით დაბრუნების შემდეგ.
მეორე გოლი შესანიშნავი გამოვიდა – ბურთი ცენტრში მიიღო და მეტოქის კარისკენ დაიძრა, ორი მცველი მოატყუა და შემდეგ დუელი “ლოკერენის” მეკარესაც მოუგო. ეს მატჩის 54-ე წუთზე მოხდა.
88-ე წუთზე მან ანგარიშს წერტილი დაუსვა.
“ვინ, თუ არა ჟორჟი”, წერდა “სერენის” ოფიციალური გვერდი ტვიტერზე, როცა მიქაუტაძემ ჰეთ-თრიკი შეასრულა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძე მეც-მა სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე კვლავ 1-წლიანი იჯარით გაუშვა ბელგიურ “სერენში”, რომელიც ახლა იუპილერ ლიგაში თამაშობს. “ლოკერენთან” მატჩამდე მიქაუტაძემ ჩემპიონატში “სტანდარდთან” შეცვლაზე ითამაშა. გასულ სეზონში მან “სერენის” მაისურით 24 მატჩში 22 გოლი გაიტანა.
GIPHY App Key not set. Please check settings