საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ხვალ 2021 წლის ზაფხულის ტესტსერიებს იწყებს. “ბორჯღალოსნები” სამხრეთ აფრიკაში მსოფლიო ჩემპიონებს დაუპირისპირდებიან. აღსანიშნავია, რომ 2019 წლის მსოფლიო თასის ფინალის შემდეგ, ეს აფრიკელთა პირველი მატჩი იქნება.
გუშინ, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართა და მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა.
“ამ ორ თამაშში ჩვენი მიზანი საკუთარი შესაძლებლობების გამოცდა იქნება. მიუხედავად იმისა, რომ „შემოდგომის ერთა თასის“ შემდეგ, ტრავმების გამო ძალიან ბევრი მოთამაშე გამოგვაკლდა, გვსურს ვნახოთ რა გამოცდილება მივიღეთ ამ ტურნირისგან და როგორ გავუძლებთ წნეხს. მსოფლიო თასამდე მორაგბეებმა რაც შეიძლება მეტი ასეთი დონის თამაში უნდა ჩაატარონ, რადგან იქ ჩვენზე ძლიერ გუნდებთან გვიწევს შეხვედრა.
გაფართოებულ გუნდში 29 მსოფლიოს ჩემპიონი იყო და ასეთი ძლიერი სამატჩო რაზმის დასახელა მოულოდნელი არ ყოფილა. ჩვენთვის დიდი პატივია მათ წინააღმდეგ თამაში. ამ თემასთან დაკავშირებით გვქონდა საუბარი და შევთანხმდით, რომ რაც უფრო ძლიერ შემადგენლობას დააყენებდა მოწინააღმდეგე, მით უკეთესი იქნებოდა ჩვენთვის. დასაკარგი არაფერი გვაქვს და ბიჭები დიდ გამოცდილებას შეიძენენ.
ნიენაბერი ბოლო წლებში სამხრეთ აფრიკის სამწვრთნელო შტაბის ნაწილი იყო და მეტოქის თამაშში დიდ ცვლილებებს არ ველოდებით. მათი სათამაშო ფილოსოფიის ფუძემდებელი რასი ერასმუსია, რომელიც ახლაც აქტიურადაა ჩართული გუნდის მზადებაში. “ბოკე” მარტივ და ეფექტურ, თავდაჯერებულ სტილს მისდევს და ფაქტია, ამან მსოფლიოს ჩემპიონობამდე მიიყვანა.
დიდი არჩევანი არც გვქონდა. ჯერ კიდევ შეკრებამდე ძალიან ბევრი ტრავმირებული მოთამაშე გვყავდა, რასაც დაემატა ახალი დაშავებულები, ასევე ისინი, ვინც ახალი გამოსულია კოვიდიდან და რეაბილიტაციისთვის გარკვეულ დროს საჭიროებენ. სამწუხაროდ, ნიდერლანდებთან დაშავდა და გამოგვაკლდა მიხეილ გაჩეჩილაძე, რომელიც ჩვენთვის დიდ ძალას წარმოადგენს. სერიის განმავლობაში გვექნება ცვლილებები. გაფართოებულ, 32-კაციან შემადგენლობაში არიან ისეთები, რომელთა მოედანზე გასვლა სამედიცინო თვალსაზრისით ამ ეტაპზე რეკომენდირებული არ იყო და მათ მომდევნო შეხვედრებში გამოვცდით”, – ლევან მაისაშვილი.
ერთი დებიუტანტით მსოფლიო ჩემპიონებთან: ბორჯღალოსნების შემადგენლობა სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ
GIPHY App Key not set. Please check settings