in

საუკეთესო მამუკელაშვილი: სანდრომ 20 ქულა ჩააგდო

სანდრო მამუკელაშვილის საუკეთესო მატჩი სან ანტონიოში. 23 წლის ქართველმა ფორვარდმა გრეგ პოპოვიჩის გუნდში მორიგი მატჩი დაიწყო სასტარტო ხუთეულში და მოედანზე გატარებულ 25:20 წუთში 20 ქულა, 5 მოხსნა, 3 პასი და 3 ჩაჭრა მოაგროვა. ეს მოხდა ნიუ ორლეანში, პელიკანსის წინააღმდეგ გამართულ მატჩში, რომელიც სან ანტონიომ უშანსოდ – 84:119 წააგო. მამუკელაშვილისთვის სან ანტონიოში აქამდელი საუკეთესო შედეგი 12 ქულა იყო.

სანდროსთვის ეს არ გახლდათ ეგრეთწოდებული “თრეშ თაიმი”. ანუ დრო, როცა სათადარიგო კალათბურთელს მაშინ აძლევენ სათამაშო დროს, როცა მატჩის ბედი ერთი ან მეორე გუნდის სასარგებლოდ გადაწყვეტილია და ბრძოლას აღარ აქვს აზრი. ერთი, რომ 25 წუთზე მეტი უკვე სოლიდური დროა, თანაც სანდრო სასტარტო ხუთეულში იყო, სადაო გდებაზეც დადგა და პირველ პერიოდში მოედანზე გატარებულ 7 წუთში 9 ქულა, 3 მოხსნა და 1 პასი მიითვალა.

სან ანტონიოს თითქმის დაკარგული აქვს პლეი ოფში გასვლის შანსი, ხოლო ნიუ ორლეანი სწორედ იქ მოსახვედრად იბრძვის და გამარჯვებაც ჰაერივით სჭირდებოდა. სან ანტონიოს ლეგენდარული მწვრთნელი, გრეგ პოპოვიჩი კი გუნდს სამომავლოდ აშენებს და როგორც ჩანს, მისი პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ქართველი კალათბურთელია. მან ეს ღიადაც განაცხადა 1 კვირის წინ, დენვერთან სანდროს დიდებული თამაშის შემდეგ და ბოლო მატჩებში მისი სასტარტო ხუთეულში ჩასმით და სათამაშო დროის გაზრდით სანდროს მნიშვნელობას ხაზს უსმევს.

ქართველი ლეგიონერიც უმართლებს და მასზე გაცემული ავანსების უმეტესობას ამართლებს. ამის კარგი სადემონსტრაციო შემთხვევა ნიუ ორლეანში ჩატარებული მატჩი გახლდათ, რომელშიც მამუკელაშვილი საუკეთესო იყო სან ანტონიოს შემადგენლობაში. ქართველმა ფორვარდ-ცენტრმა მეორე პერიოდში 6:38 წუთი ითამაშა და 3 ქულას დასჯერდა, ხოლო მესამეში მოედანზე 7:27 წუთი დაყო და თავი 6 ქულას მოუყარა. დასკვნით პერიოდში მამუკელაშვილმა მხოლოდ 4:12 წუთი ითამაშა და 2 ქულა მიითვალა. ქართველმა ლეგიონერმა მოედანი თამაშის დასრულებამდე 7:48 წუთით ადრე დატოვა და თამაშში აღარ დაბრუნებულა. ანუ “თრეშ თაიმი” მის მაგივრად მოედანზე შესულ სანანტონიოელს, დევონტე გრეჰემს ერგო.

მთლიანობაში სანდრომ ორქულიანებიც 50-პროცენტიანი სიზუსტით ესროლა და სამიანებიც. მამუკელაშვილმა 8-დან 4 ორქულიანი და 6-დან 3 სამიანი ჩააგდო, ხოლო საჯარიმოს ხაზიდან სამივე ტყორცნა 100-პროცენტიანი სიზუსტით გამოიყენა. მოგროვებული 20 ქულით ის სან ანტონიოში საუკეთესო იყო. აღსანიშნავია, რომ ნიუ ორლეანის ძირითადმა ცენტრმა, იონას ვალანჩუნასმა 28 წუთი ითამაშა და 19 ქულა და 15 მოხსნა მიითვალა.სან ანტონიოში 15-15 ქულა დააგროვეს დევონტე გრეჰემმა და ტრე ჯონსმა. ტეხასური გუნდის სტატისტიკურ ლიდერ კელდონ ჯონსონს არ უთამაშია.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

შერმადინის 13 ქულა 14 წუთში და რთული მოგება ჩემპიონთა ლიგაზე

ეს შესარჩევი ბევრ რამეს დაგვანახებს: ნაკრები უკვე სრულად შეიკრიბა