in

ნაპოლის ჩემპიონობა გადაიდო, ხვიჩას გადამწყვეტის გატანა შეეძლო

„ნაპოლიმ“ სერია ა-ს 32-ე ტურში შინ „სალერნიტანა“ ვერ დაამარცხა, ფრედ 1:1 ითამაშა და ოფიციალური ჩემპიონობა მინიმუმ ერთი ტურით გადადო.

ცნობილი ამბავია, რომ ნეაპოლელებმა ამ შეხვედრის შაბათიდან კვირას გადმოტანა ითხოვეს, რათა კონკურენტ „ლაციოს“ შემდეგ ეთამაშათ. თუ რომაული კლუბი წააგებდა, „ნაპოლი“ გამარჯვების შემთხვევაში ოფიციალურად გახდებოდა ჩემპიონი. ყველაფერი კარგად აეწყო – თამაში გადმოიტანეს, „ლაციომ“ წააგო („ინტერთან“ 1:3, თანაც მატჩის მიწურულს), „ნაპოლიმ“ ბოლოს და ბოლოს გატეხა მეტოქე და გოლი გაიტანა და ზეიმისთვის მზადება დაიწყო, როდესაც „სალერნიტანამ“ გაათანაბრა და ნეაპოლს ცივი შხაპი გადაავლო.

ხვიჩა კვარაცხელია ამ საზეიმოდ განწყობილ ატმოსფეროში ძირითადში იყო და ჩვეულად აქტიურობდა. ბურთს ითხოვდა, ბევრს მოძრაობდა, ფინტებს და დრიბლინგებს ცდილობდა. განსაკუთრებული ხიფათი კი ვერც ჩვენიანმა და მთლიანად ვერც გუნდმა ვერ შექმნა. ეტყობა ნერვიულობამ თავისი ქნა, თანაც ბოლო თამაშებია „ნაპოლი“ ძველებურად დამაჯერებელიც ვერ არის. მოკლედ, გოლი არ ჩანდა. თუმცა 62-ე წუთზე, კუთხურიდან მოწოდებულზე ყველას ოლივეირამ აჯობა და თავით გადაგზავნა ბურთი კარში. სარბენ ბილიკებზე, ტრიბუნებთან დიდხანს აღნიშნავდა „ნაპოლი“ წარმატებას. მერე მეტი სიმშვიდით განაგრძო თამაში და ყველა ზეიმის მოლოდინში იყო, როდესაც სტუმრებმა ლამაზი გოლით გაათანაბრეს ანგარიში (დია – 84-ე წთ).

„ნაპოლი“ გასატანად წავიდა. აქ კი ისევ უნდა ვახსენოთ კვარა. ჩვენიანს გაყაიმებამდე კარგი მომენტი ჰქონდა. მცველს გასცდა, საჯარიმოში შევარდა, მაგრამ მარცხენა ფეხით შორეულ კუთხეში დარტყმული ბურთი აცდა კარს.
ანგარიშის გაყაიმების შემდეგ კი ასევე მარცხენა ფრთიდან შეჭრილი ხვიჩა უკვე მარჯვენა ფეხით მიუდგა ბურთს, მაგრამ მისი მოჭრილი დარტყმა მთელი მატჩი მშვენივრად მოთამაშე ოჩოამ მოიგერია.

მოკლედ, „ნაპოლის“ არ გამოუვიდა მოგება. ახლა გუნდს 32 ტურის შემდეგ 79 ქულა აქვს და 18 ქულით უსწრებს „ლაციოს“. ჩემპიონობა გარდაუვალია, უბრალოდ თეორიული შანსი არსებობს, რომ რომაელებმა ყველა მოიგონ, ნეაპოლელებმა ყველა წააგონ და ქულებით გათანაბრდნენ, ხოლო ბურთებით „ლაციომ“ აჯობოს. ეს ზღაპარშიც არ მოხდება, მაგრამ წესი წესია – „ნაპოლი“ ოფიციალურ ჩემპიონობას უნდა დაელოდოს.

მომდევნო მატჩი „ნაპოლის“ სტუმრად აქვს 4 მაისს „უდინეზესთან“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

საქართველოს მეტოქეები მსოფლიო ჩემპიონატზე ცნობილია: ამ ჯგუფიდან გასვლა შეიძლება

ვალენსიამ ისევ წააგო, მამარდამ გუნდი ვერ გადაარჩინა