in

წავიკითხე რომანი, რომელმაც ჩემი აზროვნება რადიკალურად შეცვალა… რა უჭირს და რა აძლევს მოტივაციას ზივზივაძეს გერმანიაში

გერმანულმა გამოცემა BNN-მა საქართველოს ნაკრებისა და “კარლსრუეს” თავდამსხმელ ბუდუ ზივზივაძესთან ჩაწერა ინტერვიუ, რომელიც ძალიან საინტერესო გამოვიდა.

“ქართველმა ფეხბურთელმა ახალი წლის პირველ ტესტმატჩებში, “ულმთან” (4:0) და “ლუცერნთან” (3:1), გოლები გაიტანა. ბუდუ ზივზივაძე არ ჰგავს იმ პროფესიონალ ფეხბურთელს, რომელიც ელის შესაძლებლობას, რათა გაზეთის წარმომადგენელს გაესაუბროს…

მაგრამ “კარლსრუეს” 29 წლის ცენტრფორვარდის პრობლემა ის არის, რომ მის გარშემო მყოფები მას აღიქვამენ, როგორც უფრო მღელვარე და ნაკლებად მხიარულ ადამიანად, ვიდრე სინამდვილეშია. არადა, ზივზივაძე ღია და გულახდილია. საუბრობს საკუთარ თავზე, “კაიზერზე”, სამუშაოსა და ოჯახზე”, – წერს შესავალში გერმანული გამოცემა.

– გერმანული ფეხბურთი გლოვობს ფრანც ბეკენბაუერის დაკარგვას. თქვენ იცით “კაიზერის” შესახებ?

– ვიცი, რომ დიდი ფეხბურთელი იყო. როცა მასზე ვფიქრობ, პირველი, რაც გონებაში ამოტივტივდა, 1970 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალია, სადაც მხრის ტრავმით თამაშობდა.

ეს ეპიზოდი კარგად აჩვენებს, თუ როგორი ხასიათი ჰქონდა და როგორი პიროვნება გახლდათ. მისთვის მოედნის დატოვება გამორიცხული იყო. ის გერმანიის ნაკრებისთვის მნიშვნელოვანი და წამყვანი ფიგურა იყო.

– თქვენთვის შეკრება მოულოდნელად დაიწყო – სასტუმროში დოპინგ-ინსპექტორები გამოჩნდნენ

– ეს უნიკალური შემთხვევაა. არასოდეს მსმენია, შეკრებაზე ტესტირებისთვის დადიოდნენ. ახლა ვიცი, რომ ისინი ამას მხოლოდ თამაშების შემდეგ არ აკეთებენ. 7 საათი იყო და მეძინა.

იმის გამო, რომ გამოვრთე მობილური ტელეფონი, კლუბის მენეჯერი თავიდან ვერ დამიკავშირდა. ვერ წარმომედინა, რომ დოპინგ-კონტროლს ასე ადრიანად და თან შეკრებაზე ატარებდნენ.

– უკვე ერთი წელია, რაც “კარლსრუეში” თამაშობთ. როგორია თქვენი შთაბეჭდილებები და გერმანიაში გატარებულ დროს როგორ აფასებთ?

– სანამ ჩამოვიდოდი, ჩვენი ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტ ალექსანდრე იაშვილისგან “კარლსრუეზე” და გერმანულ ფეხბურთზე ბევრი რამ გავიგე.

ისედაც ვიცოდი, რომ გერმანიის მესამე და მეოთხე ლიგაშიც კი დაძაბული თამაშები იყო. უნგრეთიდან გერმანიის მეორე დივიზიონში გადმოვედი, რადგან აქედან ბუნდესლიგამდე მხოლოდ ერთი ნაბიჯია. მინდოდა, ჩემი შესაძლებლობები და პოტენციალი გამომევლინა.

– …მაგრამ დიდი ხნის განმავლობაში თავის გამოჩენას ვერ ახერხებდით. რატომ?

– თავიდან ფორმაში არ ვიყავი, მხრის ტრავმის შემდეგ გუნდის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად მზად არ აღმოვჩნდი. ვითარება ეტაპობრივად შეიცვალა.

ბოლო 4-5 თვეა ვგრძნობ, რომ ძალიან კარგ ფორმაში ვარ. მგონი ამას ყველა ხედავს. მერე გავიგე, რომ გერმანიაში ბევრი ისეთი წესია, რომლის მოგვარებასაც მე და ჩემი ოჯახი ამჟამად ვცდილობთ.

– რას გულისხმობთ?

– ჩემი ოჯახის წევრების ვიზას ვადა გაუვიდა და განახლებას საჭიროებს. ამიტომ, ჩემი 3 წლის ქალიშვილი და მეუღლე ახლა საქართველოში არიან და ველოდები. იმედია, ორ-სამ კვირაში ყველაფერი დალაგდება, რადგან ჩემი შვილი აქაურ საბავშვო ბაღში დადის და მალე უნდა დაბრუნდეს.

ეს ჩემთვის, როგორც მამისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, თუ ის ისწავლის გერმანულს და ინგლისურს – ეს ცხოვრებაში უდიდესი უპირატესობა იქნება. ახლაც მახსოვს, როგორ ჩავედი “კარლსრუეში” და სიტყვებს ძლივს ვარჩევდი. მე ჯერ კიდევ ძალიან მიჭირს საუბარი, რადგან უცხო ენების ათვისება ჩემთვის არ არის ადვილი.

– თქვენ ძალიან უკმაყოფილო იყავით “კარლსრუეში” საკუთარი მდგომარეობით, ცოტას თამაშობდით და ძირითადად შეცვლაზე შედიოდით. ახლა ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა?

– რა თქმა უნდა! კონტრაქტი 2025 წლამდე მაქვს და გუნდში ჩემი პოზიციისთვის ვიბრძოლებ. სასტარტო შემადგენლობაში ვიყავი “ჰანოვერთან” და “ელვერსბერგთან”, მაგრამ ზუსტად ვერავინ იტყვის, რომ სულ ასე გაგრძელდება. კონკურენცია კარგია თითოეული ჩვენგანისთვისაც და გუნდისთვისაც.

– რეალურად თქვენ ინტროვერტი (ადამიანი, რომელსაც არ უყვარს ხმაურიანი საზოგადოება და დროის მარტო გატარება ურჩევნია – რედ) ხართ, თუ ეს მცდარი შეხედულებაა?

– ეს არ არის სიმართლისგან შორს. ჩემს გარემოცვას ვაკვირდები და მირჩევნია ცოტა ვილაპარაკო. ყოველდღიურ ცხოვრებაშიც მშვიდი ვარ. გუნდში დალაგებული ურთიერთობები გვაქვს და ერთმანეთს პატივს ვცემთ.

თუმცა თავიდან გამიჭირდა, რადგან თითქმის არავინ მელაპარაკებოდა და არაფერი მესმოდა, სანამ ინგლისურად არ მითარგმნიდნენ. ახლა თავს კომფორტულად ვგრძნობ, გუნდში ჩემი როლი მოვნახე და ყველაფერს ვაკეთებ, რომ წარმატებას მივაღწიოთ.

– ფეხბურთის გარდა, რა ან ვინ არის თქვენი მთავარი საზრუნავი?

– ჩემი 3 წლის გოგონა. მისი დაბადებით ჩემი ცხოვრება შეიცვალა. როცა ვარჯიშის შემდეგ დაღლილი სახლში მივდივარ და ის იცინის, თავს ისევ ენერგიულად ვგრძნობ. დროის ერთად გატარება გვიხარია. მისი და ჩემი მეუღლის გარეშე ჩემს ამჟამინდელ დონეს ვერ მივაღწევდი.

– თქვენი აზრით, გულშემატკივრები და კრიტიკოსები მოთამაშეებზე ოჯახის სტაბილურობას და მასთან დაკავშირებულ გავლენას სწორად აფასებენ?

– არ მინდოდა ამაზე საუბარი, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ზოგს ჰგონია, თითქოს ჩვენ ვართ არა უბრალო ადამიანები, არამედ – რობოტები, რომ არ უნდა გვქონდეს გრძნობები და ნერვები…

სიმართლე ის არის, რომ ზოგჯერ დილით იღვიძებ და იცი – დღეს საუკეთესო თამაშს ვერ ჩაატარებ. თუმცა, ყველა მოთამაშემ იცის, რომ ხალხი ფულს მისგან საუკეთესო ფეხბურთის სანახავად იხდის. ფეხბურთი გულშემატკივრებისთვისაა. მათ გარეშე ჩვენ არაფერი ვართ. მაგრამ ჩვენც მაინც ჩვეულებრივი ადამიანები ვართ.

– “კარლსრუეს” გულშემატკივრებმა გულით მიგიღეს. რას ფიქრობს თქვენი პატარა ქალიშვილი იმაზე, ვინც სტადიონზე ბურთის შეხებისას მამის სახელს ყვირის?

– ის რამდენჯერმე იჯდა ტრიბუნაზე და ჩავეხუტე, სანამ მოედანზე გასახურებად გავიდოდი. მას ჩემთვის კოცნის გამოგზავნა მოსწონს და ამ დროს ძალიან საყვარელია. ეს მაძლევს მოტივაციას. რაც შეეხება ჩვენი შესანიშნავი გულშემატკივრების რეაქციას, ისინი მაკვირვებენ, რადგან ამდენი ხანია აქ ვარ და ჯერ ბევრი არც მითამაშია.

ამის გამო მათი მადლიერი ვარ. მე ყოველთვის ვცდილობ, ბოლომდე დავიხარჯო. თუ ძალიან ბევრ შანსს ვერ გამოვიყენებ ან უაზროდ ვითამაშებ, ჩემი სახელის სკანდირებას აღარ შეეცდებიან. ეს ზეწოლაა, მაგრამ მე ეს მომწონს.

– შეკრებაზე დასვენების დღეს როგორ გაატარებთ?

– ოთახში დარჩენა მოსაწყენი იქნებოდა. მარბელიაში რამდენიმე თანაგუნდელთან ერთად გავისეირნებ. ბოლო დღეები წიგნებს ვკითხულობ და ეს ძალიან მამშვიდებს.

– რას კითხულობთ?

– ქართულ წიგნს სიყვარულზე. შარშან წავიკითხე რომანი, რომელმაც ჩემი აზროვნება რადიკალურად შეცვალა. ეს ეხებოდა კითხვებს, თუ როგორ უნდა გადარჩეს ადამიანი და როგორ უნდა მოაგვაროს პრობლემები, იმის შესახებ, თუ როგორია კომფორტის ზონიდან გასვლა და შეცდომებთან გამკლავება.

– ფეხბურთელ დირკ კარლსონს იცნობთ?

– არა. ვინ არის?

– ის ლუქსემბურგელი მოთამაშეა და წლების წინ “კარლსრუეში” თამაშობდა. მას და ლუქსემბურგის ნაკრებს საქართველო ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოსაპოვებლად 21 მარტის ფლეი-ოფში დაუპირისპირდება

– ნებისმიერ შემთხვევაში, გუნდი 100 პროცენტით მზად უნდა იყოს, რომ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მეორე ცდით მაინც გავიდეთ.

lelo.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

პირველად ამ დისციპლინაში – ვერცხლის მედლები: ქართული წყვილი ევროპის ვიცე-ჩემპიონია

ერთი რამ ყველას გვაქვს დასახული, როგორც მკაფიო მიზანი: რა უნდა საქართველოს ევროპაზე – კომენტარები