სანაკრებო პაუზას ქართული ფეხბურთის გულშემატკივრები კარგ ხასიათზე ვხვდებით. ამის საფუძველი ქართველმა ლეგიონერებმა მოგვცეს, რომლებმაც გასულ უქმეებზე საკმაოდ კარგი მატჩები ჩაატარეს და ქართული გოლებიც ვიხილეთ.
ესპანეთის ლა ლიგაში გიორგი მამარდაშვილის “ვალენსია” “მესტალიაზე” სიმეონეს “ატლეტიკოს” დაუპირისპირდა და 3:3 ითამაშა. მადრიდელები 1:3-ს იგებდნენ, მაგრამ “როხიბლანკომ” ანგარიშის შენარჩუნება მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროს ვერ მოახერხა და ხოსე ბორდალასის გუნდმა მნიშვნელოვანი ქულები ჩაიწერა აქტივში. მამარდაშვილი სათადარიგო იყო.
ლა ლიგა 2-ში გიორგი მაკარიძის “ალმერიამ” “ბურგოსს” 2:0 მოუგო. მაკარიძე, ისევ თადარიგშია. წინა სეზონისგან განსხვავებთ გიორგის არ ენდობიან და ის ფაქტობრივად უთამაშებელია.
გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში დრეზდენის “დინამო” “კილთან” 1:2 დამარცხდა. გურამ გიორბელიძე დრეზდენელთა შემადგენლობაში სათადარიგო იყო და მოედანზე არ გამოჩენილა.
საფრანგეთის ლიგა 2-ში გიორგი კოხრეიძის “გრენობლმა” “დიუნკერკი” 1:0 დაამარცხა. კოხრეიძე მოედანზე 78-ე წუთზე გამოჩნდა და მხოლოდ ყვითელი ბარათით დაგვამახსოვრა თავი.
ბელგიის იუპილერ ლიგაში ქართველთა დუელი შედგა. გიორგი მიქაუტაძის “სერენი” გიორგი ჩაკვეტაძის “გენტს” დაუპირისპირდა. მატჩი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. ჩაკვეტაძე ძირითადში იყო და 58-ე წუთზე შეცვალეს. მიქაუტაძე კი, მოედანზე 76-ე წუთზე გამოჩნდა.
პორტუგალიის პრიმეირა ლიგაში გიორგი აბურჯანიას “ჟილ ვისენტე” “აროუკას” დაუზავდა – 1:1. აბურჯანიამ 83-ე წუთიდან ითამაშა.
თურქეთის სუპერლიგაში საბა ლობჟანიძის “ჰატაისპორი” “ადანა დემირსპორთან” 0:1 დამარცხდა. ლობჟანიძე 68-ე წუთზე შეცვალეს.
რუსეთის პრემიერლიგაში ხვიჩა კვარაცხელიას “რუბინი” საკუთარ მოედანზე “როსტოვთან” 1:5 განადგურდა. კვარაცხელიამ შეუცვლელად ითამაშა. ხვიჩა გააფრთხილეს და დაგროვებული ყვითლების გამო მომდევნო მატჩს გამოტოვებს
ზურიკო დავითაშვილის ტულას “არსენალი” “უფასთან” უგოლო ფრეს დასჯერდა. დავითაშვილმა 76-ე წუთიდან ითამაშა. ჯიმი ტაბიძე კი, განაცხადშიც არ ყოფილა.
პოლონეთის ექსტრაკლასაში ნიკა კვეკვესკირმა “ლეხი” “ლეჩნასთან” ფრეს დასჯერდა-1:1. კვეკვესკირმა 62-ე წუთიდან ითამაშა.
ვაკო გვილიას “რაკოვი” “პოგონს” უგოლოს დაშორდა. გვილია მე-60 წუთზე შეცვალეს.
უნგრეთში გიორგი ბერიძის “უიპეშტი” “პუშკაშ აკადემიასთან” 1:2 დამარცხდა. ბერიძემ პენალტი გაიტანა.
ბუდუ ზივზივაძის “ფეჰერვარმა” შინ 3:0 მოუგო “ზალაეგერსეგს”. ქართველი ფორვარდი თამაშში მე-88 წუთიდან ჩაერთო.
სლოვაკეთში გურამ კაშიასა და ჯაბა კანკავას “სლოვანმა” შინ 1:0 მოუგო “რუჟომბეროკს”. ქართველებმა შეუცვლელად ითამაშეს.
უკრაინაში გიორგი წიტაიშვილმა “ჩერნომორეცის” მაისურით პირველი გოლი გაიტანა, საერთოდ კი, პირველად აიღო კარი 2021 წლის 14 თებერვლის შემდეგ. “ჩერნომორეცმა” რუხი” 4:3 დაამარცხა.
კვიპროსის პირველ დივიზიონში ქართველების (მურთაზ დაუშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი, გიორგი ქვილითაია) აპოელ-მა შინ 3:0 მოუგო ლიმასოლის აელ-ს. ეს იყო მატჩი, რომელიც გიორგი ქვილითაიას ბენეფისად იქცა – 2 გოლი (ერთი – პენალტით, მთლიანად ჩემპიონატში – 3) და საგოლე პასი (თორნიკე ოქრიაშვილის ჯარიმის შემდეგ). ამას გარდა, მან 39-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო და შეუცვლელად ითამაშა.
აზერბაიჯანში დავით ვოლკოვმა 3 გოლი გაიტანა და სათავეში ჩაუდგა ბომბარდირთა დავას (8 გოლი), თუმცა მისმა ჰეთ თრიკმა (პირველი – აზერბაიჯანულ კარიერაში) მხოლოდ ქულა (3:3) მოუტანა “ზირას” მიხეილ ერგემლიძის (74-ე წუთიდან ჩაერთო თამაშში) “საბაჰთან” გასვლით მატჩში.
GIPHY App Key not set. Please check settings