საქართველოს ნაკრების გუშინდელი უიმედო და უსახური მარცხი ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ, “ჯვაროსნებისთვის” მუნდიალის შესარჩევში ჩატარებული 22-ე მოუგებელი მატჩია. ხვალ, ზუსტად 9 წელი გადის იმ ისტორიული დღიდან, როდესაც საქართველომ მსოფლიოს შესარჩევში თამაში მოიგო. ეს 2012 წლის 7 სექტემბერს მოხდა, როდესაც საქართველომ “დინამო არენაზე” ბელარუსი თორნიკე ოქრიაშვილის მოხდენილი გოლით დაამარცხა.
გარდა იმისა, რომ ჩვენს გუნდს 22 მატჩია არ მოუგია, ზედიზედ 10 მატჩი წააგო. ფრანგი ვილი სანიოლის თაოსნობით, რომლის დასაწყისიც ცოტა იმედიანად მოსჩანდა, ოფიციალური თამაში ჯერაც არ მოგვიგია.
ბოლო სამი შეხვედრა კი, საქართველოს ნაკრებმა ისე წააგო, რომ გოლის გატანაც ვერ მოახერხა. თუმცა, გოლს ვინ გაიტანდა, ესპანეთთან სულ 219 პასი გააკეთეს ქართველმა ფეხბურთელებმა, რომელთა დიდი ნაწილიც უკან შესრულდა.
ერთი პოზიტიური ამბავიც. გუშინდელი შეხვედრა ეროვნული გუნდის მაისურით 98-ე იყო საქართველოს ნაკრების კაპიტნის ჯაბა კანკავასთვის. შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებში ერთადერთი ფეხბურთელი, რომელსაც 100 შეხვედრა აქვს ჩატარებული, სფფ-ს მოქმედი პრეზიდენტი ლევან კობიაშვილია.
GIPHY App Key not set. Please check settings