საქართველოს ნაკრებში ვილი სანიოლის თანაშემწემ, ადელ ჩადლიმ გამოცემა Republicain-თან ინტერვიუში 26 მარტის საღამო გაიხსენა, როდესაც „ჯვაროსნებმა“ ევრო 2024-ის პლეი ოფის ფინალში საბერძნეთის ნაკრები (პენალტების სერიაში 4:2) დაამარცხეს და ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვეს.
„საქართველოს ნაკრებმა თავის ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება პირველად მოიპოვა. ეს გუნდმა ფრანგი მწვრთნელის, ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით შეძლო, რომლის თანაშემწე ადელ ჩადლია. ის სამშაბათს ნანახით ჯერ კიდევ აღტაცებულია და იხსენებს თბილისში განსაკუთრებული ზეიმის სცენებს და მის თავს გადამხდარი ამბავი დღემდე სიამოვნებას ანიჭებს.
საუბრისას ადელ ჩადლის ემოციები სძლევს. სამშაბათს საღამოს „სოშოს“ ყოფილი ნახევარმცველი (1997-2004) საქართველოს დედაქალაქ თბილისში ისეთი სიხარულის სცენას შეესწრო, რომელიც მალე არ დაავიწყდება“, – წერს გამოცემა ტუნისის ნაკრებისა და „სოშოს“ ყოფილ ფეხბურთელზე და მის კომენტარს აქვეყნებს.
„ეს იყო განსაკუთრებული ამბავი. ამ მდგომარეობიდან დღემდე ვერ გამოვსულვარ. უნდა გენახათ ეს ხალხი, უნდა გენახათ, რა ხდებოდა ქალაქში. ცხოვრებაში მსგავსს არაფერს შევსწრებივარ. დილის 3 საათზეც კი ავტობუსიდან ვერ გადმოვედით, ქუჩებში რამდენიმე ასეული ათასი ადამიანი იყო გამოსული.
რაც შეეხება ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების გასვლას – ეს ამ ქვეყნისთვის განსაკუთრებული მოვლენაა. ახლა ყველა ქართველს გერმანიაში წასვლა და თამაშებზე დასწრება სურს. იქ აუტსაიდერებად მიგვიჩნევენ, მაგრამ თავს არ შევირცხვენთ“, – ამბობს ვილის სანიოლის თანაშემწე.
საფრანგეთში დაბადებულმა აბელ ჩადლმა ისტორიული სამშობლოს, ტუნისის ნაკრებში თამაში 1996 წელს გადაწყვიტა, მაგრამ მოქალაქეობის შეცვლის უფლება 2000-იან წლების შემდეგ მიეცა. 2003 წლიდან იყო ტუნისის ნაკრების მოთამაშე. 2004 წელს მოიგო აფრიკის ერთა თასი, 2006 წელს კი გუნდთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატზე იმყოფებოდა.
1tv.ge
GIPHY App Key not set. Please check settings