7 აგვისტოს, ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში ქართველი კარატისტი გოგიტა არქანია იასპარეზებს, რომელიც თავდაპირველად ჯგუფურ ეტაპზე დაუპირისპირდება ოთხ მეტოქეს.
არქანია A ჯგუფში მოხვდა და პირველ შეხვედრას იაპონელ რიუტარო არაგასთან გამართავს, რომელიც მსოფლიოს ერთგზის ჩემპიონი და ორგზის ვერცლისმედალოსანია.
მეორე მეტოქე იქნება თურქი უღურ აკტაში 4-გზის ევროპის ჩემპიონი, რომელიც ასევე ფლობს მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალს და ევროპული თამაშების ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებს.
მესამე მეტოქედ გოგიტას გერმანელი ჯონათან ჰორნე ერგო, რომელიც ასევე ძალიან ტიტულოვანია – შვიდჯერ გახდა ევროპის ჩემპიონი, ერთხელაც მსოფლიოს.
ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ქართველის მეტოქე ყაზახი დანიარ იულდაშევი იქნება, რომლის საუკეთესო მიღწევა აზიის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალია.
ჯგუფში მონაწილე ხუთი სპორტსმენიდან ნახევარფინალის საგზურს საუკეთესო ორი მათგანი მოიპოვებს. აღსანიშნავია, რომ კარატეში ნახევარფინალის საგზური უკვე ავტომატურად მედლის ტოლფასია, სულ მცირე ბრინჯაოსი.
კარატეში შეჯიბრი ბუდოკანის დარბაზში გაიმართება და სტარტს თბილისის დროით 09:00 საათზე აიღებს, თუმცა +75 წონით კატეგორიაში არქანიას პირველი ბრძოლა რიგით 21-ეა.
GIPHY App Key not set. Please check settings