in ,

ფინალში გასვლამ მთელ ჩვენს მუშაობას მნიშვნელობა შესძინა: სიტი 42-ე გუნდია, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ფინალშია

ხოსეპ გვარდიოლამ და “მანჩესტერ სიტიმ” ისტორია დაწერეს. “სიტი” ჩემპიონთა ლიგის ფინალში პირველად გავიდა. რაც შეეხება საერთოდ ევროტურნირებს, “ქალაქელები” ფინალში ერთადერთხელ, 1969/70-იანი წლების თასების თასზე იყვნენ, როდესაც ფინალში პოლონური “გურნიკი” დაამარცხეს. “მანჩესტერ სიტი” გახდა 42-ე გუნდი ისტორიაში, რომელმაც ლიგის ფინალში გააღწია. გამარჯვების შემთხვევაში კი, ისტორიაში 23-ე იქნება, რომელიც ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის თასს დაეუფლება.

სიტი vs პსჟ: ფაქტები

მანჩესტერში, “ეტიჰად არენაზე” ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი ნახევარფინალური შეხვედრა გაიმართა. “სიტი” პსჟ-ს დაუპირისპირდა და 2:0 დაამარცხა. პარიზული გუნდი შეხვედრას სერიოზული დანაკლისით შეხვდა. გუნდს ტრავმის გამო, მთავარი ვარსკვლავი კილიან მბაპე ვერ ეხმარებოდა. ისიც აღსანიშნავია, რომ თამაშამდე რამდენიმე საათით ადრე, მანჩესტერში ძლიერი სეტყვა მოვიდა და მთელი პირველი ტაიმი მოედანი სეტყვის ნარჩენებით იყო სავსე. ამან გარკვეული კორექტივები თამაშის მიმდინარეობაზეც შეიტანა.

This image has an empty alt attribute; its file name is 02-1mt_g1a5400-neymar.jpg

შეხვედრა პეპ გვარდიოლას გუნდის უპირატესობით დაიწყო და პირველივე დარტყმა კარში გოლით დასრულდა. თანამედროვე ფეხბურთში ძალიან მნიშვნელოვანია მეკარე, გარდა კარის ხაზზე დამაჯერებელი თამაშისა, ფეხითაც კარგად თამაშობდეს. ამ მხრივ, ერთ-ერთი გამორჩეული “სიტის” ბრაზილიელი კარის დარაჯი ედერსონია. მისი გრძელი პასით ზინჩენკომ (დიდებული მატჩი ითამაშა) კარგი კონტრშეტევა დაიწყო. უკრაინელის ფლანგური პასის შემდეგ, დე ბრუინი ურტყამდა, რომელსაც მცველები გადაეღობნენ, ბურთი რიად მაჰრეზს მიუვიდა და ალჟირელემაც ზუსტი დარტყმით ფეხებს შორის გაუძვრინა კეილორ ნავასს.

ამის შემდეგ “სიტიმ” გვარდიოლას საყვარელ “ტიკი ტაკას” მიმართა, ბურთს აკონტროლებდა, პარიზელები კი ხეირიანს ვერაფერს ქმნიდნენ. ერთი მეტ-ნაკლებად სახიფათო მომენტი მარკიონიოსს ჰქონდა, რომლის თავურის შემდეგ ინგლისელები ხარიხამ იხსნა. ტაიმის მიწურულს “სიტის” შეეძლო ინტრიგა მოესპო, მაგრამ მაჰრეზს ამჯერად ნავასმა აჯობა.

მეორე ტაიმიც “მანჩესტერ სიტის” უპირატესობით წარიმართა. პოჩეტინომ თამაშში ცვლილებები 62-ე წუთზე გააკეთა, მაგრამ ეს ძვირად დაუჯდა. ზუსტად ერთ წუთში, “სიტიმ” კლასიკური კონტრშეტევა გაითამაშა და რიად მაჰრეზმა ახლო მანძილიდან კიდევ ერთხელ აიღო ნავასის კარი.

ამის შემდეგ პსჟ უხეშობაზე გადავიდა და ფერნანდინიოსთან არასპორტული თამაშისთვის კუიპერსმა მოედნიდან ანხელ დი მარია გააძევა და პოჩეტინოს გუნდი მოედანზე ათი კაცით დარჩა.

“სიტიმ” დარჩენილ დროში მატჩი გამარჯვებამდე მიიყვანა, პსჟ-მ კი, სამი ტაიმის განმავლობაში მანჩესტერელებს ზუსტად კარში ერთხელაც ვერ დაურტყა.

სიტი – პსჟ 2:0
პირველი მატჩი 2:1

“ეტიჰად არენა”. მანჩესტერი

“სიტი”: ედერსონი, უოკერი, სტოუნზი, რუბენ დიაში, ზინჩენკო, ბერნარდო სილვა (82. სტერლინგი), ფერნანდინიო, გიუნდოგანი, მაჰრეზი, დე ბრუინი (82. გაბრიელ ჟესუსი), ფოდენი (85. აგუერო)

პსჟ: ნავასი, ფლორენცი (75. დაგბა), მარკინიოსი, კიმპემბე, დიალო (83. ბაკერი), ანდერ ერერა (62. დრაქსლერი), პარედესი (75. დანილო), დი მარია, ვერატი, ნეიმარი, იკარდი (62. კინი).

გაძევება: დი მარია (69. “პსჟ”)

ფოტო: 4 მაისი, მანჩესტერი, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალი, თოვლი, სეტყვა!

ხოსეპ გვარდიოლა:
“ეს გამარჯვება ყველა ჩვენთაგანისთვის და მთელი კლუბისთვისაა. წარმოუდგენლად ამაყი ვარ. ჩემი პირველი აზრები იმ ფეხბურთელებს ეხებოდა, რომლებიც დღეს მოედანზე არ გასულან. თითოეული იმსახურებდა თამაშს, თითოეულმა შეიტანა საკუთარი წვლილი და მოვიდა დრო წარმატებით ვისიამოვნოთ. ჩემპიონატი უნდა მოვიგოთ და ფინალისთვის მოსამზადებლად 2-3 კვირა გვექნება.

პსჟ-ს მოედნის ცენტრში ბევრი ფეხბურთელი ჰყავდა და პირველ ტაიმში პრესინგის გამო გაგვიჭირდა. შესვენების შემდეგ თამაში შევცვალეთ, ბურთს ხშირად ვიბრუნებდით და საერთო ჯამში, ბევრად უკეთ ვმოქმედებდით. 4:1 – ორი მატჩის შედეგი იმ გუნდის წინააღმდეგ, რომელმაც “ბარსელონა” და “ბაიერნი” გამოთიშა ტურნირს, ჩვენთვის ბევრს ნიშნავს.

ყოველ წელს იგებენ თავიანთ ლიგას, გამარჯვებისთვის არიან შექმნილები და ბოლომდე იბრძოდნენ. ძლიერი გუნდია, მაგრამ მთელი გუნდით ვიბრძოდით და ფინალში გავედით. ხალხი ფიქრობს, რომ ფინალში მოხვედრა ადვილია. იქ გასვლამ ბოლო 4-5 წლის განმავლობაში მთელ ჩვენს მუშაობას მნიშვნელობა შესძინა.

ეს ბიჭები ყოველდღე თავდაუზოგავად მუშაობდნენ და ეს საოცარია. შეიძლება პატარა რაღაცების გამო გავარდე. “მანჩესტერმა” ჩემპიონთა ლიგა იმიტომ მოიგო, რომ ჯონ ტერის ფეხი დაუცდა, აგრეთვე ბოლო წუთებზე დაამარცხა “ბაიერნი”. “რეალმა” ფინალში “ატლეტიკოს” 93-ე წუთზე გატანილი გოლის წყალობით აჯობა. ამ ტურნირზე გამარჯვება ძალიან რთულია და ცაზე ვარსკვლავებს შორის რაღაცას ნამდვილად აქვს ამასთან საერთო”.

მაურისიო პოჩეტინო:
“ისე ვითამაშეთ, როგორც ვგეგმავდით. მატჩი ძალიან კარგად დავიწყეთ, მომენტები შევქმენით და ვდომინირებდით, ეს კი რთულია ისეთი გუნდის წინააღმდეგ, როგორიც “‘სიტია”, ეს ყველას არ გამოსდის.

ზოგჯერ ფეხბურთში გარკვეულ ეპიზოდებში ცოტა იღბალია საჭირო. მეტოქემ შანსები ბრწყინვალედ გამოიყენა. გაიტანეს სიტუაციაში, როცა მაღალ პრესინგს მივმართავდით.

მინდა “მანჩესტერ სიტის” მივულოცო, რადგან ფანტასტიურ სეზონს ატარებს. ამავდროულად, ჩვენი ფეხბურთელებითა და გუნდით ვამაყობ.

მბაპეს არყოფნა გასამართლებელი საბაბი ვერ იქნება. ერთი გუნდი ვართ. ცხადია, სამწუხაროა, რომ ვერ დაგვეხმარა, მაგრამ ამით თავს ვერ ვიმართლებთ. ამ ფაქტორის საბაბად გამოყენება არ შეიძლება, რადგან პსჟ-მ კარგად ითამაშა”.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გერმანული ტრიუმფის შემდეგ, ბასილაშვილი მადრიდში დამარცხდა

მამარდაშვილი ვალენსიაში მიდის