in

სანდრო ბაზაძე გრან პრის ვერცხლის პრიზიორი და რეიტინგის ლიდერია

კორეის დედაქალაქ სეულში დამთავრდა მოხმალავეთა მსოფლიოს გრან პრი, რომელშიც ვაჟთა შორის სხვადასხვა ქვეყნის 149 წარმომადგენელი ცდიდა ძალებს. საქართველოს სპორტის ღირსებას იცავდა მოხმალავეთა საერთაშორისო რეიტინგის ლიდერი, მსოფლიოს ჩემპიონატების ვერცხლისა და ბრინჯაოს პრიზიორი, პოლონეთში 2023 წლის ევროპული თამაშების გამარჯვებული, კონტინენტის ჩემპიონატების ორგზის ოქროს და სამგზის ბრინჯაოს მფლობელი სანდრო ბაზაძე.

ქართველმა მოფარიკავემ პლეი ოფში ფინალამდე ხუთ მეტოქეს აჯობა. ზედიზედ დაამარცხა რეო ჰივატაში (იაპონია) – 15:8, ჰანგილ ჯეონგი (კორეა) – 15:6, ოლიმპიადების ორგზის და აზიური თამაშების ექვსგზის გამარჯვებული, მსოფლიოს ოთხგზის და აზიის 14-ზის ჩემპიონი კუ ბონ გილი (კორეა) – 15:12, გუნდურში ევროპული თამაშების 2023 წლის ჩემპიონი, ევროპის ჩემპიონატების ერთი ოქროს, სამ-სამი ვერცხლისა და ბრინჯაოს მფლობელი ბოლად აპიტი (საფრანგეთი) – 15:8, კოლინ ჰიტკოკი (აშშ) – 15:13. გადამწყვეტი შეხვედრა მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორ ზიად ელსისთან (ეგვიპტე) წააგო – 13:15. არადა, შარშან მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში სანდრომ სწორედ ზიადს სძლია დაძაბულ ბრძოლაში 15:14 და ფინალში გავიდა, სადაც ამერიკელ ელი დერშვიცთან ვერაფერს გახდა (6:15) და ვერცხლის მედალს დაყაბულდა.

სეულში ბაზაძის კონკურენტმა ელსისმა ნახევაფინალში ამერიკელ ფილიპ დოლეჯიევიჩს მოუგო – 15:14, რომელმაც მანამდე მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი, გუნდურში ევროპული თამაშებისა და კონტინეტის ჩემპიონი მაქსიმ პიანფეტი (საფრანგეთი, 15:14) და ტოკიოს თამაშების გამარჯვებული, მსოფლიოს ხუთგზის და აზიის ოთხგზის ჩემპიონი ო სან უკი (კორეა, 15:12) ჩამოიშორა გზიდან.

კვარცხლბეკი. 1. ზიად ელსისი (ეგვიპტე), 2. სანდრო ბაზაძე (საქართველო), 3. ფილიპ დოლეჯიევიჩი, კოლინ ჰიტკოკი (ორივე – აშშ).

გრან პრის ფინალში მარცხის მიუხედავად, სანდრო ბაზაძე მსოფლიოს განახლებულ რეიტინგში, რომელიც სეულის ორთაბრძოლების დასრულების შემდეგ გამოქვეყნდა, ლიდერად რჩება – 242 ქულით პირველ ადგილზეა. ქართველ მოფარიკავეს 38 ქულით ჩამორჩება ზიად ელსისი (ეგვიპტე). 161 ქულით მესამე ადგილზეა ალი პაგდამანი (ირანი).

პირველ ათეულში მომდევნო ადგილებზე არიან სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი არონ სილადი (უნგრეთი) – 152, კოლინ ჰიტკოკი (აშშ) – 148, ელი დერშვიცი (აშშ) – 145, მატიას საბო (გერმანია) – 144, ო სან უკი (კორეა) – 134, ბოლად აპიტი (საფრანგეთი) – 128, სებასტიან პატრისი (საფრანგეთი) – 126 ქულა.

lelo.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ზაფხულში ნიუკასლი მამარდაშვილის დამატებას ეცდება

ქართველმა ბიზნესმენმა ინგლისური კლუბი შეიძინა