ხვიჩა კვარაცხელია ევროპაში უკვე საკმაოდ ცნობილია და არაერთი აღიარება მოიპოვა. მის შესახებ კიდევ ერთი სასიამოვნო ინფორმაცია გავრცელდა. ქართველი ტალანტი TOP 50 GOLDEN BOYS-ის ათეულში მოხვდა.
გამოცემა Footballcritic საკუთარი ალგორითმის მეშვეობით ადგენს 21-წლამდე საუკეთესო 50 ფეხბურთელს. განახლებულ სიაში კვარაცხელია მე-7 ადგილს იკავებს, რაც უდიდესი წარმატებაა.
„ჯვაროსნების“ შემტევი ისეთი ფეხბურთელების გვერდით არის, როგორებიც ერლინგ ჰაალანდი, ფილ ფოდენი, ანსუ ფატი, ალფონსო დევისი და ერიკ გარსია არიან.
ხვიჩამ ისეთი მსოფლიო კლასის ვარსკვლავებს აჯობა, როგორებიც მაგალითად, ვინისიუსი, კამავინგა, გრინვუდი, როდრიგო და ჰადსონ-ოდოი არიან. ისინი ათეულში ვერ მოხვდნენ.
შეგახსენებთ, 18 აპრილს ”ურალთან” მატჩში ხვიჩა კვარაცხელიამ ტრავმა მიიღო, რის გამოც ”რუბინს” სამ მატჩში ვერ დაეხმარა, თუმცა მან ვარჯიში განაახლა და შესაძლოა უახლოეს შეხვედრაში მონაწილეობა მიიღოს.
რუსეთის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონის დასრულებამდე 1 ტურია დარჩენილი, 16 მაისს ”რუბინი” ”როტორს” უმასპინძლებს. გამარჯვების შემთხვევაში მომდევნო სეზონში სლუცკის გუნდს ევროტურნირზე ვიხილავთ. 29 ტურის შემდეგ ”რუბინი” 52 ქულით მეოთხე ადგილზეა.
GIPHY App Key not set. Please check settings