in

მოვიგეთ: ბრძოლაში, ომში… ორი ოვერტაიმი და სასიცოცხლო გამარჯვება თურქეთთან

საშინაო ევრობასკეტის მესამე ტურის შეხვედრაში საქართველო თურქეთის ნაკრებს დაუპირისპირდა. თურქებთან აქამდე სამჯერ ვიყავით შენახვედრი და სამივე მატჩი მეტოქის გამარჯვებით დასრულდა. დღეს აუცილებლად უნდა მოგვეგო, რადგან წაგების შემთხვევაში პლეი-ოფის შანსი მინიმუმამდე დავიდოდა. შეიძლება ითქვას, ეს იყო საკალათბურთო დიდგორი, რომელიც აუცილებლად მოსაგები იყო და უაღრესად დრამატულ, ემოციურ შეხვედრაში, საოცარი ნერვების ომი მეორე ოვერტაიმში მოვიგეთ – 88:83.

თითოეულ ქართველ კალათბურთელში სწორედ ის ბრძოლა იგრძნობოდა, რომელზეც ილიას ზუროსი გუშინდელი მატჩის შემდეგ საუბრობდა. თურქეთის წინააღმდეგ მატჩში ტრავმის გამო ვერ ითამაშა გოგა ბითაძემ.

დასაწყისი კარგი იყო. პირველი 2 ქულა ეფექტური შესვლით დუდა სანაძემ მოიპოვა. ამის მერე, შერმადინმა დაცვაში ეფექტური დაფარება მიითვალა და შემდეგ თავადვე მოათავსა ბურთი კალათში. საქართველოს ნაკრები 10:6 იგებდა, როდესაც თურქებმა წუთშესვენება აიღეს და ამის შემდეგ, მეტოქე კარგად ათამაშდა. შეინ ლარკინმა და ჯედი ოსმანმა სამიანები ჩაგვიყარეს. პერიოდის ბოლოსკენ, მამუკელაშვილმა ჩააგდო პერიმეტრიდან და პერიოდი 6 ქულით წავაგეთ – 19:25. პირველ ათწუთეულში ჩვენგან ყველაზე შედეგიანი 6 ქულით სანაძე იყო. თურქეთში კი ყველაზე მეტი ქულა შანლის ჰქონდა (10).

შანლის ორქულიანით დაიწყო მეორე პერიოდიც. თურქებმა დაცვაში აგრესიას მოუმატეს და ჩვენც შეტევაში პრობლემები შეგვექმნა. ისევ, ისევ და ისევ… სკამიდან საქართველოს ნაკრები ვერ ძლიერდება. მეორე პერიოდში ნახევარი ისე გავიდა, ილიას ზუროსის გუნდს ქულა არ ჰქონდა ჩაგდებული. საბედნიეროდ, დიდად თურქებსაც არ წაუვიდათ თამაში და მხოლოდ 4 ქულა ჩააგდეს. თურქებს შეტევაში ბევრი არაფერი გამოსდიოდათ, საქართველოს კი ის მებრძოლი სულისკვეთება ეტყობოდათ, რაზეც ზუროსმა წინა დღეს დაიწუნა.
მეორე პერიოდი საქართველოს ნაკრებს ნამდვილად გამოუვიდა და 14:0 საოცარი გაქცევაც ჰქონდათ, მაგრამ საკუთარ ფარზე ბევრი ბურთი მოგვიხსნეს თურქებმა. საბოლოოდ, ტაიმი 3-ქულიანი უპირატესობით მოვიგეთ – 36:33. მეორე პერიოდი 17:8 მოვიგეთ.

პირველ ტაიმში ძალიან კარგი შედეგი ჰქონდა რატინ ანდრონიკაშვილს – 10 ქულა, 1 ასისტი. ასევე, ძალიან კარგი იყო დუდა სანაძე (9 ქულა), ხოლო გიორგი შერმადინს 7 ქულა ჰქონდა.

მესამე პერიოდში პირველი ქულები საქართველომ ჩააგდო. ის სანდრო მამუკელაშვილის ანგარიშზეა. ამას შენი ლარკინის სამქულიანი მოყვა, მაგრამ მაშინვე მაკფადენმა შეგვახსენა, რომ სამიანების სროლა არ დავიწყებია. მალე მორიგი სამქულიანი მიაყოლა, რასაც გიორგი შერმადინის 2 ქულაც მოყვა. კიდევ ერთი მოგერიებული და შეტევა ისევ თედიუსსსს მაკფადეეეენ!

მესამე პერიოდში კიდევ უფრო აგრესიული გახდა ჩვენი გუნდის დაცვა და ძალიან მნიშვნელოვან დროს მაკფადენმაც შეგვახსენა თავი. პერიოდის დასრულებამდე წუთით ადრე მაგარი შეტევა გვქონდა. რამდენიმე უიღბლობის შემდეგ, მეტოქის ფარზე ბურთებს ვხსნიდით და ბოლოს ისევ რატი ანდრონიკაშვილმა ჩააგდო ეფექტური შესვლით ორი ქულა. მესამე პერიოდის შემდეგ – 53:49.

მეოთხე პერიოდიც გიორგი შერმადინის 2 ქულით დაიწყო. დღეს, შერმადინმაც ილიდერა და დაამტკიცა თავისი მაღალი კლასი. პერიოდის დასაწყისში თურქებს მცირე 6:0 გაქცევა ჰქონდათ, მაგრამ ამ დროსაც ანდრონიკაშვილმა შეძლო თამაშის საკუთარ თავზე აღება. ჯერ ორქულიანი ჩააგდო, შემდეგ შერმადინს ჩააგდებინა. თურქებმა ანგარიში გაგვითანაბრეს და ამ დროს დუდა სანაძემ სამქულიანით ისევ წინ გაგვიყვანა. მოკლედ, ეს იყო ის უცნაური შემთხვევა, როდესაც სამქულიანები ჩვენ უფრო წაგვივიდა, ვიდრე მეტოქეს.

თურქებმა ჩვენი ნაკრების პროვოკაციაზე წამოგება სცადეს და ფურქმან კორკმაზსა და დუდა სანაძეს შორის დაპირისპირებაც მოხდა, რომლის შემდეგაც გულშემატკივრებმა თურქი კალათბურთელების მისამართით სხვადასხვა ნივთების სროლა დაიწყეს. საოლოოდ ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა, სიტუაცია მალე განიმუხტა. მსაჯებმა ორივე კალათბურთელს დისკვალიფიკაცია მისცეს.

დაპირისპირების შემდეგ, თურქები უფრო კარგად ჩაერთვნენ თამაშში და 6:0 გაქცევა გაგვიკეთეს. პერიოდის მიწურულს მეხუთე პერსონალური შენიშვნა მიიღო და მოედნის ნაადრევად დატოვება მოუწია შერმადინს. მის არყოფნაში საქართველოს ნაკრებს მამუკელაშვილმა ულიდერა. შეხვედრის დასრულებამდე 34.6 წამით ადრე, ანგარიში 66:66 იყო, როდესაც თითქოს კარგად დავიცავით თავი, მაგრამ თურქებმა ბოლო წამზე ჩაგვიგდეს 2 ქულა.

ილიას ზუროსმა უმალვე წუთშესვენება აიღო და საქართველოს ნაკრებს შეტევისთვის 11.6 წამი ჰქონდა. თითქოს უიმედო შეტევა სანდრო მამუკელაშვილმა ეფექტურად დააგვირგვინა.
საბოლოოდ, მატჩის ძირითადი დრო 68:68 დასრულდა და მატჩი ოვერტაიმში გადავიდა.

ოვერტაიმი ჩადლის ზუსტი სამქულიანით დაიწყო, საქართველოს ნაკრებს პირველი შეტევა გაუფუჭდა. ბექაურმა 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. თურქების მხრიდან 2 ქულა ოსმანმა ჩააგდო. ამას მსაჯების ძალიან საკამათო გადაწყვეტილება მოყვა, რის გამოც ილიას ზუროსს ტექნიკური მისცეს. თურქები 5 ქულით გავიდნენ წინ. მაკფადენმა სამქულიანით უპასუხა და საქართველო თამაშში დააბრუნა. თურქების შეტევა ისევ მოვიგერიეთ და მაკფადენის მორიგი სამიანი. ოვერტაიმის ბოლო წამზე მაკფადენს საერთოდაც შეეძლო მატჩის გმირი გამხდარიყო, მაგრამ “ბაზერბითერი” აღარ გამოუვიდა.

მეორე ოვერტაიმი სანდრო მამუკელაშვილის ეფექტური ჩატენვით დაიწყო, რასაც თურქებმა ეფექტური ჩატენვითვე უპასუხეს. მალე, სანდრომ ისევ ჩააგდო, რასაც ბექა ბექაურის მაგარი ჩატენვა მოყვა. მატჩის ბოლო უკვე ჩვენი იყო. თურქებმა არასპორტული ჯარიმა აიკიდეს, გაცხარებული მწვრთნელი ათამანი საერთოდ წავიდა დარბაზიდან და გაგიჟებული ქომაგის თანხლებით პირველი გამარჯვება ვიზეიმეთ.

საქართველოს ნაკრებში ძალიან მაგარი თამაში ჰქონდა რატი ანდრონიკაშვილს, რომელმაც 14 ქულა, 2 მოხსნა და 2 ასისტი მიითვალა. 20 ქულა, 12 მოხსნა, 5 ასისტი ჰქონდა სანდრო მამუკელაშვილს. 14 ქულა, 5 ასისტი და 4 მოხსნა ჰქონდა ტედიუს მაკფადენს.

საბოლოოდ, 88:83 და საქართველოს ნაკრებმა ძალიან მაგარი მატჩი მოიგო საშინაო ევრობასკეტზე.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

სენსაცია თბილისში: ბელგიამ ესპანეთს მოუგო – საქართველოს საქმე გართულდა

სწორედ ეს გვჭირდება: კალათბურთელები გულშემატკივრების მადლობელი არიან – სრული კონცენტრაციით დარჩენილი მატჩებისთვის