in ,

სუპერლიგა არ იქნება, არც ორწლიანი მუნდიალი, აბა რა იქნება – უეფას პრეზიდენტის რეალობა

უეფას ხელმძღვანელმა ალეკსანდერ ჩეფერინმა ცოტა ხნის წინ ვრცელი ინტერვიუ მისცა ფრანგულ მედიას JDD – მან უპასუხა მწვავე კითხვებს ფიფასთან ომის, არემდგარი ფინანსური ფეარ-პლეის და ახალი ტურნირების გაუთავებელი შექმნის შესახებ.

წარმოგიდგენთ მთავარ თეზისებს:

მსოფლიო ჩემპიონატი ყოველ ორ წელიწადში? ინფანტინოს ფანტაზიები

„დარწმუნებული ვარ, ეს არ მოხდება, რადგან იდეა სრული სისულელეა. პოპულისტური პროექტი, რომელიც გაანადგურებს ფეხბურთს, მათ შორის ქალთა ფეხბურთს. დარწმუნებული არ ვარ, რომ მათ ეს ესმით, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მათ ესმით გულშემატკივრების, ხელისუფლების, მთავრობების, ევროკავშირის რეაქცია. მათი იდეა აშკარად არის მეტი ფულის მიღება და უეფასა და კონმებოლის დასუსტება. მაგრამ ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ სამხრეთ ამერიკასთან, რომ არ ვითამაშებთ, ხოლო ჩვენს გარეშე, ეს არ არის მსოფლიო ჩემპიონატი”.

რატომ იწვევს უეფა სამხრეთ ამერიკელებს ერთა ლიგაზე? ეს ფიფას პასუხი?

„არა, ჩვენ ამაზე დიდი ხანია ვსაუბრობთ. ჩვენ ხელი მოვაწერეთ ურთიერთგაგების მემორანდუმს. რა როგორაა ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ სამომავლოდ ვერ ვხედავ მიზეზს, რომ სხვა არ მოვიწვიო”.

მაშინ რატომ შექმნა უეფამ კონფერენსლიგა? განა ზედმეტი არაა?

”ასე ამბობენ ჩემი ცოლი და ქალიშვილები, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ. კონფერენსლიგა არის დიდი შეჯიბრი, რადგან ის აერთიანებს მათ, ვინც ევროთასებზე ძალიან კარგ გუნდებთან გადიოდა. აი საილუსტრაციო მაგალითი: სლოვენიის ჩემპიონი “მურა”. მათი ბიუჯეტი ორი მილიონი ევროა, მაგრამ მათ კონფერენსლიგაზე მოხვედრით სამი მილიონი ევრო გამოიმუშავეს.

ჩემპიონთა ლიგის ოთხთა ფინალი რა საჭიროა?

“ჩვენ ჯერ არ გვისაუბრია კონკრეტულად პანდემიის გამო, მაგრამ კარგი იქნებოდა. მე დავაყენე ეს თემა რამდენიმე პრეზიდენტთან, მათ შორის ნასერ ალ-ხელაიფთან (პსჟ) და ისინი მხარს უჭერენ ამ იდეას.
ჩვენ რთული ამოცანა გვაქვს ამოსახსნელი, როგორმე ავანაზღაუროთ დანაკარგები, რადგან ნახევარფინალში საშინაო თამაშებიდან შემოსავალი არ იქნება.

2024 წელს ჩემპიონთა ლიგა ფორმატს შეიცვლის. რა საჭიროა იმის შეცვლა, რაც ისედაც მუშაობს?

საუბარია 36 გუნდისგან შემდგარ ტურნირზე ჯგუფებად დაყოფის გარეშე და ტოპ-კლუბებისთვის ველური ბარათით.

„ეს არის ECA-სთან (ევროპის კლუბების ასოციაცია) ხანგრძლივი დისკუსიების შედეგი. კლუბებს, რა თქმა უნდა, მეტი შემოსავალი სურთ. მაგრამ ე.წ. „შვეიცარიული სისტემა” უფრო კონკურენტუნარიანია და გულშემატკივრებისთვის საინტერესო.

ეს კომპრომისია სუპერლიგის გამო?

,,არა, 2019 წელს გაჩნდა თავიდან ეს იდეა, დახურული ფორმატი, მაგრამ არ დავთანხმდით. ვფიქრობ, სწორედ აქედან დაიწყეს სერიოზულად მუშაობა სუპერლიგაზე“.

სუპერლიგა – რეალობაა?

„არა. ყოველ შემთხვევაში, არა მომდევნო ათი წლის განმავლობაში. ეს არავის უნდა, გარდა იმ უმცირესობისა, ვინც ფიქრობს, რომ ფეხბურთი ფულია“.

დაგეგმილია ფუფუნების გადასახადი. ეს არის უპირატესობა შეუზღუდავი ბიუჯეტის მქონე კლუბებისთვის, როგორიცაა პსჟ და “მანჩესტერ სიტი”.

„მართალია, მაგრამ მეორე მხრივ, თუ ეს თანხა სხვა კლუბებს შორის გადანაწილდება, მათთვისაც მომგებიანი იქნება. თუ მათ ინვესტიციის გაკეთების უფლებას არ მივცემთ, სხვაგან წავლენ”.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კვარაცხელია საქართველოს ჩემპიონის წინააღმდეგ: ამხანაგურ მატჩში მეგობრობამ გაიმარჯვა

იტალიას ევრო 2032 სურს: ქვეყანა ახალ სტადიონებს ააშენებს და ძველებს გადააკეთებს