in ,

წავაგეთ: ნიდერლანდების ტოლი და სწორი არ ვართ – 0:3

ვილი სანიოლის საქართველომ პირველად წააგო (მე-5 მატჩი) დიდი ანგარიშით. ზედიზედ გამართულ მეორე ამხანაგურ შეხვედრაში ქართველები ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებაში მყოფ ნიდერლანდებს შეხვდნენ და შესაძლოა ისეთი წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს, როგორსაც ეს ტიტულოვანი მეტოქე ისურვებდა.

ნიდერლანდელებმა საერთო ჯამში, ბუნებრივია, გვაჯობეს, განსაკუთრებით მეორე ტაიმში და ამსტერდამში გასამართ ჯგუფურ ეტაპს მშვენიერ ხასიათზე ხვდებიან. ბოლო რეპეტიცია ნიდერლანდებს გამოუვიდა, ხოლო საქართველომ ალბათ ბევრი რამ დაინახა, თუ რა ხარვეზებია და რა ჩამორჩენა გვაქვს ევროპის ჩემპიონატზე მოთამაშე დონის კარგ გუნდებთან.

ვილი სანიოლი: ამხანაგურ მატჩში შედეგი იმდენად მნიშვნელოვანი არაა – მჯერა კოსოვოსთან უფრო კარგად ვითამაშებთ

ნიდერლანდები – საქართველო 3:0

6 ივნისი. ენსხედე

10 – დეპაი, პენ. 55 – ვეგჰორსტი. 76 – გრავენბერხი

ნიდერლანდები (5-3-2): სტეკელენბურგი – დუმფრისი, ტიმბერი (ველტმანი, 77), დე ვრეი, ბლინდი (აკე, 46), ვეინდალი (ვან ანჰოლტი, 73) – დე როონი, ვეინალდუმი (კლაასენი, 66), ფ. დე იონგი (გრავენბერხი, 66) – დეპაი, ვეგჰორსტი (მალენი, 66).

საქართველო (5-3-2): ლორია – კაკაბაძე, კაშია, ხოჭოლავა (ჯიღაური, 65), დვალი, გიორბელიძე – გვილია (კვეკვესკირი, 77), აბურჯანია (დაუშვილი, 77), კიტეიშვილი (კუხიანიძე, 88) – ლობჟანიძე (დავითაშვილი, 46), ზივზივაძე (მიქაუტაძე, 65).

გაფრთხილება: კაკაბაძე, კაშია

შემადგენლობა

ვილი სანიოლმა რუმინეთთან მატჩის შემდეგ, როგორც მოსალოდნელი იყო, შემადგენლობა გვარიანად გადაახალისა. ახლა ძნელია ექსპერიმენტული და მოულოდნელი უწოდო ნაკრების ძირითადს, რადგან მწვრთნელი მუდმივად მიმართავს როტაციას და არც ის არის გამორიცხული ჯერ თავადაც არ იცოდეს რომელია ძირითადი თერთმეტეული. ქომაგები კი ალბათ მაინც არ ელოდნენ თუნდაც ზივზივაძეს და უფრო მიქაუტაძეს და ოქრიაშვილს ვარაუდობდნენ. ასევე აღსანიშნავია, რომ სანიოლმა ფაქტობრივად ლეგიონერებით ითამაშა და აღარ დაუყენებია ფეხბურთელი საქართველოს ჩემპიონატიდან. ერთადერთი გამონაკლისი კაპიტანი გურამ კაშიაა, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ კაშია ამჟამად ეროვნულ ლიგაშია, მასაც დიდად ვერ დავუძახებთ საქართველოს ჩემპიონატის ფეხბურთელს თავისი გამოცდილებისა და კარიერის გამო.

ფრანკ დე ბური კი ფიქრებით ალბათ მაინც ევროპის ჩემპიონატზეა, ბოლო შტრიხებს ინიშნავს და არკვევს, ამიტომ მან უკეთ იცის ვინ უნდა ენახა საქმეში და ვისთვის მიეცა დასვენების შესაძლებლობა. რამდენად ეს არის ნიდერლანდების ძირითადი ამას მალევე ვნახავთ, თუმცა დე ბურმა მთავარი ვარსკვლავები თავიდანვე ათამაშა – დე ვრი, დეპაი, დე იონგი, ვეინალდუმი, დე ლიხტი კი მცირე დაშავების გამო არ დააყენეს.

მოკლედ, საქართველოს კარგი სპარინგი ელოდა და სულაც არ ვეთამაშებოდით ნიდერლანდების მეორე შემადგენლობას.

https://www.youtube.com/watch?time_continue=178&v=a50zmuLUb5Y&feature=emb_logo

პირველი ტაიმი

როგორც მოსალოდნელი იყო, მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა. თავიდან ნიდერლანდელები პრესინგით მოგვაწვნენ, ჩვენებს გარკვეული დრო დასჭირდათ დასალაგებლად, შეცდომებსაც უშვებდნენ, მეტოქე ახერხებდა როგორც მოკლე, ასე გამჭოლი პასებით თამაშს. თუმცა ისიც არ ითქმის, რომ ცალკარა იყო, ჩვენებმაც მოახერხეს მეტოქის შეწუხება და იქითაც აჩვენეს, რომ მეტი სიფრთხილე და ყურადღება მართებთ ევროპის ჩემპიონატზე.

მე-2 წუთზე საბა ლობჟანიძე გაიქცა თითქმის პირისპირ მეკარესთან, მაგრამ დამდეგი ევროპის ჩემპიონატის ყველაზე ასაკოვან ფეხბურთელს, ტანმაღალ სტეკელენბურგს ბურთი თავზე ვერ გადაუგდო.

მე-9 წუთზე საკუთარ საჯარიმოში ლაშა დვალი პოზიციურად ჩამორჩა მეტოქეს და ჯარიმა აიკიდა. პენალტი დეპაიმ მშვენივარდ შეასრულა და ანგარიში გაიხსნა.

5 წუთში კი დეპაის გიორგი ლორიამ მეორე გოლი არ გაატანინა. ჩვენმა გოლკიპერმა სასწაულად გამოაძრო ბურთი ხაზიდან და გარდაუვალ გოლს გადაარჩინა გუნდი.

პირველი ტაიმის მეორე ნახევრიდან საქართველო ცოტა დალაგდა და მეტოქის საჯარიმოსკენაც გაიხედა. ლობჟანიძე კიდევ ერთხელ გავიდა (აბურჯანიას საუცხოო პასით) სტეკელებურგთან პირისპირ, მართალია თამაშგარე დაფიქსირდა, მაგრამ ეს მომენტი აღსანიშნავი იმითაც არის, რომ მსგავსი გამჭოლი პასები გავიდა და ამ მხრივ გამოჩნდა, რომ შეიძლებოდა ხიფათის შექმნა.

30-ე წუთისთვის აბურჯანიამ შესანიშნავად გადაუგდო ბურთი კიტეიშვილს, საჯარიმოს კიდესთან მყოფმა ოთარმა ცენტრისკენ მიაწოდა გვილიას, ვაკოს დარტყმა არ გამოუვიდა, არადა იყო ხელსაყრელი პოზიცია.

ტაიმის მიწურულს ისევ ლორიამ იყოჩაღა. დე იონგი საჯარიმოს ხაზამდე დიდი პრობლემის გარეშე მივიდა და კარგადაც დაარტყა, თუმცა ჩვენმა მეკარემ ურთულესი ბურთი ნახტომში, მარცხენა ხელით კუთხურზე გადააგდო.

მეორე ტაიმი

მეორე ნახევარი მასპინძლების სრული უპირატესობით წარიმართა და კითხვაც აღარ დასმულა ვინ იყო უკეთესი და ვინ მოიგებდა. სამწუხაროდ, ჩვენებმა მეორე 45 წუთი ჩააგდეს.

55-ე ნიდერლანდებმა მეორე გოლი გაიტანა. მასპინძლებმა მშვენივრად გაითამაშეს მარჯვენა მხარეს. დე იონგმა ერთი შეხებით დეპაის მისცა, მან კი მცველები მოჭრა ისე შეუგორა ბურთი ვეგჰორსტს და “ვოლფსბურგის” ფორვარდმა ლორიასთან ახლოს მყოფმა შორეულ კუთხეში გაიტანა.

This image has an empty alt attribute; its file name is E3Nz_gEXwAAItvu-1024x682.jpg

58-ე წუთზე დაუღალავი დეპაის ჩაწოდების შემდეგ დუმფრისმა ჩამოიღო მკერდიდან, ახლო მანძილიდან დაარტყა, მაგრამ გიორბელიძეს მოხვდა და ბურთი კუთხურზე გადავარდა. კუთხურიც სახიფათო გამოდგა – დე ვრის თავური აცდა.

64-ე წუთზე ფლანგიდან დავითაშვილი შეიჭრა და დაარტყა კიდეც, ბურთი გვილიას მოხვდა და კარს ოდნავ აცდა.

67-ე წუთზე ლორიამ მორიგი პატარა სასწაული ჩაიდინა. საჯარიმოს ხაზიდან დეპაი ურტყამდა და ჩვენი მეკარე ერთხელაც გაფრინდა.

76-ე წუთზე მალენმა თითქოს დაგვინდო, როცა არ დაარტყა, მაგრამ შეტევა გაგრძელდა და იქვე ისევ დეპაის მისცეს ჩვენებმა დარტყმის საშუალება, ლორიამ ისევ მოიგერია, მაგრამ ახლო მანძილიდან, თავით დარტყმის და გოლის მარტივად შეგდების საშუალება გრავენბერხს მიეცა.

85-ე წუთზე საქართელოს გოლის გატანა და ანგარიშის “დასველება” შეეძლო. ჯიღაურმა ერთი შეხებით კარგად გაისწორა და საჯარიმოს ხაზიდან მშვენივრადაც გაუშვა, მაგრამ ბურთი ხარიხას მოხვდა.

90-ე წუთზე ვან ანჰოლტსაც ჰქონდა შანსი, მაგრამ ახლო მანძილიდან ააცილა.

ფრანკ დე ბური: ქართველების ტაქტიკამ გამაკვირვა

სტატისტიკა

ბურთის ფლობა: 61% – 38%
დარტყმები: 19 – 9
კუთხურები: 8 – 2
ჯარიმები: 17 -13
თამაშგარე: 0 – 3
პასები: 641 – 408
ზუსტი პასები: 563 – 326

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვარსკვლავები, რომლებსაც ევრო 2020-ზე ვერ ვიხილავთ

ფრანკ დე ბური: ქართველების ტაქტიკამ გამაკვირვა