9 წლის შემდეგ, ლონდონის “ჩელსი” ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა. “არისტოკრატებმა” ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ფინალში გასვლა მესამედ მოახერხეს. 2008 წელს მოსკოვის “ლუჟნიკზე” “მანჩესტერ იუნაიტედთან” პენალტების სერიაში ფატალური უიღბლობით წააგეს (ჯონ ტერის გადამწყვეტი დარტყმისას სველ გაზონზე ფეხი აუცურდა). 2012 წელს კი პირიქით მოხდა. ასევე პენალტების სერიაში, მიუნხენის “ბაიერნი” მიუნხენშივე დაამარცხეს.
საინტერესოა, რომ 2012 წელს, როდესაც ლონდონელებმა ჩემპიონთა ლიგა მოიგეს, “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი რობერტო დი მატეო იყო (ვილაშ-ბოაში შეცვალა), რომელმაც გუნდი შუა სეზონში საკმაოდ რთულ მდგომარეობაში ჩაიბარა. იგივე მოხდა წელსაც, ტომას ტუხელის შემთხვევაშიც (ფრენკ ლამპარდი ჩაანაცვლა) და ვნახოთ შეძლებს თუ არა გერმანელი ისტორიის გამეორებას. მეტიც, პირველ ფინალში “ჩელსი” ასევე სეზონის მსვლელობისას მისულმა მწვრთნელმა, აბრაამ გრანტმა გაიყვანა (მაშინ ჟოზე მოურინიო პირველად გაუშვეს). ეტყობა, ეს “ჩელსის” კარმაა.
ჩელსი vs რეალი: ფაქტები
“სტემფორდ ბრიჯზე” ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი ნახევარფინალური შეხვედრა გაიმართა, რომელშიც “ჩელსიმ” მადრიდის “რეალს” უმასპინძლა და ძალიან დამაჯერებლად 2:0 დაამარცხა. პირველი მატჩი მადრიდში 1:1 დამთავრდა, რაც “ჩელსის” გარკვეულ უპირატესობას აძლევდა, მაგრამ ტუხელის გუნდმა ანგარიშის შენარჩუნებაზე არ გააკეთა აქცენტი და მწვავედაც უტევდა.
ბურთს “რეალი” უფრო მეტად აკონტროლებდა და ეს გასაკვირი არცაა, მაგრამ ამის მიუხედავად, მათ მოედნის ცენტრში უპირატესობის მოპოვება ვერ მოახერხეს. ისევე როგორც მადრიდში, ძალიან კარგი თამაში ჩაატარა და ერთ-ერთი საუკეთესო იყო მოედანზე ფრანგი ნგოლო კანტე.
“რეალი” ცდილობდა, მაგრამ როცა “ჩელსი” ბურთს მოიპოვებდა და მეტოქის ნახევარზე გადასვლას შეძლებდა, ზიდანის გუნდს ამოსვლა უჭირდათ. შეხვედრაში პირველი გოლი 28-ე წუთზე გავიდა. ისევ ნგოლო კანტეს იდეალური პასი კაი ჰავერცის მიმართულებით. ჰავერცი ეფექტურად ცდილობდა კურტუასთვის ბურთის თავზე გადაგდებას, რაც გამოუვიდა, მაგრამ ბურთი ხარიხას მოხვდა. “ჩელსისთვის საბედნიეროდ ცარიელი კარის წინ მხოლოდ ტიმო ვერნერი აღმოჩნდა და მასაც დაუცველ კარში გატანა არ გასჭირვებია.
ამის შემდეგ, “რეალიც” გააქტიურდა და ორი რეალური საგოლე მომენტი ჰქონდა, ორივე ბენზემას, მაგრამ შეუდარებელი იყო “არისტოკრატთა” მეკარე ედუარდ მენდი, რომელმაც სასწაული ბურთები აუღო. განსაკუთრებით ბენზემას ახლო მანძილიდან თავური დარტყმა უნდა აღვნიშნოთ, რომლის დროსაც მენდიმ საოცარ ნახტომში ცხრიანიდან გამოიღო ბურთი.
მეორე ტაიმში “ჩელსი” უფრო მონდომებული და გოლზე დაგეშილი გავიდა მოედანზე, ვიდრე “რეალი”. ზიდანის გუნდი ცდას არ აკლებდა, წინ მიდიოდა, მაგრამ ვერაფერს ქმნიდა. სამაგიეროდ, “ჩელსის” კონტრშეტევები ძალიან სახიფათო იყო და ლონდონელ შემტევებს მეტი საშემსრულებლო ოსტატობა რომ გამოევლინათ, შეიძლებოდა ანგარიში გაცილებით დიდიც ყოფილიყო.
ბევრი გაფუჭებული მომენტის მიუხედავად, “ჩელსიმ” მაინც გაიტანა. საგოლე შეტევა, ვინ თუ არა ნგოლო კანტემ წამოიწყო. შემდეგ პულიჩიშმა მეისონ მაუნტს უპასა და მაუნტმაც ვარდნაში აიღო “ბლანკოსის” კარი.
დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა. საბოლოოდ, 2:0 და ლონდონის “ჩელსი” ჩემპიონთა ლიგის ფინალშია. ფინალი 29 მაისს სტამბოლის ოლიმპიურ სტადიონზე ჩატარდება და “ჩელსი” “მანჩესტერ სიტის” შეხვდება.
ჩელსი – რეალი 2:0
5 მაისი. სტემფორდ ბრიჯი. ლონდონი
“ჩელსი”: მენდი, კრისტენსენი, ტიაგო სილვა, რიუდიგერი, ასპილიკუეტა (88. ჯეიმსი), კანტე, ჟორჟინიო, ჩილუელი, ჰავერცი (90+4. ჟირუ), ვერნერი (67. პულიშიჩი), მაუნტი (89. ზიეჩი)
“რეალი”: კურტუა, ნაჩო, მილიტაო, სერხიო რამოსი, მენდი (63. ვალვერდე) კროოსი, კაზემირო (76. როდრიგო), მოდრიჩი ვინისიუსი (63. მარკო ასენსიო), ბენზემა, აზარი (89. მარიანო).
წმონდა ინგლისური ფინალი ჩემპიონთა ლიგაზე ისტორიაში მესამედ შედგება. პირველად, ეს 2008 წელს მოხდა, როდესაც “მანჩესტერი” და “ჩელსი” დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, შემდეგ 2019 წელს – “ლივერპული”-“ტოტენჰემი”.
ზინედინ ზიდანი:
“რა შეიძლება ვთქვა? „ჩელსიმ“ გამარჯვება დაიმსახურა. ბევრი ვიბრძოლეთ, მაგრამ მეტოქე ფინალში დამსახურებულად გავიდა. ფეხბურთელები, რომლებიც დღეს გავიყვანე მოედანზე, მატჩისთვის ფიზიკურად მზად იყვნენ.
ჩემი შეგირდებით ვამაყობ. შორს გავედით, მაგრამ ფინალამდე ერთი ნაბიჯი დაგვაკლდა. „ჩელსიმ“ საუცხოო მატჩი ჩაატარა და მათ პატივი უნდა ვცეთ.
აშკარა საგოლე მომენტი არ გვქონია, „ჩელსიმ“ კი რამდენიმე შექმნა – ასეთია ფეხბურთი. თუმცა, როგორც უკვე ვთქვი, ჩემი ბიჭებით ვააყობ. ახლა დავისვენებთ და ლა ლიგაზე ვიფიქრებთ.
ბუნებრივია, კმაყოფილები ვერ ვიქნებით და ეს გასაგებია. რთული მისაღები მარცხია, მაგრამ ხვალ სავარჯიშო მოედანს სრულ მზადყოფნაში დავუბრუნდებით.“
ტომას ტუხელი:
„პირველ ტაიმში გაგვიჭირდა, „რეალი“ ბურთს ფლობდა და უსიამოვნებები მოჰქონდა ჩვენთვის. მეტოქეს სახიფათო კონტრშეტევებს ვთავაზობდით, თუმცა დაცვაზეც ბევრს ვფიქრობდით. მეორე ნახევარში კი საუცხოოდ ვითამაშეთ და უფრო ადრეც შეგვეძლო გოლის გატანა.
ფინალში გასვლა უდიდესი მიღწევაა, ვულოცავ გუნდს. თუმცა, გადამწყვეტ მატჩზე ფიქრი ჯერ ნაადრევია, ყოველთვის შეიძლება ვინმე დაშავდეს ან კიდევ რაღაც გაუთვალისწინებელი მოხდეს. იმედია, ფინალურ მატჩზე სრული შემადგენლობით და კარგ ფორმაში გავემგზავრებით.
საქმე ჯერ შესრულებული არ არის. გვინდა ეს გზა ბოლომდე გავიაროთ, ანუ სტამბოლში გამარჯვების სურვილით უნდა ჩავიდეთ.
მიხარია, რომ ამას მივაღწიეთ, მოხარული და ბედნიერი ვარ, რომ ამის შესაძლებლობა მომეცა.“
GIPHY App Key not set. Please check settings