„ნაპოლის“ კრიზისი გრძელდება და არც რუდი გარსიას წასვლამ და ვალტერ მაძარის მოსვლამ უშველა საქმეს. კლუბის პრეზიდენტი აურელიო დი ლაურენტისი საგონებელშია. მეტიც, ცაიტნონტშიც კი და, როგორც ჩანს, გარკვეულ მიუღებელ პირობებზეც უწევს დათანხმება. ეს პირობა კი ანტონიო კონტეა, რომელსაც თავისი პირობები აქვს და გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდნილ პრეზიდენტს მაზოლზე აჭერს ფეხს. არადამყოლი დი ლაურენტისი კი თანახმაა. ყოველ შემთხვევაში ასე წერს იტალიური პრესა.
ნეაპოლური გამოცემა Il Mattino იტყობინება თუ რა მოთხოვნები წაუყენა კონტემ დი ლაურენტისს. მწვრთნელი და პრეზიდენტი ერთმანეთს შეხვდნენ. იტალიის ნაკრების ყოფილმა დამრიგებელმა ჯერ პირადი მოთხოვნები გააჟღერა, სასურველ ფეხბურთელებს კი მერე მოითხოვს.
კონტეს პირობები: 3.5-წლიანი კონტრაქტი და წელიწადში 8 მილიონი ევრო, სრული კარტ-ბლანში სატრანსფერო ბაზარზე, ჯანლუკა პეტრაჩი სპორტულ დირექტორად და გაბრიელე ორიალი პირველ ასისტენტად.
ამას ემატება ისიც, რომ კონტეს სურს ყოველგვარი ჯარიმის გარეშე მაშინ წავიდეს კლუბიდან, როცა მოისურვებს.
მართალია დაიწერა, რომ დი ლაურენტისი თანახმაა, მაგრამ მისი ხასიათიდან და შეხედულებებიდან გამომდინარე, საპირისპირო მოსაზრებაც გაჩნდა, რომ რთული წარმოსადგენია ის დათანხმდეს მსგავს პირობებს – ერთი, რომ ამხელა ხელფასს არ გადაიხდის და მეორე, მართვის სადავეებს ხელიდან არ გაუშვებს.
ვნახოთ. ვნახოთ ისიც, კიდევ ერთი მწვრთნელის შეცვლა როგორ იმოქმედებს ხვიჩაზე.
GIPHY App Key not set. Please check settings