in

98-წლიანი ლოდინის დასასრული და ისტორიული გამარჯვება: ნერვების ომი და ვილიარეალი ევროპა ლიგის გამარჯვებულია

98-წლიანი ლოდინი დასრულდა. ‘”ვილიარეალი”, რომელიც 1923 წელს დაარსდა არსებობის ისტორიაში პირველი ტიტული მოიგო. “ვილიარეალმა” ჩინებული სეზონი ევროპა ლიგის მოგებით დაასრულა და ინტერტოტოს თასს თუ არ ჩავთვლით, პირველი სერიოზული ტიტული მოიპოვა.

“ცრურწმენების არ მჯერა, მაგრამ 26 ჩემთვის ბედნიერი რიცხვია. ჩემი მეუღლე 26-ში დაიბადა, 26-ში დავქორწინდით და 26 რიცხვში ჩემს კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი გოლი გავიტანე. ამ ტიტულის მოგების შემთხვევაში, “მანჩესტერში” ახალი ეპოქა დაიწყება” -ეს სიტყვები “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარ მწვრთნელს ოლე გუნარ სულშერს ეკუთვნის. “მანჩესტერში” არა, მაგრამ “ვილიარეალში” ახალი ეპოქა ნამდვილად დაიწყო, სწორედ, ამიტომ გვიყვარს სპორტის ეს სახეობა, რადგან ასეთ პატარა გუნდებს აქვთ საშუალება ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ, დიდ გამარჯვებას მიაღწიონ. გამარჯვებაც, რომელიც ამ ქალაქის მცხოვრებთათვის ძალიან ბევრს ნიშნავს.

უნაიმ მასტერკლასი ჩაატარა, ამაზე ვერც ვიოცნებებდი: ზოგჯერ მატჩის ბედს ერთი დარტყმა წყვეტს – ფინალის კომენტარები

ვილიარეალი – მანჩესტერი 1:1
26 მაისი. მიესკის სტადიონი. გდანსკი

1:0 ხერარდ მორენო (29) 1:1 კავანი (55)

ვილიარეალი: რული, ფოიტი, ალბიოლი, ტორესი, პედრაზა, პარეხო, კაპე, ტრიგეროსი, მორენო, ბაკა, პინო.

მანჩესტერი: დე ხეა, ვან-ბისაკა, ლინდელოფი, ბაილი, შოუ, პოგბა, მაკტომინეი, გრინვუდი, ფერნანდესი, რაშფორდი, კავანი.

პოლონეთის ქალაქ გდანსკში ევროპა ლიგის ფინალური მატჩი გაიმართა, რომელშიც “ვილიარეალი” “მანჩესტერ იუნაიტედს” დაუპირისპირდა და ძალიან ნერვიულ, მარათონულ პენალტების სერიაში 11:10 დაამარცხა, ძირითადი დრო 1:1.

უნაი ემერიმ ევროპა ლიგა მეოთხედ მოიგო. ასევე, “წყალქვეშა ნავმა” გააგრძელა ესპანური გუნდების ტრადიცია ფინალში ინგლისელთა წინააღმდეგ. ინგლისურ გუნდებს ევროტურნირის ფინალში ესპანელების წინააღმდეგ 20 წელია არ მოუგიათ. ბოლოს, ეს 2000/01 წლების სეზონში მოხდა, როდესაც უეფას თასის ფინალში “ლივერპულმა” “ალავესი” დაამარცხა (5:4).

მატჩი “მანჩესტერის” უპირატესობით დაიწყო და საწყისი წუთები სულშერის ფეხბურთელებმა უკეთ ჩაატარეს, მაგრამ “წითელ ეშმაკებს” მომენტების შექმნა უჭირდათ. პირველი ზუსტი დარდყმა მარკუს რაშფორდს ჰქონდა, რომელმაც შორიდან გაასროლა, მაგრამ ბურთი პირდაპირ ხელებში მიუვიდა ხერონიმო რულის. “მანჩესტერის” უპირატესობის მიუხედავად, გოლი “ვილიარეალმა” გაიტანა. დანი პარეხოს საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთზე ყველას ხერარდ მორენომ დაასწრო, რის შემდეგაც ესპანეთის ნაკრების ფორვარდს დე ხეას კარის აღება აღარ გასჭირვებია.

მეორე ნახევარიც “მანჩესტერ იუნაიტედის” უპირატესობით დაიწყო და მათმა აქტიურობამ შედეგი საკმაოდ მალე გამოიღო. ვან-ბისაკას ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ, “ვილიარეალის” მცველები საკუთარ საჯარიმოში შეცდნენ, რითაც ედისონ კავანმა ისარგებლა და ანგარიში გაათანაბრა. “ელ მატადორი” გარი მაკალისტერის და დიდიე დროგბას შემდეგ, გახდა მესამე ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი, რომელმაც 34 წლის ან მეტ ასაკში ევროტურნირის ფინალურ შეხვედრაში გაიტანა.

დარჩენილ დროში “მანჩესტერი” ბურთს მეტად აკონტროლებდა, მაგრამ რეალური საგოლე მომენტი არ შექმნილა და მატჩის ძირითადი დროც ფრედ დასრულდა.
აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ესპანელთა კაპიტნის რაულ ალბიოლის ბრწყინვალე თამაში, რომელიც კლდესავით იდგა დაცვაში და მთელი 120 წუთი უშეცდომოდ ჩაატარა.

ძირითად დროში თუ “მანჩესტერი” ფლობდა უპირატესობას, დამატებით 30 წუთში ძალები “ვილიარეალს” უფრო შემორჩა და ემერის გუნდი მეტად ცდილობდა შეტევებს, მაგრამ ზედმეტ რისკზე ვერცერთი გუნდი ბედავდა წასვლას და ყველაფერი საფეხბურთო ლატარეამდე, პენალტების სერიამდე, მივიდა.

პენალტების სერია კი, ნამდვილი ნერვების ომი გამოდგა. მინდვრის 10-ვე ფეხბურთელმა 11-მეტრიანი დარტყმა ზუსტად (ხშირად იდეალურად) შეასრულა და მეკარეების ჯერიც დადგა. რულმა პენალტი კარგად დაარტყა. “მანჩესტერის” ერთ-ერთ მთავარ ვარსკვლავს კი, ვიზავიმ აჯობა და დავიდ დე ხეას გაფუჭებულმა პენალტმა “მანჩესტერს” ევროპა ლიგის ტიტული დააკარგვინა. დე ხეა ატიგმირად, რული კი გმირად იქცა.

ყველაზე პატარა ქალაქი და სარეკორდო პენალტები – ფინალის საინტერესო ფაქტები

საბოლოოდ, 1:1 (11:10) და “ვილიარეალი” 2020/21 წლების სეზონის ევროპა ლიგის გამარჯვებულია.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კაპიტანს კაპიტანი შეცვლის: დინამოს ცხადაძე გაწვრთნის

უნაიმ მასტერკლასი ჩაატარა, ამაზე ვერც ვიოცნებებდი: ზოგჯერ მატჩის ბედს ერთი დარტყმა წყვეტს – ფინალის კომენტარები