სანაკრებო პაუზის შემდეგ, ევროპაში საფეხბურთო ჩემპიონატები განახლდა და გასულ უქმეებზე ქართული გოლებიც გავიდა. სანაკრებო მატჩებში ჩინებული თამაშის შემდეგ, ამჯერად “რუბინის” რიგებში იყოჩაღა და მშვენიერი გოლი გაიტანა ხვიჩა კვარაცხელიამ. უნგრეთში სადებიუტო გოლი შეაგდო გიორგი ხარაიშვილმა და “უიპეშტის” რიგებში ამჯერადაც გამოიჩინა თავი ნაკრებიდან დაბრუნებულმა გიორგი ბერიძემ.
მოკლედ მიმოვიხილოთ ქართული ლეგიონის გამოსვლა გასულ უქმეებზე.
პოლონეთის ექსტრაკლასაში ნიკა კვეკვესკირის “ლეხი” სტუმრად “კრაკოვიას” დაუპირისპირდა და 1:2 დამარცხდა. კვეკვესკირი სათადარიგო იყო და მოედანზე 66-ე წუთზე გამოჩნდა. ნიკა კაჭარავა ტრავმის გამო არ თამაშობს.
ვაკო გვილიას “ლეგიამ” “პოგონი” 4:2 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი თამაშში 74-ე წუთიდან ჩაერთო.
წარუმატებელი გამოდგა ქართველების თამაში ავსტრიაში. გურამ გიორბელიძის და ლუკა ლოჩოშვილის “ვოლფსბერგერი” “რაპიდს” დაუპირისპირდა და 1:8 განადგურდა. 29-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 0:1 იყო, უხეში თამაშისთვის მოედნიდან ლუკა ლოჩოშვილი გააძევეს. ლოჩოშვილისთვის ეს მიმდინარე სეზონში მესამე გაძევებაა. ფოტოზეც ჩანს როგორ ურტყამს ჩვენიანი წიხლს მეტოქეს.
გურამ გიორბელიძე მოედანზე 65-ე წუთზე ჩაერთო.
ოთარ კიტეიშვილის “შტურმი” “ზალცბურგთან” 1:3 დამარცხდა. კიტემ სრული მეორე ტაიმი ითამაშა.
თურქეთის სუპერლიგაში ლევან შენგელიას “ქონიასფორმა” “ერზურუმი” 2:1 დაამარცხა. შენგელია სათადარიგო იყო და მოედანზე არ გამოჩენილა.
საბა ლობჟანიძის “ანკარაგუჯუ” “ანთალიასფორს” დაუპირისპირდა და 1:0 დაამარცხა. ლობჟანიძე მოედანზე 64-ე წუთზე გამოჩნდა.
რუსეთში ქართული ფეხბურთის იმედმა ისევ გაიბრწყინა. სანაკრებო მატჩების შემდეგ, ხვიჩა პირველ ნახევარში დაასვენეს და “სოჩისთან შეხვედრაში მეორე ტაიმში ჩართეს. ჩართეს და ხვიჩამაც გადაწყვიტა თამაშის ბედი. შორეული დარტყმით შანსი არ დაუტოვა მეტოქეს და რუსეთის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში მე-4 გოლი გაიტანა (მიმოხილვაში ხვიჩას გოლი 1.50 წუთიდანაა)
საბა კვერკველიას, ზურიკო დავითაშვილის, ნიკა ყიფიანის და გიორგი არაბიძის “როტორი” “ლოკომოტივთან” 0:2 დამარცხდა. კვირკველია და ყიფიანი ძირითად შემადგენლობაში იყვნენ. არაბიძე კი, მოედანზე 74-ე წუთზე შევიდა.
გია გრიგალავას “არსენალმა” “ურალთან” 0:2 წააგო. საქართველოს ნაკრების გამოცდილმა მცველმა სრული მატჩი ჩაატარა.
უნგრეთში გიორგი ბერიძის “უიპეშტმა” სტუმრად 2:2 ითამაშა “ჰონვედთან”. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა 24-ე წუთზე გაიტანა. ეს ბერიძის მე-9 გოლია მიმდინარე სეზონში.
“ფერენცვაროშის” შემადგენლობაში თავისი პირველი გოლი გაიტანა გიორგი ხარაიშვილმა. მისმა “ფერენცვაროშმა” “ბუდაფოკი” 4:0 დაამარცხა. ხარაიშვილმა შეხვედრის მიწურულს თავური დარტყმით აიღო მეტოქის კარი. ლაშა დვალი “ფერენცვაროშის” თადარიგში იყო.
ბუდუ ზივზივაძის “ფეჰერვარი”, რომელიც 35-ე წუთიდან 10 კაცით დარჩა, სტუმრად დაუზავდა “კიშვარდას” – 0:0. ქართველი ფორვარდი 38-ე წუთზე შეცვალეს.
ვაკო ყაზაიშვილმა (“ულსან ჰიუნდაი”) 23-ე წუთიდან ითამაშა “სეონგნამთან” სტუმრად მოგებულ (1:0) მატჩში.
GIPHY App Key not set. Please check settings