გასულ უქმეებზე ბევრ ჩვენიანს არ უთამაშია, თუმცა რამდენიმე კარგად გამოვიდა. ძალიან მნიშვნელოვან იდა სასიხარულოა გიორგი ჩაკვეტაძის დაბრუნება, მით უმეტეს შედეგიანი. კარგი იყო ლობჟანიძე თურქეთში, მამარდაშვილის გმირობა კი ცალკე ამბავია და ამაზე უკვე გვეწერა.
გიორგი ჩაკვეტაძის ბელგიის ჩემპიონატის მე-4 ტურში “მეხელენთნ” საშინაო შეხვედრაში 76- წუთზე შევიდა. მსაჯი მიერ წამატებულ დროში ჩაკვეტაძემ მეკარე ბოლატისგან პასი მიიღო, სწრაფი კონტრშეტევა წამოიწყო, თავადაც შეეძლო გატანა, მაგრამ უკეთეს პოზიციაში მყოფ ფორტუნას უპასა.
“გენტმა” 2:0 გაიმარჯვა, 4 ქულით მე-13 ადგილზეა.
საბა ლობჟანიძემ თავის ახალ გუნდში, “ჰათაისპორში” პირველივე მატჩში გამოიჩინა თავი. “ჰათაისპორი” შინ “ქასიმფაშასთან” 0:1 მარცხდებოდა, ლობჟანიძე 64-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, 72-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა და შეხვედრა 1:1 დასრულდა.
რუსეთში “რუბინი” საკუთარ მოედანზე აუტსაიდერ “კრილია სოვეტოვს” დაუზავდა – 1:1. ხვიჩა კვარაცხელია ყველას გასაკვირად სასტარტოში არ იყო, ის 56-ე წუთზე შევიდა. ხვიჩა პასიური იყო, მხოლოდ ერთი მომენტი შექმნა.
ჯიმი ტაბიძეს (“უფა”) ტრავმის გამო არ უთამაშია “ნიჟნი ნოვგოროდთან” სტუმრად მოგებულ (2:1) მატჩში.
ლიგა 1-ის მეორე ტურში “მეცი” გასვლაზე “ნანტთან” 0:2 დამარცხდა. 20 წლის ქართველი თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე სათადარიგოთა შორის დარჩა.
წინა ტურში მიქაუტაძე მხოლოდ 90+3-ე წუთზე შევიდა.
ლიგა 2-ში გაგანცხადში არ ყოფილან ამირან სანაია (“როდეზი”) და გიორგი კოხრეიძე (“გრენობლი”).
ასევე განაცხადში არ იყვნენ: გიორგი ქოჩორაშვილი (“ლევანტე”) და გიორგი გაგუა (“ალავესი”).
მეორე ბუნდესლიგაში კი გურამ გიორბელიძე (“დრეზდენი”).
ბელგიაში, “ლოვენში” არ შედგა ლევან შენგელიას დებიუტი. 25 წლის ქართველი შემტევის გუნდი კი “გენკთან” სტუმრად 0:4 დამარცხდა.
ტრავმის შემდეგ გიორგი აბურჯანია (“ჟილ ვისენტე”) განაცხადში იყო “პორტიმონენშესთან” სტუმრად მოგებულ (1:0) მატჩში.
ვატო არველაძემ (“ქარაგიუმრუქი”) 70-ე წუთიდან ითამაშა “გაზიანთეფთან” შინ მოგებულ (3:2) მატჩში.
ავსტრია. ბუნდესლიგა. ლუკა ლოჩოშვილმა (“ვოლფსბერგი”) 67-ე წუთიდან ითამაშა “ტიროლთან” შინ ფრედ (2:2) დასრულებულ მატჩში.
ოთარ კიტეიშვილმა (“შტურმი”) 90-ე წუთამდე ითამაშა, ხოლო 64-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო „ლინცერთან“ სტუმრად მოგებულ (3:1) მატჩში.
დავით ხოჭოლავამ (“კოპენჰაგენი”) შეუცვლელად ითამაშა, 50-ე წუთზე კი ყვითელი ბარათი მიიღო “ორჰუსთან” სტუმრად მოგებულ (3:1) მატჩში.
დანია. I დივიზიონი. ლაშა პარუნაშვილმა (“ესბიერგი”) შეუცვლელად ითამაშა “ჰორსენსთან” შინ ფრედ (0:0) დასრულებულ მატჩში.
ნიკა კვეკვესკირის “ლეხმა” სტუმრად 3:1 მოუგო “ტერმალიცას”. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი თამაშში 54-ე წუთიდან ჩაერთო.
ოთარ კაკაბაძემ (“კრაკოვია”) 83-ე წუთიდან ითამაშა “ლეხიასთან” სტუმრად წაგებულ მატჩში.
გიორგი მერებაშვილმა (“პოდბესკიძიე”) 65-ე წუთიდან ითამაშა “კატოვიცესთან” სტუმრად ფრედ (2:2) დასრულებულ მატჩში.
ბუდუ ზივზივაძემ (“ფეჰერვარი”) 68-ე წუთიდან ითამაშა “დირმოტთან” სტუმრად ფრედ (1:1) დასრულებულ მატჩში.
“ფერენცვაროშმა” (ლაშა დვალი, გიორგი ხარაიშვილი) შინ 4:1 სძლია “მეზოკოვეშდს” (ლუკა ლაკვეხელიანი). ქართველები განაცხადში არ ყოფილან.
გიორგი ბერიძეს (“უიპეშტი”) ტრავმის გამო არ უთამაშია “ჰონვედთან” საშინაო მატჩში.
ჯაბა კანკავასა და გურამ კაშიას “სლოვანმა” შინ 3:1 მოუგო “მიხალოვცეს”. კანკავა განაცხადში იყო, კაშიამ ბოლომდე ითამაშა.
შვეიცარიის თასის 1/32 ფინალში აკაკი გოგიას “ციურიხმა” სტუმრად 10:0 მოუგო ქვედალიგელ “სოლოთურნს”. 23-ე წუთზე მატჩის მეოთხე გოლი ქართველმა ნახევარმცველმა გაიტანა, ხოლო მატჩი შეუცვლელად ითამაშა.
GIPHY App Key not set. Please check settings