“IT’s a new day, It’s a new dawn, It’s a new life” – დიახ, ვერ ვიტყვით, რომ ნინა სიმონემ ეს სიტყვები პრემიერ ლიგის 2022/23 წლების სეზონისთვის დაწერა, მაგრამ ჩვენ, ნაღდად, “feeling good”.
მოდით, ნაკლებმნიშვნელოვანი მატჩები უცებ გავიაროთ: “ბორნმუთი” და “ბრენტფორდი” ერთურთს უგოლოდ დასცილდნენ.
აქვე გეტყვით, რომ ფრენკ ლამპარდის “ევერტონმა” “საუთჰემპტონი” “სენტ მერიზე” 2:1 დაამარცხა და ბრიტანული ტაბლოიდების ცნობით, წმინდანების მესაჭე, რალფ ჰაზენჰუტლი გათავისუფლების მთავარი კანდიდატია.
ახლა კი…
ჩრდილო ლონდონური დერბი – “არსენალმა” ლონდონურ გუნდებს შორის ყველაზე საძულველს, “ტოტენჰემს” უმასპინძლა და მორიგი შთამბეჭდავი გამარჯვებაც მოიპოვა.
პირველ ტაიმში ტომას პარტიმ ისეთი გაისროლა უგო ლორისიც კი სტატისტად მოგვევლინა, მაგრამ შემდეგ იყო პენალტი და კეინის გოლი.
მეორე ნახევარში კი მეთოფეებმა დიდი სათამაშო უპირატესობა ორ გოლში თარგმნეს და გაბი ჟეზუსისა და გრანიტ ჯაკას გოლებით მორიგი 3 ქულა მოიპოვეს, შესაბამისად, “არსენალი” პრემიერ ლიგის სათავეშია.
“კლოპის ჭირსა ვერვინ მოსთვლის” – საერთოდ, რა ხდება “ლივერპულელთა” თავს?! კითხვა ძახილი იმიტომ, რომ გუნდმა ვერა და ვერ იპოვნა სასურველი ფორმა. ამჯერად ფენიქსის მეტოქე დომენიკო დე ძერბის “ბრაიტონი” იყო და წინა სეზონის მსგავსად, ვერც ამჯერად მოახერხა თოლიების “ენფილდზე” ძლევა.
ლეანდრო ტროსარის ჰეთ-ტრიკი როგორ მოგწონთ? მატჩის სტარტზევე “ბრაიტონი” 2:0 დაწინაურდა, მაგრამ სი სენიოოორ… ფირმინომ ორჯერ გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა.
ამის შემდეგ წითლებმა კუთხურიდან ერთი შეაგდეს და თითქოს “ლივერპული” სამ ქულას მიუახლოვდა, მაგრამ მორიგი დაცვითი კოლაფსი, რომლის თავშიც ვირჯილ ვან დაიკი იდგა და ტროსარის მორიგი გოლი – 3:3.
ვან დაიკის საშინელი ფორმა ცალკე ამბავია. ნამატჩევს, კლოპმა თქვა: ” ჩვენი მუხტი თუ არ დავიბრუნეთ ასე გაჭირდებაო”.
მორიგი 3 ქულა მოიპოვა ედი ჰაუს “ნიუკასლმა” და ამჯერად ლუკმა მარკო სილვას “ფულემი” იყო, რომელსაც ქრეივენ ქოთიჯის მაგიამაც ვერ უშველა და სტუმრებმა 4:1 გაილაღეს.
მივადექით მორიგ ლონდონურ დერბის და ამჯერად სცენაზე პატრიკ ვიეირას “კრისტალ პალასს” და გრემ პოტერის “ჩელსის” ვუხმოთ.
მატჩის სტარტზე აიუმ საჯარიმოში ცბიერად ჩააგდო და ოდსონ ედუარმა ტორტს ალუბალი დაადო.
საინტერესო ეპიზოდი იყო 34-ე წუთზე, როდესაც ტიაგო სილვამ ბურთი დაკარგა წაიქცა და აიუს თამაშის საშუალება არ მისცა – შეგნებულად გასცხო ბურთს ხელი. საინტერესო ისაა, რომ სილვა ბოლო მცველი იყო და ვარმა ეპიზოდს გადახედა, მაგრამ ბრაზილიელი მცველი სასწუალებრივად გადაურჩა წითელ ბარათს. ამ ეპიზოდს “BBC”-მ ასეთი შეფასება მისცა: “He’s very very very very very lucky” და ამით ყველაფერი ნათქვამია.
ეპიზოდიდან რამდენიმე წუთში მისი პასით პიერ ემერიკ ობამეიანგმა სადებიუტო გოლი შეაგდო.
უკვე 90-ე წუთია და თითქოს “ჩელსიმ” ქულები უნდა დაკარგოს, მაგრამ მოედანზე გამოსულმა კონორ გალაჰერმა 23 მეტრიდან უკიდურეს კუთხეში ჩაახვია და “ჩელსიმ” მორიგი გამარჯვება მოიპოვა. საინტერესო კი ისაა, რომ გალაჰერი გასულ სეზონში “პალასისთვის” უტევდა და ფეერიული სეზონიც გამოუვიდა, ჰოდა, არწივებს გველი გაუზრდიათ უბეში.
ამის შემდე გკი იყო “ვესტ ჰემისა” და “ვულვზის” მატჩი და ლონდონელების 2:0 გამარჯვება. ამ მატჩის შემდეგ კი “ვულვზმა” მწვრთნელი ბრუნო ლაჟი თანამდებობიდან დაითხოვა.
“ასტონ ვილა” და “ლიდსი” კი უგოლოდ დასცილდნენ ერთმანეთს.
“last but not least” – ასეთი ფრაზა აქვთ ინგლისელებს – ბოლო, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი – მანჩესტერული დერბი!
ყოველგვარი შემოვლის გარეშე – 6:3 და ისტორიაში ყველაზე შედეგიანი დერბი, რომლის მთავარი გმირებიც მანჩესტერის ლურჯ ბანაკში ვნახეთ. ფილ ფოდენის ჰეთ-ტრიკი, დე ბრუინის საოცარი პასები და ერლინგ ჰოლანდის ჰეთ-ტრიკი.
ნორვეგიელმა მონსტრმა ამ სეზონში უკვე მე-14 პრემიერ ლიგური გოლი შეაგდო და ალბათ, საბომბარდირო დავა გადაწყვიტა, მაგრამ ამასთანავე მან მესამე ჰეთ-ტრიკი შეასრულა, რისთვისაც სულ 8 მატჩი დასჭირდა. ერლინგმა მაიკლ ოუენის რეკორდი გააუმჯობესა, რომელსაც აღნიშნული მიღწევისათვის 49 მატჩი დასჭირდა…
დღეს კი პრემიერ ლიგის დასკვნითი მატჩი “ქინგ ფაუერზე” “ლესტერსა” და “ნოტინგემ ფორესტს” შორის გაიმართება.
GIPHY App Key not set. Please check settings