in

ჩვენი ჩემპიონები: ბაზაძემ და კინწურაშვილმა ევროპულ თამაშებზე ოქროები აიღეს

მესამე ევროპულ თამაშებზე მედლების პირველი კომპლექტები გაითამაშეს მოფარიკავეებმა. ტაურონ არენაზე გაშლილ ბილიკებზე ვაჟებმა ხმლით იასპარეზეს, ხოლო გოგონებმა დაშნით.

საშეჯიბრო დღე საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით დასრულდა: ვაჟთა შორის სანდრო ბაძაზემ გაიმარჯვა და მესამე ევროპული თამაშების ოქროს მედალი მოიგო! ეს სანდროს ზედიზედ მესამე ტრიუმფია კონტინენტურ ტურნირებზე: 2022 და 2023 წლებში მან მიჯრით მოიგო ევროპირველობები.

,,კრაკოვი-მალოპოლსკა 2023-ზე”, ხმლით მოფარიკავე ვაჟთა შორის ჯგუფურ ეტაპზე სამოცი სპორტსმენი მონაწილეობდა, მათ შორის საქართველოს ნაკრების ოთხმა წევრი. გოგონებს შორის დღეს მონაწილე არ გვყავდა.

სანდრომ მედლისკენ სვლა I ჯგუფიდან დაიწყო, სადაც ყველა, ექვსივე მეტოქე დაამარცხა: უნგრელი ტამაშ დეში, თურქი თოლგა ასლანი, პოლონელი ოლაფ სტასიაკი, ისლანდიელი გუნარ ეგილ აგუსტსონი, ჩეხი კრიშტოფ ცაცეკი და დიდი ბრიტანელი უილიამ დერი.

ფლეი ოფში სანდრო პირველ ნომრად იყო განთესილი და პირველ წრეში დაისვენა, 1/16-ფინალში კი იოლად დაამარცხა ბერძენი ანგელოს პაკგალოსი – 15:4. 1/8-ფინალში საქართველოს ნაკრების ლიდერი უნგრელ ანდრაშ შატმარის დაუპირისპირდა და კვლავ დამაჯერებლად მოიგო – 15:9, მეოთხედფინალში კი უკრაინელ ანდრეი იაგოდკას სძლია – 15:11.

ნახევარფინალში სუპერდაპირისპირება ვიხილეთ, რადგან სანდროს მეტოქე ლონდონის, რიო დე ჟანეიროს და ტოკიოს ოლიმპიადების გამარჯვებული, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი არონ სილაგი გახლდათ. ქართველმა მოფარიკავემ ურთულესი დაპირისპირება 15:13 მოიგო და ფინალში გავიდა, სადაც მასპინძელთა ფავორიტს, პოლონელ კრშიშტოფ კაცკოვსკის დაუპირისპირდა. მიუხედავად იმისა, რომ მეტოქემ ბევრი ეცადა, გამარჯვება მაინც ბაზაძეს დარჩა – 15:13.

II ჯგუფში იასპარეზა სანდროს ძმამ ბექა ბაზაძემ, რომელმაც ექვსიდან ორი მეტოქე დაამარცხა – აზერბაიჯანელი აიხან ხასიევი და ისრაელის გუნდის წევრი დავიდ ფრუმგარცი, ხოლო გერმანელ ფრედერიკ კინდლერთან, უკრაინელ ოლექსი სტაცენკოსთან, არონ შილადისთან და ჩეხ მატიას ცაცეკთან დამარცხდა.

ფლეი ოფის პირველ წრეში ბექა 37-ე ნომრად იყო განთესილი და ბულგარელ ტოდორ სტოიჩევს დაძაბულ ბრძოლაში აჯობა – 15:10, თუმცა 1/16-ფინალში გერმანელ ლორენც კემპთან 11:15 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.

III ჯგუფში იასპარეზა ვახტანგ არჩვაძემ. ახალგაზრდა მოფარიკავემ ბერძენი დიმიტრიოს კაფატარიდისი, აზერბაიჯანელი მურად აკბაროვი, თურქი ფურკან იამანი და ესპანელი ინაკი ბრავო დაამარცხა, იტალიელ ლუიჯი სამელესთან და რუმინელ რაზვან ურსაკისთან კი დამარცხდა. საბოლოოდ არჩვაძე მე-20 ნომრად მოხვდა ფლეი ოფში და 1/32-ფინალში დაისვენა. სამწუხაროდ, ვერც ის გაცდა 1/16-ფინალს – ძალიან დაძაბული ორთაბრძოლა რუმინელმა იულიან ტეოდოსიუმ თავის სასარგებლოდ დაასრულა, 15:13.

ჩვენი ოთხეულიდან ჯგუფური ეტაპი ვერ დაძლია გოგა კაკაურიძემ. VI ჯგუფში მან მხოლოდ ბერძენ ანგელოს პაგკალოსს აჯობა, ბულგარელ ივან მანდოვთან, უკრაინელ ანდრეი იაგოდკასთან, ესპანელ სანტიაგო მადრიგალთან და ირლანდიელ მიხალის კირიმლიდისთან კი დამარცხდა.

ქართული სპორტის ისტორიაში უმაღლესი რანგის ტურნირის პირველი ჩემპიონი გვყავს ტაეკვონდოში: დაბა კრინიცა-ზდროის არენაზე დიდებულად იასპარეზა ზურაბ კინწურაშვილმა (74კგ), ზედიზედ ოთხი ორთაბრძოლა მოიგო და მესამე ევროპულ თამაშებზე საქართველოს მეორე ოქროს მედალი მოუტანა!

ჩემპიონის ტიტულისკენ სვლა კინწურაშვილმა 1/8-ფინალში დაიწყო, სადაც ირლანდიელი ლეროი ნსილუ დილანდუ დაამარცხა – 13:9, 12:3.

მეოთხედფინალში ქართველმა მებრძოლმა პირველი სენსაცია შემოგვთავაზა: ოქროს მედლის ერთ-ერთ მთავარ კანდიდატს, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონს, ესპანელ დანიელ კუესადა ბარერას სძლია – 5:4, 4:4.

ნახევარფინალში მან მეორე სენსაციით გაგვახარა, როცა ურთულეს და ძალიან დაძაბულ პაექრობაში ევროპის მოქმედი ჩემპიონი, წლევანდელი მსოფლიო პირველობის ფინალისტი, სერბი სტეფან ტაკოვი ჩამოიშორა გზიდან – 2:2, 11:10.

ფინალში ზურაბის მეტოქე ბოსნია-ჰერცეგოვინის გუნდის წევრი ნეძად ჰუსიჩი გახლდათ, რომელსაც ქართველმა მებრძოლმა პირველი ნახევარი 10:7, ხოლო მეორე 6:4 მოუგო.

შეგახსენებთ, რომ ტაეკვონდო ევროპის თამაშების სპორტულ პროგრამაში მეორედაა 2015 წლის სადებიუტო ტურნირის შემდეგ.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

სამი გუნდი უკვე გავიდა: იტალიას ვერ ამოუქაჩეს, გერმანიამ წააგო და… აგვცდება

მამარდასთვის ინტერი სულ უფრო რეალური ხდება