in

ქართული სული – ეს სიყვარულია ქვეყნისა, რომელისთვისაც მუდმივად იბრძვიან, არასოდეს ნებდებიან: ილიას ზუროსი საქართველოზე

მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების მწვრთნელი ილიას ზუროსი საბერძნეთში გაემგზავრა. გამოცემა „გაზეტასთან“ ინტერვიუში მან საქართველოს ნაკრების შესახებ ვრცლად და ემოციურად ისაუბრა.

– გულზე ხელი დაიდეთ და თქვით, ფიქრობდით, რომ საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე 8 წელს გაატარებდით?

– როდესაც საბერძნეთის ნაკრებში მუშაობა დავასრულე, გადავწყვიტე, სანაკრებო საქმისთვის ხელი აღარ მომეკიდა. ეს საკლუბო სამუშაოსგან ძალიან განსხვავდება. მაგალითად, როდესაც ნაკრების მთავარი მწვრთნელი ხარ, მოთამაშეებთან მუშაობისთვის ძალიან ცოტა დრო გაქვს. ზამთარში დრო საერთოდ არ არის. 2-3 დღეში უნდა მოასწრო და იმუშაო ტაქტიკაზე და მიიღო მოთამაშეებისგან მაქსიმალური სარგებელი.

ასეთ პირობებში აუცილებელია იღბალი, ბევრი რამ დამოკიდებულია, როგორ ჯგუფში მოხვდები, როგორი შემადგენლობით ითამაშებ…

– გულისხმობთ იღბალს ისლანდიასთან მატჩში? ფრიდრიკსონს ბოლო წამებზე სამქულიანი რომ ჩაეგდო, საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ ითამაშებდა…

– ისლანდიასთან მატჩამდე დავუპირისპირდით იტალიას. თითქმის მთელი თამაში წინ ვიყავით, თუმცა ბოლო წამებზე დაშვებული შეცდომის გამო დავმარცხდით. შეცდომა იყო დაშვებული წამების აღრიცხვაში. ასე რომ არ ყოფილიყო, ბოლო შეტევაში თორნიკე შენგელიაზე ჯარიმა საფინალო სირენამდე დაფიქსირდებოდა და საჯარიმოს ხაზზე დადგებოდა… გავიმარჯვებდით იტალიასთან და არ დაგვჭირდებოდა ისლანდიასთან ბოლო წამამდე მოლოდინი. არც ის იყო გამორიცხული, იტალია მსოფლიო ჩემპიონატს მიღმა დარჩენილიყო. მცირე დეტალებს დიდი მატჩების ბედის გადაწყვეტა შეუძლია.

გავიხსენოთ, რომ ბევრი კარგი გუნდი ვერ მოხვდა მსოფლიო ჩემპიონატზე მხოლოდ იმიტომ, რომ მათ სანაკრებო ფანჯრებისას ვერ შეკრიბეს საბრძოლო შემადგენლობა.

– შეძელით სტერეოტიპების დამსხვრევა საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელობისას?

– როდესაც უცხოეთში მუშაობთ (ნაკრებში თუ კლუბში), უნდა გაიცნოთ კულტურა, ტრადიციები, ხალხის ფილოსოფია, რომ შემდეგ მოახერხოთ მათ „ტყავში შეძრომა“. ანუ უნდა შეგეძლოთ იმ განსხვავებების გარჩევა, რაც ახალი ქვეყნისა და თქვენს კულტურაშია. ეს ადაპტაციისთვის კარგ საფუძველს მოგცემთ.

8 წლის განმავლობაში იყო ბევრი სირთულე. როდესაც საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელად დავინიშნე (2016 წელს) ძალიან ნიჭიერი გუნდი იყო. თუმცა მალე კარიერა დაასრულა რამდენიმე წამყვანმა კალათბურთელმა: ზაზა ფაჩულიამ, მანუჩარ მარკოიშვილმა, ვიქტორ სანიკიძემ. მანუ ახლა ჩემი ასისტენტია, ვიქტორი – კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი.

მათი გამოკლების შემდეგ შევეცადეთ რეზერვით შეგვევსო, მაგრამ საქართველოში საბერძნეთთან და მსგავს ქვეყნებთან შედარებით ნაკლები რესურსია.

– რა აღმოაჩინეთ პირველ ვარჯიშზე?

– დიდი დრო არ დამჭირდა იმის გასააზრებლად, როგორ მეთამაშა. საქართველოს ნაკრებს სჭირდებოდა რაღაც მიზანმიმართული. „ფრისტაილი“, რომელსაც შეჩვეულები იყვნენ, ყოველთვის ვერ იძლეოდა სათანადო შედეგს. ნიჭიერ გუნდს ნელ-ნელა საკუთარი ფილოსოფია გადავეცი. უმთავრესად დაცვას ვგულისხმობ. ეს იყო მთავარი, რაზეც სამუშაო გვქონდა და, ვფიქრობ, ცდად არ გავუმკლავდით. ზოგი რამ ახალი დავამატეთ, ზოგი რამ ჩემი წინამორბედის, იგორ კოკოშკოვისგან დავტოვეთ.

მძიმე დროება ორი წლის შემდეგ დადგა, როცა ზემოთ ჩამოთვლილი კალათბურთელები წავიდნენ. ამას დაემთხვა ფიბა-ს ახალი სისტემა და ფანჯრები, რომლის დროსაც ევროლიგის კალათბურთელები ნაკრებს ვერ ეხმარებოდნენ. ამ გზაზე ჩვენი პირველი მეტოქე გერმანია იყო!

– ნაკრების პარალელურად მუშაობდით „ბუდუჩნოსტში“, „პერისტერისა“ და „პრომეთეოსში“. ამ კლუბებიდან ნაკრების გამო ხომ არ წამოხვედით?

– მქონდა მოლაპარაკება, რომლის მიხედვითაც ყველაფერი მისაღები იყო, რაც ნაკრებში მუშაობაში ხელს არ შემიშლიდა. ფედერაციასთან მუდმივ კონსულტაციებში ვიყავი.

ესპანეთის უმაღლეს ლიგაში მუშაობის უფლება არ გაქვთ, თუ პარალელურად რომელიმე ნაკრებს წვრთნით. ორი წლის განმავლობაში იყო შემოთავაზებები ესპანეთიდან, მაგრამ არ წავედი, რადგან საქართველოს ნაკრების დატოვება მომიწევდა.

გასულ წელს მივიღე წინადადება რუსული კლუბიდან, თუმცა უარი ვთქვი პოლიტიკური შეხედულებების გამო.

– ქართველები როგორი ხალხია? თქვენი ტემპერამენტი მოდის შესაბამისობაში?

– ქართველებსა და ბერძნებს ბევრი საერთო გვაქვს. ქართველებს ფეთქებადი ხასიათი აქვთ, მძაფრად აღიქვამენ იმედგაცრუებას და იოლად სწევენ თამასას, ზოგჯერ იმის გაუცნობიერებლად, რას მივაღწიეთ. ამ თემაზე თორნიკე შენგელიასთან მქონდა საუბარი. მის სიტყვებს არასოდეს დავივიწყებ: „ლიმონი ბოლო წვეთამდე გამოვწურეთ“, – მითხრა. მართლაც ასე იყო: გაცილებით უკეთესად ვითამაშეთ, ვიდრე ამ გუნდს რეალურად შეეძლო. ძალიან წინ წავედით. არ ვიცი, გაიგო თუ არა მსოფლიომ, რას მივაღწიეთ.

– როგორ მიიღეთ დევიზი – „ქართული სული“?

– ქართველები ამაყი და მებრძოლი ხალხია. მათ არაფრისა ეშინიათ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მსოფლიოს ნებისმიერ გუნდთან უშიშრად იბრძვიან. აშშ-სთან რომ გავიდეთ, ქართველები დარწმუნებულები იქნებიან, რომ გაიმარჯვებენ. ქართული სული – ეს სიყვარულია ქვეყნისა, რომელისთვისაც მუდმივად იბრძვიან, არასოდეს ნებდებიან.

რაც შეეხება კაპიტან თორნიკე შენგელიას, იგი დიდი პატრიოტია, უყვარს ნაკრები. თებერვალში მან 4 დღეში სამი მატჩი გამართა – ორი ნაკრებში, ერთი კლუბში. ვერც კი ვითვლი, რამდენი თვითმფრინავი გამოიცვალა, რომ საქართველოს ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლაში დახმარებოდა. ის სამაგალითო ადამიანია.

– მსოფლიო ჩემპიონატზე ავსტრალიასთან მატჩის შემდეგ კალათბურთელებს მადლობა გადაუხადეთ რვაწლიანი ერთობლივი შრომისთვის…

– როდესაც მოთამაშეებთან, ნაკრების სხვა წევრებთან ერთად ამდენ სირთულეს გადიხარ, მათთან ბევრ საერთოს ნახულობ, ბუნებრივად ახლოვდები. მნიშვნელოვანი მომენტია იმ კალათბურთელებისთვისაც, რომლებიც ათწლეულებია ნაკრებში არიან, მაგალითად გიორგი შერმადინი და გიორგი ცინცაძე.

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის შემდეგ ჩემპიონი მწვრთნელი გორდონ ჰერბერტი რომ ვნახე, ერთიანად მოეხსნა ყოველგვარი სტრესი, დაძაბულობა… ხალხი ზოგჯერ ვერ იაზრებს, რას განიცდის მწვრთნელი ამა თუ იმ ტურნირისა თუ თამაშისას. ასეთ დროს იოლია კრიტიკა. ლაპარაკი ყოველთვის იოლია, მაგრამ ძალიან ცოტაა, ვისაც შეუძლია დიდი საქმის კეთება. უნდა გავაცნობიეროთ, რა პროცესს გადის მწვრთნელი, სპორტსმენი, რა მოცულობის სამუშაოს ასრულებს ამა თუ იმ მიზნის მისაღწევად. სავარძელში ჯდომა და კრიტიკა ყველაზე იოლია.

– ყველაზე მეტად რომელი შეტყობინება დაგამახსოვრდათ მსოფლიო ჩემპიონატის დასულების შემდეგ?

– 37 წელია მწვრთნელად ვმუშაობ. ჩემი პირველი ქომაგი ჩემი ოჯახია. როგორც წესი, წაგებაში დამნაშავე ყოველთვის მწვრთნელია. ოჯახის წევრები რთულ პერიოდშიც ჩემს გვერდით არიან და წარმატებაც ყველაზე მეტად უხარიათ.

– 57 წლის ბრძანდებით. კალათბურთში 37 წელია მუშაობთ. ამ გადმოსახედიდან რა ადგილი უჭირავს საქართველოს ნაკრებს თქვენს კარიერაში?

– დიდი სითბო მივიღე. სასიამოვნოა, როცა ხალხი ქუჩაში მადლობას გიხდის იმისთვის, რაც გააკეთე; თბილისში მიმავალ თვითმფრინავში მოდიან და ხელს გართმევენ მადლობის სიტყვებით… ერთია პროფესიული მხარე, მეორე – ხალხის სიყვარული. ყოველთვის ვცდილობ დავეხმარო ჩემს კოლეგებს. პირადი მიზეზის გამო მსოფლიო ჩემპიონატზე არ გვყავდა გიორგიოს ლიმნაიტისი. თუმცა ძალიან დამეხმარნენ ანატოლი ბოისა, მანუჩარ მარკოიშვილი, დიმიტრის ანტონიადისი და დიმიტრის დალასი.

– ზაფხულში საქართველოს ნაკრები ოლიმპიადის შესარჩევ ტურნირზე ითამაშებს. თქვენ იქ იქნებით?

– საქართველო მსოფლიოს საუკეთესო 16 გუნდში შევიდა. ეს დიდი მიღწევაა. შემდეგში რა მოხდება, არ ვიცი. ველოდებით, რომ ფედერაციის ახალი ხელმძღვანელობა შეადგენს სამომავლო გეგმას. განსაზღვრავს, რა გზით წავა ნაკრები, წავა იმ გზით, რითაც ახლა მიდის, თუ აირჩევს გაახალგაზრდავების გზას. ამ თემაზე ფედერაციის ხელმძღვანელებს ველაპარაკე. როდესაც გაახალგაზრდავების გეზს იღებ, 1-2 წელი მაღალ შედეგს ვერ მოითხოვ. ეს გააკეთა ესტონეთმა, რომელიც 30-40 ქულით აგებდა, თუმცა ახლა ყველა ნაკრებისთვის ანგარიშგასაწევი ძალაა. კარგი გუნდი დადგა.

1tv.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

თბილისის დინამო ლეგიონერებით გაძლიერდა, ტაბიძე წავიდა

შეცდომები საკუთარ თავში უნდა ვეძებოთ, მოვემზადოთ და საქმე გამოვასწოროთ