in ,

უცნობი ქართველი ესპანეთში: ლუკა მანაგაძე ჟერარდ პიკეს კლუბში ვარჯიშობს

ლუკა მანაგაძე – 18 წლის თავდამსხმელი ლა ველას “ანდორაში” თამაშობს, რომელიც ახალი სეზონიდან ესპანეთის ლა ლიგა 2-ში (რანგით მეორე ლიგა) იასპარეზებს.

2018 წლის დეკემბერში “ანდორას” მფლობელი გახდა “ბარსელონას” ვარსკვლავი ჟერარდ პიკე, რომელმაც კლუბს 200 ათასი ევროს დავალიანება გადაუხადა. საფრანგეთსა და ესპანეთს შორის მდებარე ანდორის სამთავრო ევროპის ერთ-ერთი მინისახელმწიფოთაგანია. ქვეყნის ოფიციალური ენა კატალონიურია, მაგრამ დე ფაქტო ოფიციალური ენების ფუნქციებს ასრულებენ ესპანური და (ნაკლებად) ფრანგული.

“ლელო” ლუკა მანაგაძეს დაუკავშირდა, რომელმაც საკუთარ კარიერაზე, ლა ლიგა 2-ში გადასვლასა და პერსპექტივებზე ისაუბრა:

“6 წლიდან ბარსელონაში ვარ ოჯახთან ერთად. აქ ჩამოსვლისთანავე, ფეხბურთზე “მასეტის” აკადემიაში შევედი. ამპლუით ცენტრალური თავდამსხმელი ვარ… სხვათა შორის, გიორგი ხაბულიანიც ამ აკადემიაში ვარჯიშობდა, რომელიც ჩემი ასაკისაა. ოღონდ ერთ დროს არ ვყოფილვართ. “ბარსელონას” გაზრდილი ვარ, “ანდორაში” კი წინა სეზონში, სექტემბერში გადავედი და დუბლებში 14 გოლი გავიტანე.

საერთოდ, ახალგაზრდებს დიდებში გადასასვლელად სამი წლის განმავლობაში ამზადებენ, მაგრამ მე მთავარ გუნდში ამხანაგურები ვითამაშე ძირითად შემადგენლობაში “უესკასთან” და “ესპანიოლი B-სთან”, ხოლო “ბარსა B-სთან” და “ლეგანესთან” – შეცვლაზე ვიყავი. ეს სინჯები იყო, დროს გვაძლევდნენ და ამის შემდეგ მითხრეს, რომ მთავარ გუნდში დავრჩები და ვივარჯიშებ, მაგრამ ზოგჯერ დუბლებსაც დავეხმარები…

3 შეკრება გავიარეთ და საუკეთესო პირობები იყო, დილა-საღამოს ვვარჯიშობდით. ვგრძნობ, რომ “ანდორაში” გადასვლის შემდეგ ფიზიკურად საკმაოდ მოვუმატე, რადგან ტრენაჟორებში ხშირად ვარ, ვარჯიშებზე დატვირთვები გაიზარდა და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, მთლიანად სპორტული კვებაზე გადავედი, რაც ფეხბურთელისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სპორტულ კვებას თავიდანვე გაჩვევენ და რაც უფრო კარგ გუნდში ხარ, ამას უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ.

მინდა, რომ “ანდორაში” ადგილი დავიმკვიდრო. მაგრამ ამას დრო დასჭირდება. იყო “ესპანიოლის” სარეზერვო გუნდში გადასვლის ვარიანტი, მაგრამ “ანდორამ” იმხელა თანხა მოითხოვა, მოლაპარაკება ჩაიშალა და სხვა თავდამსხმელი აიყვანეს. ახლა კი მენეჯერმა მითხრა, რომ “ჟირონა” დაინტერესდა და არ ვიცი, რა იქნება…

ქუთაისელი ვარ, მაგრამ ბოლო წლებში საქართველოში ჩამოსვლას ვეღარ ვახერხებ. მიზეზი ფეხბურთია. საერთოდ, ესპანეთში ბევრი ქართველია. ჩემი ასაკის ბევრი თამაშობს – დაბალ ლიგებში, ახალი ჩამოსულებიც არიან…

მინდა, რომ პროფესიულ ფეხბურთს შევეჩვიო, გუნდში ადგილი დავიმკვიდრო და ლა ლიგაში გადავიდე. მაგრამ სადაც არ უნდა ვიყო, საქართველოს ნაკრებში თამაში ჩემი ყველაზე დიდი სურვილია. არ ვიცი, მიცნობენ თუ არა ჩემი ასაკის ნაკრების მწვრთნელები – “ანდორაში” ჯერ ოფიციალური მატჩი არ მითამაშია და სავარაუდოდ, არ მიცნობენ.

პერსპექტივა? სეგუნდა დივიზიონში (ლა ლიგა 2) “ანდორა” წელს გადავიდა. კლუბის მფლობელი ჟერარდ პიკეა – მისი მიზანი 2-3 წელიწადში ლა ლიგაში გადასვლაა და ეს ჩემთვის დიდი სტიმულია. ფინანსურად, ესპანურ გუნდებში პრობლემებია, მაგრამ “ანდორას” არ უჭირს, თანაც, პიკე ეხმარება. ამას წინა სეზონში გამარჯვებამაც შეუწყო ხელი, რადგან ლა ლიგა 2-ში გადავლის გამო “ანდორამ” 8 მილიონი ევრო უნდა მიიღოს, ახალი სტადიონი ააშენოს… მოკლედ, წინსვლა უნდათ და და შესაბამისი გეგმებიც აქვთ”, – ამბობს ლუკა მანაგაძე.

lelo.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ფერდინანდს სასამართლოში უხმეს

რას ველოდოთ ნაპოლისგან: რას წერენ და ელოდებიან ხვიჩას გუნდისგან