დღეს გვიან „ნაპოლი“ ჩემპიონთა ლიგაზე ბრუნდება და პირველ 1/8 ფინალურ მატჩს ითამაშებს ფრანკფურტში „აინტრახტთან“. ბუნებრივია გუნდი უკვე გერმანიაშია და მატჩისთვის ემზადება.
ნეაპოლელთა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა და, როგორც ხდება ხოლმე, შანსები თანაბრად შეაფასა.
„მეტოქეს ევროტურნირებზე პლეი-ოფებში თამაშის მეტი გამოცდილება აქვს, ძალიან აგრესიულად უტევს. მეოთხედფინალში გასვლის თანაბარი შანსი გვაქვს.
ოსიმენი და კვარაცხელია ორივე ნიჭიერია, აქვთ ფანტაზია და ხარისხი, რათა მსოფლიო ფეხბურთს შეტყობინება გაუგზავნონ. ამასთან, ახალგაზრდები არიან. დარწმუნებული ვარ, მათ ამ შეხვედრაშიც ყველაფერს სწორად გააკეთებენ.
მეტოქის შეტევებისას წინა ხაზის მოთამაშეები მცველების დასახმარებლად უკან უნდა დაბრუნდნენ“.
მატჩის წინ კომენტარი „აინტრახტის“ მწვრთნელმა ოლივერ გლასნერმაც გააკეთა:
„შესანიშნავი მატჩი გველის. ვიცით, „ნაპოლი“ ძალიან ძლიერია, მაგრამ ჩვენც კარგ ფორმაში ვართ. სტადიონზე განსაკუთრებული ატმოსფერო იქნება. მიზანი, რა თქმა უნდა, მოგებაა. ამასთან, „ნაპოლის“ სუსტი წერტილებიც აქვს და მათ გამოყენებას შევეცდებით.
მეტოქე ყოველთვის ერთი და იგივე შემადგენლობით თამაშობს, როტაცია შესაძლოა, მხოლოდ 2-3 ფეხბურთელს შეეხოს. კვარაცხელია და ოსიმენი ძლიერები არიან, თუმცა მხოლოდ მათი კი არა, სხვების შეჩერებაც მოგვიწევს“.
ფრანკფურტელთა პრესკონფერენციაზე იყო მსოფლიო ჩემპიონი, გუნდის ნახევარმცველი მარიო გიოტცე:
„მერვედფინალში გასვლა დავიმსახურეთ. ვიცით რთული დაპირისპირება გველოდება. ამ რთულ დაპირისპირებაში გულშემატკივრები დაგვეხმარებიან. პოზიტიურად ვართ განწყობილი. გამოცდილება მნიშვნელოვანია, მაგრამ გადამწყვეტი დეტალები იქნება. შეიძლება სენსაციური შედეგიც ვიხილოთ. ცხადია, კვარაცხელიასა და ოსიმენის წინააღმდეგ ყურადღებით უნდა ვიყოთ. სიფრთხილე გვმართებს, ყოველ სამ დღეში აჩვენებენ რა შეუძლიათ“.
„აინტრახტისა“ და „ნაპოლის“ ჩემპიონთა ლიგური მატჩი თბილისის დროით 24:00 საათზე დაიწყება.
GIPHY App Key not set. Please check settings