გუშინ ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩები გაიმართა და არაერთი სენსაციაც ვიხილეთ.
სომხურმა „პიუნიკმა“ ლუქსემბურგულ „დუდელანჟს“ უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა. კიბატონო, ლუქსემბურგელები ბოლო წლებში მოღონიერდნენ, მაგრამ ამაზე კარგი წილისწყრა წარმოუდგენელი იყო მაშინ, როდესაც ბობოლები ერთმანეთს ეკვეთნენ. მიუხედავად ამისა, მეზობლებმა ვერ მოახერხეს პირველ მატჩში წარმატების მიღწევა და მეორე ნახევარში ჰაჯის გატანილი გოლით დამარცხდნენ. საპასუხო მატჩი 1 კვირაში გაიმართება.
„ყარაბაღი“ 3:2 „ციურიხი“ – გასაოცარი ამბავია. აზერბაიჯანელებს ძალიან აკრგი გუნდი ჰყავთ, თუმცა ფურცელზე არცთუ გასაგიჟებელი. აზრი? მაინც ყველას უგებენ. ეს ნახევრად ხუმრობით, მაგრამ ფაქტია, რომ ეს გუნდი ყოველთვის ძალიან ძლიერია. მთავარი მწვრთნელი ყურბანოვი გუნდში 2008 წლიდან მუშაობს და არაერთი ძლიერი ლეგიონერიც ჰყავთ, თუმცა „ციურიხი“ ხომ შვეიცარიის ჩემპიონატიდანაა… სამწუხაროდ, გუგეშაშვილმა მატჩს სათადარიგო სკამიდან ადევნა თვალი.
„მალმიო“, რომელიც გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე იყო, გუშინ ლიეტუვაში შერცხვა. ჰო, შერცხვა იმ გაგებით, რომ უსახური მატჩი ჩაატარა, თორემ 0:1 დიდი არაფერი სხვაობაა. აბსოლუტურად ყველა კომპონენტში ლიეტუველები უკეთესები იყვნენ, მაგრამ ერთზე მეტის გატანა ვერ შეძლეს. არადა, „მალმიო“ წყვილის უპირობო ფავორიტია.
დღის მთავარი სენსაცია, ალბათ, „ბოდოს“ მარცხი იყო. ნორვეგიელებმა გასულ სეზონში, კონფერენს ლიგის ნახევარფინალში ითამაშეს, თან ჯგუფში „რომას“ 6:1 მოუგეს და თავი ყველას შემტევი ფეხბურთით დაამახსოვრეს, მაგრამ გუშინ მათი დღე არ იყო. ჩრდილო ირლანდიურმა „ლინფილდმა“ მეტოქე 1:0 დაამარცხა. ჰო, სათქმელია, რომ ნორვეგიელებს დიდი უპირატესობა ჰქონდათ, თუმცა გოლის გატანა ვერ მოახერხეს.
„დინამო“ ზაგრები 2:2 „შკუპი“. უმძიმესი მატჩი გამოუვიდა ზაგრების „დინამოს“ ჯერ მარცხდებოდა, შემდეგ 86-ე წუთზე დაწინაურდნენ და ბოლოს მაინც გაუშვეს. კი, უპირატესობა ხორვატთა მხარეს იყო, მაგრამ „შკუპის“ სასახელოდ უნდა ითქვას, რომ გუნდმა თავი დადო და მეტოქეს არაფერი დაუთმო.
ამ მატჩთა გარდა კიდევ ორი შეხვედრა გაიმართა: „ლუდოგორეცი“ 3:0 „შემროკი“ და „მიტდიულანდი“ 1:1 „აეკი“. ამ მატჩებზე არაფერს ვამბობთ, რადგან ალოგიკური არაფერი მომხდარა.
დასკვნა კი ასეთია. თუკი „ლინფილდი“ ; „შკუპი“ და „ჟალგირისი“ ახერხებენ გაცილებით სახელოვან მეტოქეთა დამარცხებას, ქართულ გუნდებს რატომ არ გამოსდით? უამრავ პრობლემაზე შეიძლება საუბარი, მაგრამ ერთი ფაქტია, რომ გიბრალტარულმა გუნდმაც კი ითამაშა კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე და ამის კონტრ არგუმენტს თუ მოძებნით, მოგისმენთ…
GIPHY App Key not set. Please check settings