პეკინის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებამდე 107 დღით ადრე XXIV ოლიმპიური თამაშების დედაქალაქში მისი მთავარი სიმბოლო, ოლიმპიური ცეცხლი ჩაიტანეს.
2022 წლის თამაშების მასპინძლებისთვის ოლიმპიური ცეცხლის გადაცემის ცერემონია ათენში, თანამედროვეობის პირველი ოლიმპიური თამაშების დედაქალაქში, „პანათინაიკოსის“ სტადიონზე შედგა. კორონავირუსის პანდემიის გათვალისწინებით, ცერემონია მაყურებლის გარეშე ჩატარდა. ცერემონიაზე მხოლოდ ჩინეთის დელეგაცია და ოფიციალური პირები დაუშვეს.
საბერძნეთის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა სპიროს კაპრალოსმა ლამპარში მოთავსებული ოლიმპიური ცეცხლი პეკინი-2022-ის საორგანიზაციო კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტს იუი ცზაიცინს გადასცა, რომელიც შემდეგ ათენის საერთაშორისო აეროპორტში გადაიტანეს და ჩარტერული რეისით პეკინში გაამგზავრეს.
ოლიმპიური ცეცხლი 18 ოქტომბერს ანტიკურ ოლიმპიაში დაანთეს, საიდანაც ის ათენში ჩაიტანეს და პეკინში გამგზავრებამდე აკროპოლში საგანგებოდ დამზადებულ ლამპარში დააბინავეს.
XXIV ზამთრის ოლიმპიური თამაშები სტარტს აიღებს 2022 წლის 4 თებერვალს და 20 თებერვლამდე გასტანს.
პეკინი 2022 წლის თამაშების მასპინძლად 2015 წლის 31 ივლისს, კუალა ლუმპურში, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) სესიაზე აირჩიეს.
აღსანიშნავია, რომ პეკინი გახდება პირველი ქალაქი, რომელიც ზაფხულის თამაშების შემდეგ, ზამთრის თამაშებსაც უმასპინძლებს.
GIPHY App Key not set. Please check settings